Baby Bag

„როდესაც შენ ნერვიულობ, უყვირი ბავშვს, აღზრდა ნულის ქვემოთ დადის,“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ბავშვის აღზრდაში მშობლის სიმშვიდის შენარჩუნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და იმ მავნე ზეგავლენას გაუსვა ხაზი, რომელიც ბავშვში უფროსების აგრესიულ ქცევას აქვს:

„ბავშვის აღზრდაში სიმშვიდის გარეშე არაფერი არ გამოგივა, ვერ გაზრდი ბავშვს. როდესაც შენ ნერვიულობ, უყვირი ბავშვს, ხმას უმაღლებ, ხელი გექავება, რომ წაუთაქუნო ერთი, იმ მონაკვეთში აღზრდა ნულის ქვემოთ დადის. რაც გაგიკეთებია, რაც მიგიღწევია ბავშვთან, იმასაც შლი უკვე. იცოდე, რომ ეს ბავშვი შენი აღარ არის, სულიერად მოგშორდა ის.“

„როდესაც ის 12, 15, 17 წლის იქნება, შენს შვილს ვერ იცნობ. გაქცევა უნდა შენგან. რატომ? აგერ მიზეზები ჩავთესე და მივიღე შედეგები. მოდი, ვინატროთ, რომ ჰუმანური პედაგოგიკა შევქმნათ ოჯახებში და არა აკრძალვათა პედაგოგიკა,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო: ​„ამონაშვილის აკადემია“

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ დავეხმაროთ ბავშვს არდადეგების შემდეგ ადაპტაციაში - ბავშვთა ნევროლოგი გვირჩევს

როგორ დავეხმაროთ ბავშვს არდადეგების შემდეგ ადაპტაციაში - ბავშვთა ნევროლოგი გვირჩევს

,,​ადაპტაციასა და რუტინის განმტკიცებასთან ყოველთვის მნიშვნელოვანია, ნებისმიერ ასაკში - თანმიმდევრულობა, განმეორებადობა და უწყვეტობა და მეორე - რამდენად დიდია ცვლილება პაუზასთან მიმართებით", - ამის შესახებ ბავშვთა ნევროლოგმა, თამარ ედიბერიძემ ,,პირველი არხის" გადაცემაში ,,პირადი ექიმი მარი მალაზონია" სტუმრობისას ისაუბრა.

მან განმარტა, როგორ უნდა დავეხმაროთ ბავშვს არდადეგების შემდეგ ადაპტაციაში.

,,თუ ჩვენს რუტინაში, მაგალითად, ძილ-ღვიძილის ციკლთან დაკავშირებით არ არის ერთ საათზე მეტი ცდომილება, მიიჩნევა, რომ ეს ორგანიზმისთვის არცთუ ისე სტრესულია. ფაქტობრივად, დღე-ღამურ რეჟიმში, ძილ-ღვიძილის ციკლის თვალსაზრისით, უწყვეტ რეჟიმში იმყოფება და ეს არ ქმნის დამატებით სტრესს. თუ ჩვენ რეგულარულად, სამუშაო დღეებში ბავშვს ვაძინებდით ათ საათზე - ეძინებოდა და ეს გამომუშავებული რუტინა იყო, მაგრამ არდადეგების პერიოდში ან შაბათ-კვირას ვაძლევთ უფლებას, რომ სისტემატურად 12, პირველ საათზე დაიძინოს, დილით შესაბამისად ის ძილს ინაზღაურებს და იღვიძებს არა 8-9, არამედ -  11-12 საათზე. თუ ამან სისტემატური სახე მიიღო, ბუნებრივია, მას გაუჭირდება  რუტინასთან დაბრუნება, რადგან ეს იქნება დამატებით სტრესული, უსიამოვნო ფაქტორი. თუ ის, რისთვისაც უნდა გადავაწყო რუტინა, არის დადებით ემოციებთან დაკავშირებული - როგორც წესი, ეს უფრო უმტკივნეულოდ ხდება ხოლმე. მაგრამ თუ სასწავლო თუ სამუშაო გარემო მოსწავლისთვის, ზრდასრულისთვის არ არის  კომფორტული, საკმაოდ რთულ გამოწვევებს ვაწყდებით ხოლმე - იმდენად, რომ თუ ეს დროში გახანგრძლივდა, ქრონიკულ-სტრესული მდგომარეობა ისე შეიძლება, განვითარდეს, რომ შექმნას სხვადასხვა ხარისხის ჯანმრთელობის პრობლემა", - განმარტა თამარ ედიბერიძემ.


წყარო: ,​,პირადი ექიმი მარი მალაზონია"

წაიკითხეთ სრულად