Baby Bag

„დედებს მინდა ვუთხრა, როგორ უნდა მოეფერონ, როგორ მოესიყვარულონ ბავშვებს,“ - ნანა ჩაჩუას რეკომენდაცია მშობლებს

ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ დედებს ურჩია, შვილებს განსაკუთრებული სიტყვებით მოეფერონ და მოესიყვარულონ, რათა ბავშვებს სილამაზის, მშვენიერების, სისავსის განცდა ჩაუნერგონ და სიტყვების მარაგიც შეუვსონ:

„ძალიან მნიშვნელოვანია როგორ ველაპარაკებით ბავშვებს ოჯახურ გარემოში, განსაკუთრებით ჩვილობის ასაკში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათ არ ესმით, არ იციან ამ სიტყვების მნიშვნელობა. ჩემს შვილიშვილებს და შვილთაშვილსაც, როდესაც მე ვეფერებოდი, მივმართავდი, საალერსო სიტყვებს ვეუბნებოდი, სულ მაგონდებოდა გიორგი ლეონიძის მოგონებები, თუ როგორ ელაპარაკებოდა მას დედა.

დედებს მინდა ვუთხრა, როგორ უნდა მოეფერონ, როგორ მოესიყვარულონ ბავშვებს. ჩემი სიტყვები ასეთია, ჩემს შვილთაშვილს და შვილიშვილებს ასე ვეფერებოდი: „შენ ხარ ჩემი გაზაფხულის მახარობელი ია და ენძელა, დილის ცვარ-ნამით დანამული ვარდის კოკორი...“ რომ დავიწყებდი ამას: „დილის ცვარ-ნამით დანამული...“ თვითონ დაასრულებდა: „ვარდის კოკორი.“ „მორაკრაკე ნაკადული, თურაშაულის ვაშლი...“ ეს ყველაფერი მასში ილექება. მასში შედის ეს ყველაფერი: სიტყვების მარაგი, სილამაზე, მშვენიერება, სისავსე. ყველას მინდა ვურჩიო წაიკითხონ გიორგი ლეონიძის წიგნი, სადაც მას აქვს ჩამოწერილი, რა სიტყვებით მიმართავდა დედებს,“- მოცემულ საკითხზე ნანა ჩაჩუამ რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „იმედი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„წელიწად-ნახევარში 50 კილოგრამი დავიკელი და არასდროს ვყოფილვარ მშიერი, შიმშილის შეგრძნება არ მქონია,“- ანუკა კალმახელიძის წარმატებული წონის კლების ამბავი

„წელიწად-ნახევარში 50 კილოგრამი დავიკელი და არასდროს ვყოფილვარ მშიერი, შიმშილის შეგრძნება არ მქონია,“- ანუკა კალმახელიძის წარმატებული წონის კლების ამბავი

ფსიქოლოგმა ანუკა კალმახელიძემ წელიწად-ნახევარში 50 კილო დაიკლო. მან საკუთარი გამოცდილების შესახებ ენდოკრინოლოგ თამარ ხასაიასთან ერთად ისაუბრა:

„წელიწად-ნახევარი დამჭირდა 50 კილოგრამის დასაკლებად. მაშინ ფსიქოთერაპევტი არ ვიყავი. ეს ქალბატონი თამარის სრული დამსახურებაა, რომელმაც იზრუნა ჩემს ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. მე მქონდა სპეციალურად ჩემთვის გაწერილი რაციონი. მე არ მქონდა განცდა, რომ ვიყავი ე.წ. დიეტაზე. არასდროს ვყოფილვარ მშიერი. შიმშილის შეგრძნება არ მქონია. არ მქონია შეგრძნება, რომ რაღაც მინდა და ვერ მივირთმევ. ასეთი მიდგომა იყო: „რა გენატრება? რა გინდა?“ მე ვიღებდი იმას, რაც მენატრებოდა, რაც მინდოდა, რაღაც დროს, რაღაც პირობით.

ჩემი წონა იმდენად დიდი იყო, რომ საწყის ეტაპზე ჩემთვის არ შეიძლებოდა ფიზიკური აქტივობა. მე ოთხი წლიდან დავიწყე წონაში მატება და ყოველ წელს მემატებოდა წონა. მქონდა გამოცდილებაში, რომ ოჯახის წევრების თხოვნით დამიცავს ე.წ. დიეტები. დამიკლია 20-25 კილო, მაგრამ მერე უფრო მალე მომიმატია, ვიდრე დაკლებისთვის დამჭირდა. წონაში დაკლების მერე ფსიქოთერაპევტთან სიარული დამჭირდა. გამიჭირდა ჩემი თავის მიღება. სარკეში ვიყურებოდი და ვხედავდი სხვა ადამიანს. მე მომწონდა წონით ჩემი თავი. უცებ შემეცვალა თვალის ფორმა, ცხვირის ფორმა, როდესაც 50 კილო დავიკელი. წონაში დაკლება ადვილია. შენარჩუნებაა ძნელი. ამისთვის აუცილებელია თერაპიული კუთხით მუშაობა."

ენდოკრინოლოგმა თამარ ხასაიამ სიმსუქნის გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა:

„პირველი მიზეზი, რის გამოც ვითარდება სიმსუქნე, ეს არის არასწორი კვების რეჟიმი და ცხოვრების წესი. ადამიანს არ აქვს საუზმის, სადილისა და ვახშამის ცნება. იკვებება დღეში მაქსიმუმ ორზე. ეს ცუდია. მნიშვნელოვანია ვარჯიშიც, ფეხით სიარულით. სიმსუქნე შეიძლება გამოიწვიოს ფარისებრი ჯირკვლის პრობლემებმაც. მეორე კომპონენტი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჭარბ წონასთან, ეს არის ნახშირწყლოვანი ცვლა. ჭარბი წონა ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევის გარეშე არ არსებობს. ამისთვის არის გარკვეული კვების რეჟიმი და პრეპარატების გარკვეული ჯგუფი. ტარდება ფარისებრი ჯირკვლის სრული გამოკვლევა, ნახშირწყლოვანი ცვლისა და ცხიმოვანი ცვლის კვლევა.

გახდომა უნდა უნდოდეს პაციენტს და არავის სხვას. თუ მას თავისი პრობლემა არ აქვს გათავისებული, ვერც დედის გამო, ვერც მეუღლის, ვერც დედამთილის გამო, ვერ იქნება დიეტაზე, ვერ დაიცავს და ვერ შეძლებს. დიეტაზე ყოფნა არ ნიშნავს, რომ ადამიანი ვერასდროს ვერ შეჭამს ვერც ხაჭაპურს, ვერც ტორტს, ვერც შოკოლადს. თუ პაციენტი იტყუება, რომ იცავს დიეტას, რა თქმა უნდა, ამას ვხვდები. ჩემი გამოთქმა ყველამ იცის: „კუდი უჩანს ანალიზებში,“- მოცემულ საკითხზე თამარ ხასაიამ და ანუკა კალმახელიძემ ტელეკომპანია POSTV-ის გადაცემაში „დღის პოსტი“ ისაუბრეს.

წყარო:​ „დღის პოსტი“

წაიკითხეთ სრულად