Baby Bag

პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადებში ცვლილება შევიდა

პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადებში ცვლილება შევიდა

პირველკლასელთა და მათი მშობლების ინტერესების გათვალისწინებით, 2021-2022 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციის I და II ეტაპის ვადებში ცვლილება შევიდა.

პირველკლასელთა რეგისტრაციის I ეტაპი, რომელიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს ეხებოდა, 15 მარტიდან 26 მარტის ჩათვლით უკვე წარმატებით განხორციელდა. თუმცა ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების გამო შეფერხდა პირველ ეტაპზე რეგისტრირებული ბავშვების მულტიდისციპლინური გუნდის მიერ შეფასების პროცესი. შესაბამისად, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ინტერესების გათვალისწინებით, რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაციის წარდგენის საბოლოო ვადა 5 ივნისამდე გახანგრძლივდა.

საქართველოს მთავრობის მიერ 4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადების გამო ცვლილება შეეხო პირველკლასელთა რეგისტრაციის II ეტაპსაც, რომელიც 2021 წლის 20 აპრილიდან 29 აპრილის ჩათვლით განხორციელდება.

II ეტაპზე სკოლაში დარეგისტრირდებიან ბავშვები:

  • რომელთა და-ძმა სწავლობს სასურველ სკოლაში;
  • რომელთა მშობელი არის კონკრეტული სკოლის თანამშრომელი;
  • რომელთა ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.

ამ ეტაპზე რეგისტრაცია ხორციელდება საჯარო სკოლებში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე. რეგისტრაციას უზრუნველყოფს საჯარო სკოლა.

მოსწავლის პირველ კლასში ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტებია:

  • მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას;
  • კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
  • მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).


​დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე.

სამინისტრო მშობლებს მოუწოდებს, ყურადღებით გაეცნონ რეგისტრაციის ვადებს და პირობებს, დროულად მიმართონ სკოლის ადმინისტრაციას და წარადგინონ საჭირო დოკუმენტაცია, რათა ბავშვის სკოლაში შეყვანა შეუფერხებლად შეძლონ.

შეიძლება დაინტერესდეთ

დღეიდან ერთი კვირის განმავლობაში 1419 სკოლა სრულად დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა

დღეიდან ერთი კვირის განმავლობაში 1419 სკოლა სრულად დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, დღეიდან იმ სკოლებში, სადაც საარჩევნო უბნებია განთავსებული, ერთი კვირის განმავლობაში სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება.

მისივე თქმით, არჩევნების დასრულების შემდეგ ამ სკოლებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება და სწავლა ჩვეულ ფორმტაში გაგრძელდება.

„დღეიდან სკოლები, სადაც საარჩევნო უბნებია განთავსებული, გადავიდნენ დისტანციურ სწავლებაზე, ეს იქნება ერთი კვირის განმავლობაში. აჭარის გარდა ასეთია 1419 სკოლა, სადაც საარჩევნო უბანია განთავსებული და ისინი დღეიდან უკვე არიან დისტანციურ სწავლებაზე, რადგანაც დღეს, ხვალ და ზეგ ჩატარდება მოსამზადებელი სამუშაოები, ხოლო მომავალი კვირის ორშაბათსა და სამშაბათს, უკვე არჩევნების შემდეგ, ამ სკოლებში ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაოები და შესაბამისად, შემდეგი კვირის ოთხშაბათს სწავლა განახლდება ამ სკოლებში ჩვეულ ფორმატში,“ - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

წაიკითხეთ სრულად