Baby Bag

„თუ კვების პროცესის მიჯაჭვულობა დარღვეულია, ბავშვის საკვებთან დამოკიდებულება არაერთგვაროვანი იქნება,“- ფსიქოლოგი ირმა კვაჭაძე

„თუ კვების პროცესის მიჯაჭვულობა დარღვეულია, ბავშვის საკვებთან დამოკიდებულება არაერთგვაროვანი იქნება,“- ფსიქოლოგი ირმა კვაჭაძე

ფსიქოლოგმა ირმა კვაჭაძემ ბავშვის ჯანსაღი განვითარებისთვის ძუძუთი კვების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა:

„ძუძუთი კვების პროცესი არის ყველაზე ინტიმური კავშირი დედასა და შვილს შორის, რომელიც დაბადებიდან პირველივე წამებში მყარდება. მუცლად ყოფნისას ბავშვი საკვებს დედის ჭიპლარით იღებს. ეს პროცესი მერეც გრძელდება. დაბადებიდან პირველი წელი ბავშვი გადის ორალურ ფაზას. ის სამყაროს ეცნობა პირით. მისი მოთხოვნილებები კმაყოფილდება პირით. ეს კონტაქტი არის მისი შფოთვის დამარეგულირებელი, დაცულობის გარანტი. ბავშვი პირით შეიცნობს სამყაროს. სწორედ ამიტომ, როდესაც ზრდასრულ ასაკში შფოთვა გვაქვს და ის არ არის გაცნობიერებული, მას კვებით ვირეგულირებთ, ან ფრჩხილების კვნეტის მოთხოვნილება გვაქვს. ეს არის ორალურ ფაზაში მომხდარი ცვლილებების დამსახურება. ამ ფაზას რამდენად ჯანსაღად გავივლით, ეს შემდგომ ასაკში აისახება.

ორალური ფაზა არის სიგნალი იმისა, რომ სამყარო აღიქვამს ჩემს მოთხოვნილებებს და ამას აკმაყოფილებს. ეს არის კვების პროცესის გამართულად ფუნქციონირება. ბუნებრივი კვების დროს ბევრად უფრო უსაფრთხოდ ხდება ამ პროცესის გავლა, ვიდრე ხელოვნური კვების დროს. ამ დროს მშობელი განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყოს. როდესაც ბავშვის ორგანიზმში წარმოიშობა იმპულსი, რომ მას კვების მოთხოვნილება აქვს, დედა ამას გრძნობს, როდესაც ბავშვი ბუნებრივ კვებაზეა. ხელოვნურ კვებაზე იმპულსის დაფიქსირება გადავადდება 10-15 წუთით. ბავშვს აქვს განცდა, რომ უნდა კვება, მაგრამ როდის დაუკმაყოფილებენ სურვილს, არ იცის. როდესაც არ ხდება ამ სიგნალის დროულად დაკმაყოფილება, ბავშვში არაერთგვაროვანი ემოციები იჩენს თავს. თუ კვების პროცესის მიჯაჭვულობა დარღვეულია, ამ შემთხვევაში ბავშვის საკვებთან დამოკიდებულება არაერთგვაროვანი იქნება. ფსიქოანალიზი მთლიანად ამ ფაზის სწორად გავლაზეა დაყრდნობილი. ამ ფაზის გახანგრძლივებაც კი იგივე პრობლემაა, როგორც მისი არქონა,”- აღნიშნულ საკითხზე ირმა კვაჭაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „უიქენდი“ ისაუბრა.

წყარო:​ „უიქენდი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„არ შევინახოთ კიტრი და პომიდორი მაცივარში ერთად, ერთ ჯამში“

ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემის „იმედის დილა“ წამყვანებმა ოთარ ტატიშვილმა და თამარ კობახიძემ მაცივარში პროდუქტების სწორად შენახვის წესებზე ისაუბრეს:

„კარი არის მაცივრის ყველაზე თბილი ადგილი, სადაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოვათავსოთ ფარში, რძე, მალფუჭებადი პროდუქტები. აქ შეგვიძლია ჩავდოთ გაზიანი სასმელები, ტყემალი, აჯიკა. ყველაზე დიდი შეცდომაა კვერცხის მაცივრის კარის თაროზე მოთავსება. კვერცხი უნდა განვათავსოთ მაცივრის მეორე ან მესამე თაროზე. კვერცხი არავითარ შემთხევავში არ ამოვიღოთ შეფუთვიდან და მაცივარში შენახვამდე არ უნდა გავრეცხოთ. კვერცხი უშუალოდ პროდუქტის მომზადებამდე უნდა გავწმინდოთ სველი ტილოთი. მაცივრის პირველ თაროზე ვაწყობთ რძის პროდუქტებს, კარაქს, რძეს, მაწონს, ყველს. მეორე-მესამე თაროზე შეიძლება მოვათავსოთ სახლში გამზადებული სალათი. ხორცს თუ არ ვამზადებთ, აუცილებლად ვინახავთ საყინულეში.

რაც შეეხება ბოსტნეულის უჯრას, რომელიც მოჰყვება მაცივარს, არავითარ შემთხვევაში არ შევინახოთ კიტრი და პომიდორი ერთად, ერთ ჯამში. პომიდორი დიდი რაოდენობით ეთილენის გაზს შეიცავს. პროდუქტი სწრაფად მწიფდება, შეიძლება სწრაფად გაფუჭდეს და სხვა პროდუქტები დააზიანოს. მწვანილი შეგვიძლია შევინახოთ სპეციალურ დახურულ პარკებში, ასე მწვანილი დიდხანს ინახება.“

წყარო: ​„იმედის დილა“

წაიკითხეთ სრულად