Baby Bag

„როდესაც შენ ნერვიულობ, უყვირი ბავშვს, აღზრდა ნულის ქვემოთ დადის,“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ბავშვის აღზრდაში მშობლის სიმშვიდის შენარჩუნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და იმ მავნე ზეგავლენას გაუსვა ხაზი, რომელიც ბავშვში უფროსების აგრესიულ ქცევას აქვს:

„ბავშვის აღზრდაში სიმშვიდის გარეშე არაფერი არ გამოგივა, ვერ გაზრდი ბავშვს. როდესაც შენ ნერვიულობ, უყვირი ბავშვს, ხმას უმაღლებ, ხელი გექავება, რომ წაუთაქუნო ერთი, იმ მონაკვეთში აღზრდა ნულის ქვემოთ დადის. რაც გაგიკეთებია, რაც მიგიღწევია ბავშვთან, იმასაც შლი უკვე. იცოდე, რომ ეს ბავშვი შენი აღარ არის, სულიერად მოგშორდა ის.“

„როდესაც ის 12, 15, 17 წლის იქნება, შენს შვილს ვერ იცნობ. გაქცევა უნდა შენგან. რატომ? აგერ მიზეზები ჩავთესე და მივიღე შედეგები. მოდი, ვინატროთ, რომ ჰუმანური პედაგოგიკა შევქმნათ ოჯახებში და არა აკრძალვათა პედაგოგიკა,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო: ​„ამონაშვილის აკადემია“

შეიძლება დაინტერესდეთ

„როდესაც თქვენი სამი წლის შვილი ჭირვეულობს და ამბობს: „მე ამას არ შევჭამ,“ თქვენ ეუბნებით...“ - ნეიროფსიქოლოგ თამარ გაგოშიძის რჩევები მშობლებს

„როდესაც თქვენი სამი წლის შვილი ჭირვეულობს და ამბობს: „მე ამას არ შევჭამ,“ თქვენ ეუბნებით...“ - ნეიროფსიქოლოგ თამარ გაგოშიძის რჩევები მშობლებს

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ მშობლების მიერ ბავშვებისთვის არჩევანის თავისუფლების შეზღუდვის პრობლემაზე ისაუბრა:

„ნორმალური განვითარების ბავშვი ისეთი არსებაა, რაზეც არ უნდა ატარო, ყველაფერზე სიხარულით წავა და ასე თუ ისე ყველაფერს აითვისებს, მაგრამ ეს მისი არჩევანი არ არის. შეიძლება მეც მინდა, რომ ჩემი შვილი მუსიკაზე დადიოდეს, მაგრამ ორი წლის ასაკიდანვე უნდა ვასწავლოთ ბავშვს, რა არის არჩევანის გაკეთება.“

თამარ გაგოშიძის თქმით, სამი წლის ბავშვი თუ ჭამისას ჭირვეულობს, მას შეზღუდული არჩევანი უნდა შევთავაზოთ:

​როდესაც თქვენი სამი წლის შვილი ჭირვეულობს და ამბობს: „მე ამას არ შევჭამ,“ თქვენ ეუბნებით: „აირჩიე რას შეჭამ, ფაფას თუ კვერცხს?!“ ეს არის შეზღუდული არჩევანის სტრატეგია. დაუშვათ გეუბნებათ, რომ კვერცხს შეჭამს და მერე ამბობს, რომ არა, გადაიფიქრა. თქვენ მის არჩევანს პატივს სცემთ და ეუბნებით: „ძალიან ვწუხვარ, მაგრამ მე კვერცხი მოგიმზადე და სხვა საშუალება არ მაქვს." რატომ არის ჩვენს საზოგადოებაში, რომ თავის საქციელზე პასუხს არავინ არ აგებს? შემოეჭამა, შემოეპარა და ა.შ. ეს ტერმინი აქედან მოდის, რომ მე არ მინდოდა, მაგრამ ასე გამოვიდა. ვიღაცამ გააკეთა შენ მაგივრად, ვიღაცამ აირჩია შენ მაგივრად. მოზრდილობის ასაკამდე მშობლები ირჩევენ შვილების მაგივრად. შედეგი არის უპასუხისმგებლო მოზრდილი.“

„როდესაც სკოლაში ბავშვი სხვადასხვა წრეზე მიმყავს, ჩვენ ერთად უნდა ავირჩიოთ. მშობლები ხშირად მეუბნებიან, რომ ბავშვი 5-10 წრეზე დაჰყავთ. უხარია ბავშვს და არ იღლებაო, მშობელი მეუბნება. ჩვენ ბავშვის ფიზიკური მდგომარეობაც უნდა გავითვალისწინოთ. კი უხარია ეს ბავშვს 7-8 წლის ასაკში, მაგრამ მისი რესურსი სასრულია. ათას ადგილას ვერ ირბენს და მერე 9 საათზე გაკვეთილების მომზადებას ვერ დაიწყებს ეს ბავშვი. როდესაც მასწავლებელი მიგეგმავს, რომ 10-12 წიგნი უნდა წაიკითხო ზაფხულში, მე, როგორც ბავშვს ინტერესი დამეკარგება,’- აღნიშნულ საკითხზე თამარ გაგოშიძემ რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „იმედი“

წაიკითხეთ სრულად