Baby Bag

ექსპერტები მშობლებს დახურული სასრიალოების საფრთხეების შესახებ აფრთხილებენ

ექსპერტები მშობლებს დახურული სასრიალოების საფრთხეების შესახებ აფრთხილებენ

ექსპერტები მშობლებს დახურული სასრიალოების საფრთხეების შესახებ აფრთხილებენ და აცხადებენ, რომ მსგავსი ტიპის გასართობები ბავშვისთვის გარკვეული რისკების შემცველია. გაზაფხულის თბილ ამინდებში მშობლები ბავშვებთან ერთად აქტიურად გადიან გარეთ და პატარები სასრიალოებზე ხშირად ერთობიან. დახურული სასრიალოები ბავშვების გასართობად არის შექმნილი, რათა პატარებმა ენერგია დახარჯონ და გაერთონ. ამის გამო მშობლები ხშირად ფიქრობენ, რომ ისინი აბსოლუტურად უსაფრთხოა.

სასრიალოებზე ბავშვები ხშირად იღებენ მცირე დაზიანებებს. არასწორად ჩამოსრიალების შემთხვევაში აქვთ ნაკაწრები, რაც სავსებით ნორმალურია. გარდა მცირედი დაზიანებებისა, დახურულ სასრიალოებზე ბავშვებმა, შესაძლოა, უფრო სერიოზული ტრავმებიც მიიღონ. ამ შემთხვევაში მშობლებს მეტი ყურადღების გამოჩენა სჭირდებათ.

Medical Xpress-ის ინფორმაციით, ექსპერტები მშობლებს აფრთხილებენ, რომ დახურულ, მილის ფორმის სასრიალოზე სრიალი ბავშვისთვის სარისკოა და შესაძლოა, ფეხის მოტეხილობაც გამოიწვიოს.

ავტრალიელმა ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ დახურული ტიპის სასრიალოების პოპულარობის მატებასთან ერთად ბავშვებში სერიოზული დაზიანებების რიცხვმაც მოიმატა. ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული დაზიანება 4 წლის გოგონამ მიიღო, რომელიც სათამაშო მოედანზე მამასთან ერთად იმყოფებოდა. გოგონამ, რომელიც დახურულ სასრიალოზე სრიალებდა ორივე ფეხი მოიტეხა. დაზარალებული ბავშვის დედამ შვილის ტრავმის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში განათავსა. პოსტს ასეულობით მშობელი გამოეხმაურა. ისინი დახურულ სასრიალოზე ბავშვების დაზიანების ფაქტების შესახებ საუბრობდნენ და აღნიშნავდნენ, რომ პატარებმა მოტეხილობები და სახის დაზიანებები მიიღეს.

მიზეზი, რის გამოც დახურული სასრიალო უფრო სახიფათოა, შემდეგში მდგომარეობს: დახურულ სასრიალოზე ბავშვები ქვემოთ უფრო სწრაფად ეშვებიან. თუ ბავშვი მცირეწონიანია, ან სრიალა ნაჭრის ტანისამოსი აცვია, ეს დაშვების სისწრაფეს კიდევ უფრო ზრდის. თუ ბავშვი ჩამოსრიალების დროს მილში პოზიციას შეიცვლის და ამოტრიალდება, უხერხული პოზის გამო მოტეხილობების მიღების რისკი მატულობს. თუ ბავშვი დაშვების დროს სიჩქარეს ვერ შეანელებს, დახურული სასრიალოდან მისი სწრაფად „გამოტყორცნა“ ხდება. დაცემის დროს სერიოზული დაზიანების მიღების რისკი მაღალია. სწორედ ამიტომ, ექსპერტები მშობლებს მეტი სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებენ, როდესაც ბავშვებს მსგავსი ტიპის სასრიალოზე სრიალის ნებას რთავენ.

წყარო: ​Moms.com

შეიძლება დაინტერესდეთ

„ჩურჩულით საუბარი ისევე არ არის სასურველი, როგორც ყვირილი და ხმამაღლა საუბარი,“- ფონიატრი ირინა ქაცარავა

ფონიატრმა ირინა ქაცარავამ ბავშვებში ხმის პრობლემებისა და ცვლილებების გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩურჩული პატარების ხმას ისევე აზიანებს, როგორც ყვირილი:

„ბავშვები ბაღსა და სკოლაში ხშირად ჩურჩულებენ და ამის მიზეზი ზოგჯერ პედაგოგიც ხდება ხოლმე. მასწავლებლები ბავშვებს ეუბნებიან: „იჩურჩულეთ.“ ეს არასწორია. საქართველოს პრაქტიკაშიც წამოვა, ალბათ, ნელ-ნელა ეს ტენდენცია. მე ვცდილობ მაქსიმალურად, რომ ეს დავამკვიდრო პედაგოგებში. პედაგოგების დატრენინგება უნდა მოხდეს, რომ ამ პრობლემის მაქსიმალური პრევენცია მოხერხდეს. ბაღიდან იწყება ეს პრობლემა.“

„ჩურჩულით საუბარი ისევე არ არის სასურველი, როგორც ყვირილი და ხმამაღლა საუბარი. ცუდია ხმის ფორსირებაც, როდესაც ბავშვი აჯავრებს ვიღაც ზღაპრის გმირს. როდესაც ეს მუდმივად ხდება, ძალიან ცუდად აისახება ხმაზე. კუნთები იძაბება და იჭიმება, ისევე როგორც ყვირილის დროს,“- აღნიშნულ საკითხზე ირინა ქაცარავამ საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „განთიადი“ ისაუბრა.

წყარო: ​„განთიადი“

წაიკითხეთ სრულად