Baby Bag

„შვილის გამო აბსოლუტურად ყველაფერი არ უნდა მოიკლონ დედებმა,“- ფსიქოლოგი მეგი საჯაია

„შვილის გამო აბსოლუტურად ყველაფერი არ უნდა მოიკლონ დედებმა,“- ფსიქოლოგი მეგი საჯაია

ფსიქოლოგმა მეგი საჯაიამ დედების ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დედებმა საკუთარ თავზე მეტი უნდა იფიქრონ:

„დედების დანაშაულის გრძნობა აქვთ ხოლმე: „როგორ ვიფიქრო ჩემს თავზე? როგორ გავიდე სასეირნოდ? როგორ დავტოვო ცოტა ხნით?“ ეს ყველაფერი არის მათთვის დამაბრკოლებელი. მინდა დედებს ვთხოვო, რომ უფრო მეტი იფიქრონ საკუთარ თავზე. შვილს სჭირდება ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანმრთელი, ჯანსაღი დედა. დედებმა უნდა მისცენ თავს უფლება გამოიძინონ, დაისვენონ, ისეირნონ, შეხვდნენ მეგობრებს. ის აქტივობები, რომლებიც დედობამდე მათთვის იყო სასიამოვნო და სასურველი, ისევ განახორციელონ და თავი არ შეიზღუდონ იმიტომ, რომ ახლა დედები გახდნენ.“

„შვილის გამო აბსოლუტურად ყველაფერი არ უნდა მოიკლონ დედებმა. სწორად მინდა გამიგოს საზოგადოებამ. საკუთარი მე არ უნდა დავკარგოთ. შვილი ამ ყველაფერს გრძნობს. ბავშვისთვისაც ძალიან რთულია, როდესაც დედა არის გადაღლილი, ემოციებშია, არ არის ფსიქოლოგიურად ჯანსაღად. გააკეთეთ ყველაფერი, რაც გაგხდით კარგად. ეცადეთ, რომ დრო გქონდეთ დასვენებისთვის, ძილისთვის და დამხმარე პერსონა შემოვიდეს თქვენს ცხოვრებაში. ყველაფერი საკუთარ თავზე არ უნდა აიღონ დედებმა. გადაანაწილონ ბავშვზე მზრუნველობა პარტნიორზე, ოჯახის წევრებზე, თუნდაც ძიძაზე,“- აღნიშნულ საკითხზე მეგი საჯაიამ რადიო „კომერსანტის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „კომერსანტი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ ბავშვი მორიდებულია, შეუნარჩუნეთ ეს მორიდებულობა... მორიდებულობა გვამშვენებს ჩვენ,“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მორიდებული ბავშვების შესახებ ისაუბრა და მშობლებს ურჩია, რომ შვილებში ამ თვისებას არ შეეწინააღმდეგონ. შალვა ამონაშვილის თქმით, მორიდებულობა ადამიანს ამშვენებს და ასეთი ადამიანი ყოველთვის პატივისცემით სარგებლობს საზოგადოებაში:

„მორიდებულობას რა სჯობს?! ბავშვი თუ რამეში მორიდებულია, დაუტოვეთ ეს მორიდებულობა, შეუნარჩუნეთ. მერე ის რაღაც ცუდი ჩვევა წავა და დარჩება ეს განცდა, რომ სჯობს იყო მორიდებული. ვართ ყოველთვის მორიდებულები სიტყვაში, ქცევებში, ურთიერთობებში? როგორ გვჭირდება მორიდებულობა ცოლს ქმართან, ქმარს ცოლთან, შვილებთან, მშობლებთან.

ეს მორიდებულობა გვამშვენებს ჩვენ. ეს ჩვენი მშვენებაა. მორიდებული ადამიანი ყოველთვის პატივისცემით სარგებლობს, ვიდრე მოურიდებელი. იმას იქვე მივაწერთ თავხედიაო. თუ კაცი მოურიდებელია, თავხედიც არის, უზრდელიაო ვიტყვით კიდეც. გინდათ ეს სახელი თქვენს შვილს მიეწეროს? ამრიგად, თუ მორიდებულია ბავშვი, შეუნარჩუნეთ ეს მორიდებულობა,“ - აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო:​ „ამონაშვილის აკადემია“ 

წაიკითხეთ სრულად