Baby Bag

„როდესაც დედის ბავშვზე მზრუნველობა გადაჭარბებულია, პარტნიორთან ურთიერთობაც იძაბება,“ - ფსიქოლოგი მერი გელაშვილი

„როდესაც დედის ბავშვზე მზრუნველობა გადაჭარბებულია, პარტნიორთან ურთიერთობაც იძაბება,“ - ფსიქოლოგი მერი გელაშვილი

ფსიქოლოგმა მერი გელაშვილმა მშობიარობის შემდგომ ქალის ცხოვრებაში არსებულ გამომწვევებსა და მეუღლესთან ურთიერთობაში შექმნილ პრობლემებზე ისაუბრა:

„ქალბატონები განსაკუთრებით მგრძნობიარეები არიან მეუღლის შენიშვნაზე, დაგვიანებაზე ამ დროს. გადანაწილებული მზრუნველობის პროცესი, ემოციური მხარდაჭერა არის ძალიან მნიშვნელოვანი. მამის ფუნქცია არის საზღვრის დადგენა. თუ დედას აქვს განცდა, რომ ის ბავშვმა შთანთქა მთლიანად და მას სხვა არანაირი როლი აღარ აქვს, მამა არის საზღვრის შემომტანი. მამის ფუნქცია, როგორც გამყოფის, რომ დედა ბავშვის მიერ არ იყოს შთანთქმული და ბავშვი დედის მიერ, არის მნიშვნელოვანი. როდესაც დედის ბავშვზე მზრუნველობა გადაჭარბებულია, პარტნიორთან ურთიერთობაც იძაბება. რატომ უჩნდებათ მეუღლეებს განცდა, რომ „მეც მომაქციე ყურადღება?!“ დედა შეიძლება იმდენად იყოს ორიენტირებული ბავშვზე, რომ მას არაფერი ავნოს, რომ საკუთარ ქალურ ფუნქციაზე უნებურად ამბობს უარს.“

„გაზიარებისა და მხარდაჭერისთვის ფსიქოთერაპია ერთ-ერთი საუკეთესო გზაა. ეს ორსულებისა და ახალნამშობიარები ქალბატონებისთვის ამ პრობლემებთან გამკლავების საუკეთესო საშუალებაა. ოჯახში მზრუნველობა და დრო ისე უნდა იყოს გადანაწილებული, რომ ქალმა საკუთარ თავს გამოუყოს დრო. ქალმა ყველა მოთხოვნილებაზე „არა“ არ უნდა უთხრას საკუთარ თავს. მნიშვნელოვანია დედამ გააცნობიეროს, რომ ამ ფუნქციაში მას არავინ ეცილება. ქალბატონებმა ანალიზის, ფიქრის საშუალებით უნდა აღმოაჩინონ, რომ ბავშვზე ზრუნვის გარდა მათ აქვთ უამრავი სხვა ფუნქცია, რომელიც ბავშვის გაჩენასთან ერთად არ ქრება. ისინი ისევ რჩებიან საყვარელ ქალებად მეუღლეებისთვის, ისინი კვლავ არიან თანამშრომლები, მეგობრები. ამ ფუნქციების წამოწევა დიდ დამხმარე როლს ასრულებს ამ შემთხვევაში,“- აღნიშნულ საკითხზე მერი გელაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო:​ „სხვა შუადღე“

შეიძლება დაინტერესდეთ

5 მიზეზი, თუ რატომ არ უნდა დაგუგლოთ არასდროს სიმპტომები - გიორგი ჩიჩუას რეკომენდაცია

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, ოფთალმოლოგმა გიორგი ჩიჩუამ გადაცემაში „მთავარი ექიმი“ სიმპომების გამომწვევი დაავადების დასადგენად Google-ის გამოყენების მიზანშეუწონლობაზე ისაუბრა:

როდესაც Google-ის მეშვეობით ვცდილობთ მოვძებნოთ საკუთარი სავარაუდო დიაგნოზი, შანსი იმისა, რომ ის სწორი აღმოჩნდეს დამოკიდებულია შემთხვევითობაზე და არა სამედიცინო მონაცემებზე.

მე ჩამოგითვლით 5 მიზეზს, თუ რატომ არ უნდა დაგუგლოთ სიმპტომები.

1. ინტერნეტში სიმპტომების გამუდმებით ძიება იწვევს შფოთვით აშლილობას.

2. ინტერნეტით მოძიებული ინფორმაციის სიზუსტე საკმაოდ საეჭვოა.

3. თქვენ კარგავთ დროს, რომელიც შეგეძლოთ გამოგეყენებინათ სამკურნალოდ.

4. ინტერნეტში ხშირად შეხვდებით საშიშ რჩევებს.

5. ბოლო და ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი, ექიმები ტყუილად არ არსებობენ. როგორც იცით, სამედიცინო განათლების მიღება ყველაზე ხანგრძლივი პროცესია და ეს არ ხდება უმიზეზოდ. თქვენი ჯანმრთელობა ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის. ამიტომ ნუ ანდობთ თქვენს ჯანმრთელობას არაპროფესიონალებს."

წყარო: ​„მთავარი ექიმი“

წაიკითხეთ სრულად