Baby Bag

„დედებს მინდა ვუთხრა, როგორ უნდა მოეფერონ, როგორ მოესიყვარულონ ბავშვებს,“ - ნანა ჩაჩუას რეკომენდაცია მშობლებს

ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ დედებს ურჩია, შვილებს განსაკუთრებული სიტყვებით მოეფერონ და მოესიყვარულონ, რათა ბავშვებს სილამაზის, მშვენიერების, სისავსის განცდა ჩაუნერგონ და სიტყვების მარაგიც შეუვსონ:

„ძალიან მნიშვნელოვანია როგორ ველაპარაკებით ბავშვებს ოჯახურ გარემოში, განსაკუთრებით ჩვილობის ასაკში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათ არ ესმით, არ იციან ამ სიტყვების მნიშვნელობა. ჩემს შვილიშვილებს და შვილთაშვილსაც, როდესაც მე ვეფერებოდი, მივმართავდი, საალერსო სიტყვებს ვეუბნებოდი, სულ მაგონდებოდა გიორგი ლეონიძის მოგონებები, თუ როგორ ელაპარაკებოდა მას დედა.

დედებს მინდა ვუთხრა, როგორ უნდა მოეფერონ, როგორ მოესიყვარულონ ბავშვებს. ჩემი სიტყვები ასეთია, ჩემს შვილთაშვილს და შვილიშვილებს ასე ვეფერებოდი: „შენ ხარ ჩემი გაზაფხულის მახარობელი ია და ენძელა, დილის ცვარ-ნამით დანამული ვარდის კოკორი...“ რომ დავიწყებდი ამას: „დილის ცვარ-ნამით დანამული...“ თვითონ დაასრულებდა: „ვარდის კოკორი.“ „მორაკრაკე ნაკადული, თურაშაულის ვაშლი...“ ეს ყველაფერი მასში ილექება. მასში შედის ეს ყველაფერი: სიტყვების მარაგი, სილამაზე, მშვენიერება, სისავსე. ყველას მინდა ვურჩიო წაიკითხონ გიორგი ლეონიძის წიგნი, სადაც მას აქვს ჩამოწერილი, რა სიტყვებით მიმართავდა დედებს,“- მოცემულ საკითხზე ნანა ჩაჩუამ რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „იმედი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„კვერცხის გული უნდა გაითქვიფოს და ბავშვს წავუსვათ ფეხისგულებზე. ტემპერატურა იკლებს ძალიან სწრაფად,“ - ინგა მამუჩიშვილი

პედიატრმა ინგა მამუჩიშვილმა იმ ბუნებრივი საშუალებების და მეთოდების შესახებ ისაუბრა, რომელიც მოავადე ბავშვთან შეგვიძლია გამოვიყენოთ. მისი თქმით, მსუბუქ შემთხვევებში ბუნებრივი საშუალებების გამოყენება ეფექტიანია:

„ძალიან ბევრმა ფარმაცევტულმა პრეპარატმა დაკარგა ნდობა. რა თქმა უნდა, ეს ყველაზე არ შეიძლება ითქვას. არსებობს ძალიან ბევრი ბუნებრივი საშუალება, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ. თუ კრიტიკული შემთხვევაა და რაღაც ძალიან სერიოზული სჭირს ბავშვს, ჩვენ ვიყენებთ მედიკამენტებს. მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში, სანამ ბავშვს მედიკამენტს მისცემთ, დაზილეთ ბავშვი ოთახის ტემპერატურის წყლით.“

ინგა მამუჩიშვილის თქმით, ძალიან კარგია გამდნარი კარაქის შეზელვა, როდესაც ბავშვს ცხელება აქვს:

​ძალიან კარგია გამდნარი კარაქის შეზელვა იღლიის ფოსოებში, იქ, სადაც მაგისტრალური სისხლძარღვები გადის, საზარდულში, მუხლის უკანა ზედაპირზე. ძალიან კარგია და ეს მე პირადად მაქვს გამოცდილი, კვერცხის გული. კვერცხის გული უნდა გაითქვიფოს და ბავშვს წავუსვათ ფეხისგულებზე. როგორც ერბო კვერცხი, ისე იწვება კვერცხი, შრება. ტემპერატურა იკლებს ძალიან სწრაფად.“

„ასევე კარგია კომბოსტოს ფურცელიც თავზე ქუდივით. ბავშვები ამას სიამოვნებითაც ასრულებენ და მოსწონთ თავი კომბოსტოს ფურცლის ქვეშ. თუ ცხვირიდან გამონადენი და ხველა დაეწყო ბავშვს, ვიყენებთ ხახვის წვეთებს. ​ხახვი თავისი ანტისეპტიკური მოქმედებით ძალიან სწრაფად იძლევა ეფექტს. მე მხედველობაში მაქვს მხოლოდ არამწარე, თეთრი ხახვი. მწვანე ვაშლის წვეთები გამოვწუროთ და ჩავაწვეთოთ ცხვირში. ეს ხელს უწყობს ლორწოვანი გარსის დამშვიდებას, დაწყნარებას და ძალიან მარტივად ხდება ცხვირიდან სუნთქვის აღდგენა,“ - აღნიშნულ საკითხებზე ინგა მამუჩიშვილმა ტელეკომპანია „პულსის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ „პულსი“

წაიკითხეთ სრულად