Baby Bag

„სათამაშოების და საგნების დამდუღვრა კატეგორიულად არასწორია,“- ბავშვთა ნევროლოგი ბაკურ კოტეტიშვილი

„სათამაშოების და საგნების დამდუღვრა კატეგორიულად არასწორია,“- ბავშვთა ნევროლოგი ბაკურ კოტეტიშვილი

ბავშვთა ნევროლოგმა ბაკურ კოტეტიშვილმა ბავშვისთვის სახლში სტერილური გარემოს შექმნის ნეგატიურ მხარეებზე ისაუბრა:

„სათამაშოების და საგნების დამდუღვრა კატეგორიულად არასწორია. უბრალოდ ჩვენი საკუთარი ხელიდან და სახიდანაც იმდენი ბაქტერია გადადის, რომელსაც ვერავინ ვერ საზღვრავს. ვერ დამდუღრავ მთელ სახლს, ვერ დამდუღრავ მთელ გარემოს. ვერანაირ სახლში ვერ მოაწყობთ იმ სისტემას, რაც არის ბუნებრივად გარეთ. იმდენი სტიმულია გარეთ, უბრალოდ სიომ დაუბერა და ფოთოლი ააფრიალა, ეს უკვე სტიმულია ბავშვისთვის. რატომ მოსწონს მას ყველაფრისთვის ხელის ხლება, ეს არის ტაქტილური შეგრძნება. ეს ყველაფერი მისი ტვინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

როგორც კი ახალშობილი ხმას ამოიღებს, მაშინვე უფროსების პასუხი არის: „არა, ჩუ-ჩუ.“ შესაბამისად იწყება უამრავი ზეწოლა ბავშვზე. რაც ბავშვი დაიწყებს უკვე სიარულს, ეხება უამრავ საგანს, გამოაღებს კარადას და ყველა ეუბნება: „დახურე.“ ჩვენ ფიზიკურს ვეძახით, მაგრამ ზრდა არის ტვინის მომწიფება, მეტი არაფერი. თუნდაც ხოხვით, თუნდაც კუბიკის ერთმანეთზე დალაგებით ის ვითარდება.

ბავშვობა არის ყველაზე ბედნიერი ასაკი ადამიანის მთელი სიცოცხლის მანძილზე. დააცადეთ ბავშვებს, იყვნენ ბავშვები. პატივი ეცით მათ უფლებებს. აუცილებლად უნდა ითამაშოს ბავშვმა გარეთ თანატოლებთან,“- მოცემულ საკითხზე ბაკურ კოტეტიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო:​ „იმედის დღე“

შეიძლება დაინტერესდეთ

ბაღიდან მოსულ ბავშვს ეს კითხვები არ უნდა დაუსვათ - ფსიქოლოგ ნინო ბუაძის რეკომენდაციები მშობლებს

ფსიქოლოგმა ნინო ბუაძემ ის შეკითხვები დაასახელა, რომელიც მშობელმა ბაღიდან დაბრუნებულ ბავშვს არ უნდა დაუსვას:

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობელი რა ტიპის კითხვას სვამს. მაგალითად, ნეგატიური შინაარსის შეკითხვა: „ხომ არავინ დაგარტყა? ხომ არავინ წაგართვა? საჭმელი შეჭამე? მასწავლებელმა ხომ არ იყვირა?“

თუ ბავშვს სულ ნეგატიურ გამოცდილებებთან ვაბრუნებთ, ცხადია, შფოთვა არის მაღალი. პირიქით, თუ ვეუბნები: „რა მოგეწონა? დახატე დღეს?“ ეს დადებითად მოქმედებს. „რა მოხდა ბაღში?“ - ეს ძალიან დიდი შეკითხვაა. კითხვები კონკრეტული უნდა იყოს. ასეთ კითხვას ის თავიდან აიცილებს, იტყვის, რომ არაფერი მოხდა, ან დაავიწყდა, რა მოხდა. დავსვათ კონკრეტული შეკითხვა: „დახატე? მოგეწონა?“ არ გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რაც არ გამოსდის ბავშვს. ხშირად ეს არის კვება. მაგალითად, „წვნიანი ისევ არ ჭამე ბოლომდე? მე მასწავლებელს ვეტყვი.“ პედაგოგის გააქტიურება მონიტორინგის თვალსაზრისით, ასევე არასწორია,“- მოცემულ საკითხზე ნინო ბუაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

წაიკითხეთ სრულად