Baby Bag

„როდესაც შენ ნერვიულობ, უყვირი ბავშვს, აღზრდა ნულის ქვემოთ დადის,“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ბავშვის აღზრდაში მშობლის სიმშვიდის შენარჩუნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და იმ მავნე ზეგავლენას გაუსვა ხაზი, რომელიც ბავშვში უფროსების აგრესიულ ქცევას აქვს:

„ბავშვის აღზრდაში სიმშვიდის გარეშე არაფერი არ გამოგივა, ვერ გაზრდი ბავშვს. როდესაც შენ ნერვიულობ, უყვირი ბავშვს, ხმას უმაღლებ, ხელი გექავება, რომ წაუთაქუნო ერთი, იმ მონაკვეთში აღზრდა ნულის ქვემოთ დადის. რაც გაგიკეთებია, რაც მიგიღწევია ბავშვთან, იმასაც შლი უკვე. იცოდე, რომ ეს ბავშვი შენი აღარ არის, სულიერად მოგშორდა ის.“

„როდესაც ის 12, 15, 17 წლის იქნება, შენს შვილს ვერ იცნობ. გაქცევა უნდა შენგან. რატომ? აგერ მიზეზები ჩავთესე და მივიღე შედეგები. მოდი, ვინატროთ, რომ ჰუმანური პედაგოგიკა შევქმნათ ოჯახებში და არა აკრძალვათა პედაგოგიკა,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო: ​„ამონაშვილის აკადემია“

შეიძლება დაინტერესდეთ

„პირადი ექიმის გარეშე პური რაციონიდან არ ამოიღოთ,“- ნუტრიციოლოგი ნატა გაგუა

ნუტრიციოლოგმა ნატა გაგუამ ადამიანის საკვებ რაციონში პურის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„ჯანმრთელი ადამიანი შეიძლება იყოს მამაკაცი, მოზარდი, ქალი. შავი პურის მირთმევა ყველას შეუძლია. თუ ადამიანს წონის პრობლემა არ აქვს, 100-180 გრამი დღეში შეუძლია მიირთვას. მით უმეტეს, როდესაც არის გვიანი შემოდგომა, ზამთარი, როდესაც ადამიანს სჭირდება ნოყიერი კვება. პურის მირთმევას ვურჩევდი განსაკუთრებით დილით. საუზმე თუ არის ნოყიერი, მერე მთელი დღე ადამიანი თავს კომფორტულად გრძნობს.

შავი პური ძალიან მდიდარია B ვიტამინებით. B ვიტამინი ჩვენს ნერვულ სისტემას ძალიან სჭირდება. ის ნერვულ სისტემას ამშვიდებს. ის მდიდარია მაგნიუმითა და რკინით. მაგნიუმი ასევე კარგია ნერვული სისტემისთვის. განსაკუთრებით მათთვის, ვისაც არ უყვარს ხორცი, არის ვეგეტარიანელი, შავი პურის მირთმევა სასურველია.

ბავშვი თუ ალერგიული არ არის, 3 წლიდან შეგვიძლია მივცეთ. მე მყავს 3 წლის ოჯახის წევრი და ჩვენ უკვე ვაძლევთ მას შავ პურს. ქართულ სამზარეულოში პური ყოველთვის იყო, არის და იქნება ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი. ვისაც აქვს შაქრიანი დიაბეტის პრობლემა, მათთვის უნდა ამოვიღოთ რაციონიდან თეთრი პური. ჯანმრთელი ადამიანის შემთხვევაში, არ არის საჭირო რაციონიდან პურის სრულად ამოღება. მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეიძლება პურის ამოღება, მხოლოდ მოკლე პერიოდით, თუ რაციონი მდიდარია წიწიბურათი, ბრინჯით ან სხვა ბურღულეულით. მე მაინც ვურჩევ, რომ პირადი ექიმის გარეშე პური რაციონიდან არ ამოიღონ,“- აღნიშნულ საკითხზე ნატა გაგუამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“

წაიკითხეთ სრულად