Baby Bag

„დედებს მინდა ვუთხრა, როგორ უნდა მოეფერონ, როგორ მოესიყვარულონ ბავშვებს,“ - ნანა ჩაჩუას რეკომენდაცია მშობლებს

ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ დედებს ურჩია, შვილებს განსაკუთრებული სიტყვებით მოეფერონ და მოესიყვარულონ, რათა ბავშვებს სილამაზის, მშვენიერების, სისავსის განცდა ჩაუნერგონ და სიტყვების მარაგიც შეუვსონ:

„ძალიან მნიშვნელოვანია როგორ ველაპარაკებით ბავშვებს ოჯახურ გარემოში, განსაკუთრებით ჩვილობის ასაკში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათ არ ესმით, არ იციან ამ სიტყვების მნიშვნელობა. ჩემს შვილიშვილებს და შვილთაშვილსაც, როდესაც მე ვეფერებოდი, მივმართავდი, საალერსო სიტყვებს ვეუბნებოდი, სულ მაგონდებოდა გიორგი ლეონიძის მოგონებები, თუ როგორ ელაპარაკებოდა მას დედა.

დედებს მინდა ვუთხრა, როგორ უნდა მოეფერონ, როგორ მოესიყვარულონ ბავშვებს. ჩემი სიტყვები ასეთია, ჩემს შვილთაშვილს და შვილიშვილებს ასე ვეფერებოდი: „შენ ხარ ჩემი გაზაფხულის მახარობელი ია და ენძელა, დილის ცვარ-ნამით დანამული ვარდის კოკორი...“ რომ დავიწყებდი ამას: „დილის ცვარ-ნამით დანამული...“ თვითონ დაასრულებდა: „ვარდის კოკორი.“ „მორაკრაკე ნაკადული, თურაშაულის ვაშლი...“ ეს ყველაფერი მასში ილექება. მასში შედის ეს ყველაფერი: სიტყვების მარაგი, სილამაზე, მშვენიერება, სისავსე. ყველას მინდა ვურჩიო წაიკითხონ გიორგი ლეონიძის წიგნი, სადაც მას აქვს ჩამოწერილი, რა სიტყვებით მიმართავდა დედებს,“- მოცემულ საკითხზე ნანა ჩაჩუამ რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „იმედი“

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვმა უცხო სხეული გადაყლაპა? - ევგენი კომაროვსკის რეკომენდაციები მშობლებს

როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვმა უცხო სხეული გადაყლაპა? - ევგენი კომაროვსკის რეკომენდაციები მშობლებს

რა გავაკეთოთ თუ ბავშვმა უცხო სხეული გადაყლაპა ან გარემოს შეცდომის მიზნით ისეთი რამ მიირთვა, რისი ჭამაც არ შეიძლება? ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ პანიკაში არ ჩავარდეთ.

დაიმახსოვრეთ და გააცნობიერეთ: თუ ბავშვის მიერ გადაყლაპული უცხო სხეული კუჭში მოხვდა, ეს იმას ნიშნავს, რომ მან ყველაზე ვიწრო ადგილი - საყლაპავი უსაფრთხოდ გაიარა. უცხო სხეული საყლაპავ მილში რომ მოხვედრილიყო, ეს ძალიან სერიოზული სიმპტომებით გამოვლინდებოდა, როგორებიცაა: ღებინება, მუდმივი ხველა, ტკივილი, შფოთვა სასმელისა და საკვების მიღების დროს. თუ მსგავსი სიმპტომები არ არის, ე.ი. უცხო სხეული უკვე კუჭშია.

ნებისმიერ უცხო სხეულს, რომელიც საყლაპავს გაივლის, უმეტეს შემთხვევაში თავისუფლად შეუძლია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მეორე ბოლომდე მიღწევა. საფენში უცხო სხეულის გამოჩენა მოსალოდნელია მისი გადაყლაპვიდან 2-4 დღის შემდეგ.

თუ ბავშვის მიერ გადაყლაპული უცხო სხეული პატარა და გლუვია, შესაძლოა, ის საფენში ვერც კი შენიშნოთ. თუ ის დიდი ზომისაა და სახიფათოა, უნდა დარწმუნდეთ, რომ მან ბავშვის სხეული უსაფრთხოდ დატოვა.

კონტროლის მთავარი მეთოდი განავლის ყურადღებით შესწავლაა, რათა მასში უცხო სხეულის პოვნა შეძლოთ. თუ მეოთხე დღის ბოლოს უცხო სხეულის ძებნა წარუმატებლად დასრულდა, ექიმთან კონსულტაციის რეალური საფუძველი გაქვთ.

მკურნალობა საჭირო არ არის. ოყნისა და საფაღარათო საშუალებების გამოყენება არ შეიძლება. თქვენ უნდა დაელოდოთ, მოითმინოთ და განავალს დააკვირდეთ.

ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში, რომ საყლაპავში უცხო სხეული მოხვდა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

ექიმს უნდა მიმართოთ იმ შემთხვევაშიც თუ ბავშვმა გადაყლაპა: ბასრი საგანი (ქინძისთავი, ნემსი, ღილი, კბილის ჩხირი და ა.შ.), 3 სანტიმეტრზე უფრო გრძელი საგანი, ელემენტი, ორი ან მეტი მაგნიტი.

სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს, თუ: ბავშვს დაეწყო მუცლის ძლიერი ტკივილი, გულისრევა და ღებინება, ან განავალში შენიშნეთ სისხლი.

​წყარო

წაიკითხეთ სრულად