Baby Bag

„დედებს მინდა ვუთხრა, როგორ უნდა მოეფერონ, როგორ მოესიყვარულონ ბავშვებს,“ - ნანა ჩაჩუას რეკომენდაცია მშობლებს

ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ დედებს ურჩია, შვილებს განსაკუთრებული სიტყვებით მოეფერონ და მოესიყვარულონ, რათა ბავშვებს სილამაზის, მშვენიერების, სისავსის განცდა ჩაუნერგონ და სიტყვების მარაგიც შეუვსონ:

„ძალიან მნიშვნელოვანია როგორ ველაპარაკებით ბავშვებს ოჯახურ გარემოში, განსაკუთრებით ჩვილობის ასაკში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათ არ ესმით, არ იციან ამ სიტყვების მნიშვნელობა. ჩემს შვილიშვილებს და შვილთაშვილსაც, როდესაც მე ვეფერებოდი, მივმართავდი, საალერსო სიტყვებს ვეუბნებოდი, სულ მაგონდებოდა გიორგი ლეონიძის მოგონებები, თუ როგორ ელაპარაკებოდა მას დედა.

დედებს მინდა ვუთხრა, როგორ უნდა მოეფერონ, როგორ მოესიყვარულონ ბავშვებს. ჩემი სიტყვები ასეთია, ჩემს შვილთაშვილს და შვილიშვილებს ასე ვეფერებოდი: „შენ ხარ ჩემი გაზაფხულის მახარობელი ია და ენძელა, დილის ცვარ-ნამით დანამული ვარდის კოკორი...“ რომ დავიწყებდი ამას: „დილის ცვარ-ნამით დანამული...“ თვითონ დაასრულებდა: „ვარდის კოკორი.“ „მორაკრაკე ნაკადული, თურაშაულის ვაშლი...“ ეს ყველაფერი მასში ილექება. მასში შედის ეს ყველაფერი: სიტყვების მარაგი, სილამაზე, მშვენიერება, სისავსე. ყველას მინდა ვურჩიო წაიკითხონ გიორგი ლეონიძის წიგნი, სადაც მას აქვს ჩამოწერილი, რა სიტყვებით მიმართავდა დედებს,“- მოცემულ საკითხზე ნანა ჩაჩუამ რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „იმედი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ადრე იყო 3-წლიანი დეკრეტი, რაც შემთხვევითი არ იყო... ზუსტად სამი წელია, როდესაც ბავშვი იწყებს სოციალიზაციას,“ - ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა

„ადრე იყო 3-წლიანი დეკრეტი, რაც შემთხვევითი არ იყო... ზუსტად სამი წელია, როდესაც ბავშვი იწყებს სოციალიზაციას,“ - ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ ბავშვის ცხოვრებაში უსაფრთხოების და დაცულობის გარანტიების არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„ადრე იყო გერმანული სკოლა. რუსებმა აიღეს გერმანელებისგან და საბჭოთა პერიოდში იყო 3-წლიანი დეკრეტი. ეს შემთხვევითი არ იყო. ზუსტად ეს სამი წელია, როდესაც მერე ბავშვი იწყებს სოციალიზაციას, მიდის ბაღში. მანამდე ის ოჯახშია მთლიანად, დედასთან, მამასთან. ბუნებრივია, ის მიჯაჭვულია მშობლებს. საქართველოში ასეთი რაღაცები არ ხდება და ვერ ხდება, სამწუხაროდ.

თუ ზრდასრულ ადამიანს აქვს გარანტორები უსაფრთხოების, ვიღაცას სოციალური პენსია, ვიღაცას ოქრო, ვიღაცას ღმერთი. ბავშვისთვის ღმერთი არის მამა და დედა. მამა არის მისი უსაფრთხოებისა და დაცულობის გარანტია. მორღვეული მამის შემთხვევაში, ბავშვის ცხოვრება გრძელდება დიდი საფრთხის განცდით და მას მარტო უწევს გაუმკლავდეს ცხოვრებას, რომელიც მომავალში ექნება. მამის ჩართულობას და როლს დიდი მნიშვნელობა აქვს. მამას დიდი როლი აქვს ბავშვის აღზრდაში. მამა შეიძლება ომში იყოს წასული. მამამ შეიძლება საფლავიდანაც გაზარდოს ბავშვი, იმდენად მნიშვნელოვანია მისთვის მამა.

ბავშვს მაქსიმალურად სჭირდება უსაფრთხოება, გარანტიები და იდეალური ხატები. ბავშვისთვის მნიშვნელოვანია დედა. ის არის ზრუნვის, უსაფრთხოების, დაცულობის გარანტი. დედა არის სინაზის და სითბოს მატარებელი,“- აღნიშნა მარინა კაჭარავამ.

წყარო: ​დავითიანნის ფსიქოლოგიის ცენტრი 

წაიკითხეთ სრულად