Baby Bag

„დედობრივი სიყვარულის ნაკლებობა იმას ნიშნავს, რომ ხელი ჰკარი შენს შვილს და გააგდე, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით,“- ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა

ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ დედობრივი სიყვარულის მნიშვნელობასა და დედასა და შვილს შორის განსაკუთრებული კავშირის არსებობაზე ისაუბრა:

„დედის ხელი სჭირდებათ ბავშვებს. დედის მუცლად ყოფნა, სიმბიოზური კავშირი დიდხანს გრძელდება, უსასრულოდ გრძელდება, არასდროს არ სრულდება. ლაქტაციის პერიოდი, ძუძუთი კვება არ მოაკლოთ ბავშვებს, როდესაც ამის შესაძლებლობა არის. დედის მკერდს შეეხოს ბავშვი. თუ არ არის ასეთი სიტუაცია და დედა ვერ ახერხებს, ბავშვს რომ საწოვარათი აძლევს საკვებს, აუცილებლად თვალებში უყუროს, სახეზე უყუროს. მე მინახავს დედა, ბავშვს ძუძუს აწოვებს, მაგრამ ტელეფონში იყურება. არ არის კავშირი. სიხარულის, ბედნიერების შტრიხები შენს სახეზე სულ უნდა იყოს.“

ნანა ჩაჩუას თქმით, ბავშვი მცირე ასაკიდანვე ყველაფერს გრძნობს:

„არავინ არ იფიქროს, რომ ბავშვი ერთი კვირისაა, ერთი თვისაა და ვერ გრძნობს. ჩვენ რომ იუნგის ფსიქოლოგია წავიკითხოთ, ის არქეტიპულის გამოვლინება როგორ ხდება? ახალშობილი ბავშვი რომ სახეს ჭმუხნის, ხან იცინის, ხან ტირის, რა ხდება? რა სამყაროშია ის? მუცლად ყოფნის პერიოდში იდეალური სამყაროა უმეტეს შემთხვევაში, თუ რაიმე დიდი სტრესი არ აქვს მიღებული დედას. ამიტომ არის ნათქვამი, რომ ფეხმძიმე ქალს ძაღლიც არ შეუყეფსო.“

„დედობრივი სიყვარულის ნაკლებობა იმას ნიშნავს, რომ ხელი ჰკარი შენს პირმშოს, შენს შვილს და გააგდე, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ის საგნებთან და ფაქტებთან, რომლებიც წინ შეხვდება ცხოვრებაში, ადეკვატური დამოკიდებულებით, მან საკუთარი ცხოვრება უნდა შექმნას. შენ გაუშვი იქეთკენ, რომ ვერ შექმნას ცხოვრება. ამიტომ საჭიროა სიყვარული. ჩაიკარით გულში შვილი, ამოიცანით მისი გრძნობა, აუცილებლად იგრძნოს, რომ სიყვარული და თანადგომა ყოველთვის იქნება თქვენი მხრიდან. ამით შეძლებ, რომ გაუშვა იმ საგნებში, იმ მოვლენებში, იმ ფაქტებში, რომლებთანაც ადეკვატური დამოკიდებულებით ის შექმნის ჭეშმარიტ ცხოვრებას,“- აღნიშნულ საკითხზე ნანა ჩაჩუამ ტელეკომპანია POSTV-ის გადაცემაში „პოსტ ალიონი“ ისაუბრა.

წყარო: ​„პოსტ ალიონი“

შეიძლება დაინტერესდეთ

5 მიზეზი, თუ რატომ არ უნდა დაგუგლოთ არასდროს სიმპტომები - გიორგი ჩიჩუას რეკომენდაცია

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, ოფთალმოლოგმა გიორგი ჩიჩუამ გადაცემაში „მთავარი ექიმი“ სიმპომების გამომწვევი დაავადების დასადგენად Google-ის გამოყენების მიზანშეუწონლობაზე ისაუბრა:

როდესაც Google-ის მეშვეობით ვცდილობთ მოვძებნოთ საკუთარი სავარაუდო დიაგნოზი, შანსი იმისა, რომ ის სწორი აღმოჩნდეს დამოკიდებულია შემთხვევითობაზე და არა სამედიცინო მონაცემებზე.

მე ჩამოგითვლით 5 მიზეზს, თუ რატომ არ უნდა დაგუგლოთ სიმპტომები.

1. ინტერნეტში სიმპტომების გამუდმებით ძიება იწვევს შფოთვით აშლილობას.

2. ინტერნეტით მოძიებული ინფორმაციის სიზუსტე საკმაოდ საეჭვოა.

3. თქვენ კარგავთ დროს, რომელიც შეგეძლოთ გამოგეყენებინათ სამკურნალოდ.

4. ინტერნეტში ხშირად შეხვდებით საშიშ რჩევებს.

5. ბოლო და ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი, ექიმები ტყუილად არ არსებობენ. როგორც იცით, სამედიცინო განათლების მიღება ყველაზე ხანგრძლივი პროცესია და ეს არ ხდება უმიზეზოდ. თქვენი ჯანმრთელობა ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის. ამიტომ ნუ ანდობთ თქვენს ჯანმრთელობას არაპროფესიონალებს."

წყარო: ​„მთავარი ექიმი“

წაიკითხეთ სრულად