Baby Bag

„შვილი რომ გეტყვის ერთ დღეს: „ჩემი საქმე მე ვიცი, თავი დამანებე,“ ამის საფუძველი მასში არ ეძებო,“- ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა

„შვილი რომ გეტყვის ერთ დღეს: „ჩემი საქმე მე ვიცი, თავი დამანებე,“ ამის საფუძველი მასში არ ეძებო,“- ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა

ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ მშობლებს შვილებთან ურთიერთობაში განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდა:

„შვილი რომ გეტყვის ერთ დღესაც: „ჩემი საქმე მე ვიცი, თავი დამანებე,“ ამის საფუძველი მასში არ ეძებო. ეძებე იმ დამოკიდებულებაში, რომელიც სუფევდა შენი მხრიდან ოჯახში. არავისში არ ეძებო ეს. შენ, ვისაც გითხრეს ეს, იმან მოიძიე შენს თავში, სად არის ამის ნიადაგი, სად მომზადდა. შენ ადრესატი ხარ უკვე იმისი. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო. ადამიანებმა უნდა ვისწავლოთ ერთმანეთის განცდების ამოცნობა.

რელიგიაში რომ ამბობენ: „განსაცდელი მადლია,“ ეს ფათერაკიანი მომენტი ასე მადლად უნდა ექცეს ადამიანს. ჩვენ ადამიანები ერთმანეთს ხელს რომ გავუწვდით, ამითი შეიძლება ერთმანეთი ბეწვის ხიდზე გადავატაროთ. მე რომ ხელი გამომიწოდე, შენც გაიარე შენი ადამიანური ვალდებულებების ბეწვის ხიდი ამ დროს, შენც გაიმარჯვე. ადამიანები ამ ქმედებაში იზრდებიან. კარს რომ მიუხურავ ადამიანს, რომელმაც გული გატკინა, გუშინ არ გააკეთა რაღაც კარგი, შენს თავს დაუხურე შენი მაღლა სვლის კარი, შენი პიროვნული ზრდის შესაძლებლობა ჩაახშე. საკუთარი თავის მტრობაა ეს. ავტორიტარულობა არის დამანგრეველი თავად იმ სუბიექტისთვის, ვინც ამ ფსიქოლოგიური მდგომარეობის ავტორი გახლავთ, ეს არის თვითგამანადგურებელი. მერე ვერ ხვდებიან ადამიანები, რატომ არიან ცხოვრებაში ნაკლებად ბედნიერები. ამიტომ მხოლოდ, რომ მუშტის დაკვრა მოგინდა მაგიდაზე, მოგინდა, რომ საკუთარი ძალაუფლება განგევრცო მეორე ადამიანზე, თუნდაც შვილი იყოს. შვილი არ არის საკუთრება. ის ისეთივეა, საპატივცემულო ადამიანია, შენგან დამოუკიდებელია. მე იმის მიხედვით კი არ უნდა მოვექცე მავანს, როგორ იმსახურებს ის, არამედ უნდა მოვექცე ისე, როგორც მე მეკადრება,“- აღნიშნა ნანა ჩაჩუამ.

წყარო: ​„ქართული არხი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„სამ წლამდე ბავშვის ტვინი ყველაზე სწრაფად ვითარდება. იმისთვის, რომ მოხდეს მისი თავის ტვინის ორივე ნახევარსფეროს თანაბრად განვითარება, მნიშვნელოვანია მუსიკის მოსმენა“

„სამ წლამდე ბავშვის ტვინი ყველაზე სწრაფად ვითარდება. იმისთვის, რომ მოხდეს მისი თავის ტვინის ორივე ნახევარსფეროს თანაბრად განვითარება, მნიშვნელოვანია მუსიკის მოსმენა“

რა ზეგავლენას ახდენს მუსიკა ბავშვის ფსიქო-ემოციურ განვითარებაზე, რას უწყობს ხელს და როგორ მუსიკას მივანიჭოთ უპირატესობა, როგორც ორსულობის პერიოდში, ასევე ბავშვის დაბადების შემდეგ? - ამ საკითხებზე ​MomsEdu.ge-ს ესაუბრა ფსიქოლოგი ლელი ყიფიანი.

- ქალბატონო ლელი, აქვს თუ არა მნიშვნელობა ბავშვების პიროვნული, ფსიქო-ემოციური განვითარების კუთხით მუსიკას, რომელსაც ვასმენინებთ?

- სკოლამდელი ასაკი არის ის პერიოდი, როდესაც საფუძველი ეყრება და ყველაზე აქტიურად მიმდინარეობს ადამიანის პიროვნების ჩამოყალიბება, რომელზეც პასუხისმგებლობა, უპირველეს ყოვლისა, ეკისრება ოჯახს (მშობლებს) და შემდეგ მის სოციალურ გარემოს. ამ პერიოდში, გარდა კოგნიტური უნარებისა, ძალიან მნიშვნელოვანია პიროვნების ფსიქო-ემოციური განვითარება. სკოლამდელ ასაკში ბავშვი უკვე ფლობს ემოციების ფართო სპექტრს, შეუძლია მართოს საკუთარი ემოციური რეაქციები, უვითარდება ემოციური ექსპრესია, ემპათია და შეუძლია ადეკვატურად შეაფასოს საკუთარი ქმედებები და სხვა.

