Baby Bag

„არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვკვებოთ ბავშვი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში,“- ნეონატოლოგი ნანა ზერაგია

„არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვკვებოთ ბავშვი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში,“- ნეონატოლოგი ნანა ზერაგია

პედიატრმა, ნეონატოლოგმა ნანა ზერაგიამ ჩვილებში რძის გადაცდენის პრობლემასა და მის გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა:

„გადაცდენა ძირითადად გვხვდება ჩვილებში სამშობიაროდან გაწერის შემდეგ, როდესაც ლაქტაცია იმატებს და ბავშვი იწყებს აქტიურად წოვას. ამ დროს რძე მოდის ნაკადით, ბავშვი ვერ ასწრებს რძის გადაყლაპვას და ხდება გადაცდენა. ყლაპვა არის რთული მოტორული აქტი, რომელშიც მონაწილეობს მიმიკური კუნთები, ენა, ხახის კუნთები, საყლაპავის კუნთები. როდესაც ყლაპვა და წოვა არ არის კოორდინირებული, როდესაც ნერვული სისტემა არის უმწიფარი, ამ შემთხვევაშიც შეიძლება გადაცდენას ჰქონდეს ადგილი.“

ნანა ზერაგიას თქმით, ბავშვი არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვკვებოთ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში:

„არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვკვებოთ ბავშვი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. როდესაც ნაკადურად, დიდი რაოდენობით მოდის რძე, საწველი აპარატები არსებობს და აუცილებლად უნდა გამოიწველოს დედამ, რომ ბავშვმა გადაყლაპვა მოასწროს. თუ მაინც გადაცდა ბავშვს, იმ შემთხვევაში, თუ გაწითლდა, გალურჯა, ე.ი. რძე ჩავიდა სასუნთქ გზებში. ამ დროს ბავშვი კი არ უნდა დავაწვინოთ ან წამოვაყენოთ, არამედ თავით ქვემოთ 30 გრადუსიანი კუთხით დავიჭიროთ, ზურგზე რამდენიმეჯერ ბეჭებს შორის დავარტყათ ბავშვს, რომ სასუნთქი გზებიდან გადმოვიდეს გადაცდენილი რძე. ასეთ დროს ის აუცილებლად გადმოვა პირიდან.“

„თუ გადაცდენის შემთხვევები მაინც იმატებს და ხშირია გადაცდენა, ამ შემთხვევაში ნევროლოგს უნდა მიმართოს მშობელმა. ბევრჯერ მინახავს, რომ ბავშვს რძე გადასცდა და დედა წარბებს შორის უსვამს ხელს, რაც არის არასწორი. არაფერი მიზანი ამას არ აქვს, პირიქით, ბავშვს თავი ქვემოთ უნდა ჰქონდეს, რომ გადაცდენილი რძე გადმოვიდეს,“ - აღნიშნულ საკითხზე ნანა ზერაგიამ რადიო „ფორტუნას“ ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ რადიო „ფორტუნა“

შეიძლება დაინტერესდეთ

„მშობლებს ვურჩევ, რომ ხშირად არ იხმარონ ცხვირის გამხსნელი საშუალებები, რამეთუ ცხვირის გაჭედვა ორგანიზმის დამცველობითი რეაქციაა,“ - პედიატრი თემურ მიქელაძე

„მშობლებს ვურჩევ, რომ ხშირად არ იხმარონ ცხვირის გამხსნელი საშუალებები, რამეთუ ცხვირის გაჭედვა ორგანიზმის დამცველობითი რეაქციაა,“ - პედიატრი თემურ მიქელაძე

პედიატრმა თემურ მიქელაძემ ბავშვებში ცხვირის გაჭედვითა და ცხვირიდან გამონადენით მიმდინარე ვირუსული ინფექციების შესახებ ისაუბრა და მშობლებს საინტერესო რჩევები მისცა:

„ბავშვებში ცხვირიდან როგორც წინა, ისე უკანა გადანადენის სინდრომები ხშირია. ამის ერთ-ერთი ხშირი გამომწვევი გარდა რინოვირუსისა, შეიძლება იყოს სტრეპტოკოკი. იმ შემთხვევაში,​ როდესაც ცხვირიდან გამონადენი 15 დღეზე მეტხანს გრძელდება, მოწოდებულია 14-დან 28 დღემდე ანტიბიოტიკოთერაპია ამოქსაცილინის ჯგუფის პრეპარატებით, მიუხედავად ცხელების არსებობისა.“

„ვურჩევ, რომ ხშირად არ იხმარონ ცხვირის გამხსნელი საშუალებები. ცხვირის გაჭედვა არის ორგანიზმის დამცველობითი რეაქცია და თუ ბავშვი იტანს ამას, საერთოდ სჯობს, რომ არც იხმარონ, რამეთუ ესეც ორგანიზმის დამცველობითი რეაქციაა, რომ რესპირაციული პათოგენი ლორწოვანის შეშუპებით და ცხვირიდან გამონადენით იქნას მოშორებული,“ - აღნიშნა თემურ მიქელაძემ.

წყარო: ​კლინიკა კურაციო

წაიკითხეთ სრულად