ბავშვის ფსიქო-ემოციურ განვითრებაზე სხვადასხვა ფაქტორი მოქმედებს და ერთ-ერთი არის მუსიკის მოსმენა, რომელიც ძლიერ გავლენას ახდენს ბავშვის ფსიქიკაზე და ხელს უწყობს მის კოგნიტური, ფიზიკური   თუ შემოქმედებითი უნარების განვითარებას. უძველესი დროიდან მოყოლებული მუსიკა გამოიყენებოდა, როგორც სამკურნალო საშუალება. მაგალითად, ითვლებოდა, რომ მელანქოლიის მქონე ადამიანის გართობა აუცილებელი იყო მუსიკით. ამიტომ მიიჩნევდნენ, ექიმს აუცილებლად უნდა ჰქონოდა დაკვრის და სიმღერის უნარი. არისტოტელე ამბობდა, როდესაც ადამიანი უსმენს მუსიკას,  მთლიანად იცვლება მისი სულიერი მდგომარეობაო.

მუსიკა გავლენას ახდენს ადამიანის ნერვულ სისტემაზე. მას შეიძლება ჰქონდეს, როგორც დამამშვიდებელი, ასევე ამგზნები ზემოქმედება. ის ხელს უწყობს დადებითი ემოციების განვითარებას. მრავალი კვლევა არის ჩატარებული,  თუ რა გავლენა აქვს მუსიკას თავის ტვინზე და აღმოჩნდა, რომ ნებისმიერი მუსიკის მოსმენა ააქტიურებს თავის ტვინის ქერქს, განსაკუთრებით,  საფეთქლის წილს, რომელიც სმენის ორგანოების მეშვეობით მიღებული ინფორმაციის გადამუშავებაზე არის პასუხისმგებელი და ასევე ააქტიურებს თავის ტვინის იმ ნაწილს, რომელიც დაკავშირებულია ემოციებთან. თავის ტვინის ქერქის აქტივაცია აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, სისხლის მიმოქცევას და სუნთქვას, ასტიმულირებს აზროვნების პროცესებს და აუმჯობესებს მეხსიერებას, რაც ხელს უწყობს ადამიანის ინტელექტუალური დონის ზრდას, შედეგად უმჯობესდება შრომისუნარიანობა. სამ წლამდე ბავშვის ტვინი ყველაზე სწრაფად ვითარდება, ამ პერიოდში იღებს ყველაზე მეტ ინფორმაციას. იმისთვის, რომ მოხდეს მისი თავის ტვინის ორივე ნახევარსფეროს თანაბრად განვითარება, მნიშვნელოვანია მუსიკის მოსმენა, რადგანაც მელოდიას აღიქვამს ორივე ნახევარსფერო.

ადრეული ასაკიდან მუსიკის მოსმენა აფართოვებს ბავშვის ემოციურ გამოცდილებას, ეხმარება მას ემოციების გამოხატვას, გაცნობიერებასა და სხვისი ემოციების გაგებაში (ზოგადად ემოციური სფერო მნიშვნელოვან როლს ასრულებს პიროვნების ჩამოყალიბებაში), ხელს უწყობს მის სულიერ, კულტურულ განვითარებას, ასევე ავითარებს მუსიკალურ გემოვნებას, ეხმარება სოციალიზაციაში და გავლენას ახდენს მეხსიერიების, აღქმის და ყურადღების კონცენტრაციის განვითარებაზე.

გარდა ამისა, მუსიკა გავლენას ახდენს ბავშვის ფიზიკურ განვითარებაზე, რადგან შეიცავს ისეთ ელემენტებს, როგორებიცაა: რიტმი, ტემპი, მელოდია და სხვა, რაც მნიშვნელოვანია მოტორიკის განვითარებისთვის, აუმჯობესებს კოორდინაციას და მოძრაობას.

- რა სახის მუსიკას მივანიჭოთ უპირატესობა?

- უმჯობესია, ბავშვებს მრავალფეროვანი მუსიკა შევთავაზოთ: კლასიკური მუსიკა, ფოლკლორი და ჯაზი.

კვლევებმა აჩვენა, რომ კლასიკური მუსიკის მოსმენა, განსაკუთრებით, მოცარტის, შოპენის და სხვათა  ნაწარმოებების, ამცირებს სისხლში სტრესის ჰორმონის, კორტიზოლის რაოდენობას, აქვს დამამშვიდებელი და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი. ააქტიურებს ყურადღებას, კონცენტრაციას და აუმჯობესებს მეხსიერებას.

- მითია თუ რეალობა, რომ ორსულობის პერიოდში კლასიკური მუსიკის მოსმენა ნაყოფზე დადებით ზეგავლენას ახდენს?

- არ არის მითი. მუცლად ყოფნის პერიოდში, დაახლობით 18 კვირამდე, უკვე შეუძლია ბგერების გარჩევა. დადასტურებულია, რომ ნაყოფი თავს აბრუნებს იქით, საიდანაც ესმის ხმა და დაახლოებით 25 კვირისთვის შეუძლია დედის ხმის, სიტყვების და რიტმის გარჩევა. ის რეაგირებს, როგორც მშვიდ და დაბალ, ასევე ხმამაღალ მუსიკაზე, ამიტომ უმჯობესია კლასიკური, მშვიდი და სასიამოვნო მუსიკის მოსმენა, რომელიც იწვევს დადებით განწყობას.
ესაუბრა მარიამ ჩოქური

წაიკითხეთ სრულად