Baby Bag

რატომ უნდა თამაშობდნენ ბავშვები ეზოში

რატომ უნდა თამაშობდნენ ბავშვები ეზოში
თანამედროვე სამყარო ძალიან დიდი სისწრაფით იცვლება. თუ ბავშვები ადრე უამრავ დროს ატარებდნენ ეზოში, ეხლა ეს პერიოდი მნიშვნელოვნად შემცირებულია. გაიზარდა ტექნოლოგიების როლი, როგორც უფროების, ისე მოზარდების ცხოვრებაში. 

ფაქტია, რომ ესეთი ცვლილება ხელოვნურად არ მომხდარა. გარემო პირობების, მოთხოვნების, ღირებულებების ცვლილებასთან ერთად შეიცვალა თითოეული ჩვენგანის დღის რეჟიმი. ამასთან, კითხვაზე თუ რას უკავშირდება თქვენი ბავშვობის ყველაზე ტკბილი მოგონება, სავარაუდოდ პასუხი დაკავშირებული იქნება ეზოში, ბუნებაში რაიმე ტიპის აქტივობასთან. დამატებით, კითხვაზე თქვენი შვილები ისევ ისე თამაშობენ, როგორც თქვენ ერთობოდით ბავშვობისას? სავარაუდოდ, პასუხი უარყოფითი იქნება. 

თანამედროვე სამყაროში ბავშვებს გადატვირთული რეჟიმი აქვთ, თავისუფალი დროის უმეტეს ნაწილს ატარებენ ტექნიკასთან, ძალიან მცირეს კი ეზოში.

უნდა გვახსოვდეს, რომ ბავშვისთვის თამაში არ არის მხოლოდ გართობის საშუალება. არამედ, მას უდიდესი როლი აქვს მისი ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური განვითარების თვალსაზრისით. მოზარდი სწავლობს თამაშის, კეთების, ექსპერიმენტების, სამყაროს კვლევისა და აღმოჩენების საშუალებით. იმისთვის, რომ სწავლის პროცესი წარმატებული იყოს, აუცილებელია ორი ფაქტორის გათვალისწინება:

1. პროცესი უნდა იყოს სასიამოვნო - ბავშვს უნდა მოსწონდეს ის რასაც, როგორც და ვისთან ერთადაც აკეთებს და სწავლობს. მხოლოდ ამ შემთხვევაშია შესაძლებელი სამყაროსწარმატებულად და მოტივირებულად შესწავლა.

​განაგრძეთ კითხვა. 

ავტორი: ირინე დოღაძე

წყარო: თამარ გაგოშიძის ნეიროფსიქოლოგიის ცენტრი. 

 

შეიძლება დაინტერესდეთ

„აკრძალვა და რადიკალური ზომები არ ამართლებს არანაირად, როდესაც მოზარდებზეა საუბარი,“ - თამარ გაგოშიძის რჩევები მშობლებს

„აკრძალვა და რადიკალური ზომები არ ამართლებს არანაირად, როდესაც მოზარდებზეა საუბარი,“ - თამარ გაგოშიძის რჩევები მშობლებს

თამარ გაგოშიძემ ინტერნეტუსაფრთხოებისა და ბავშვების ეკრანზე მიჯაჭვულობის საკითხზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ მოზარდებთან რადიკალური ზომები არ ამართლებს:

„აკრძალვა, გამორთვა, როდესაც მოზარდებზეა საუბარი, ​რადიკალური ზომები არ ამართლებს არანაირად, იმიტომ, რომ ეს არის ცხოვრების ნაწილი. ჩემი თაობა ამ რეალობაში არის მიგრანტი და ახალგაზრდა თაობა არის აბორიგენი. მათი ტვინი ცოტა სხვანაირად არის მოწყობილი, ვიდრე ჩემი ტვინი. ისინი გაიზარდნენ ამ რეალობაში. ჩვენ ცარიელი ლოზუნგებით ვერ შემოვიფარგლებით. კარგად უნდა გავიგოთ ეს ფენომენი, თუ რა იზიდავს მოზარდს ინტერნეტსივრცეში.“

თამარ გაგოშიძის თქმით, უფროსები ინტერნეტსივრცეს კონკურენციას ვერ უწევენ:

​სამწუხაროდ ჩვენ ვერ ვუწევთ კონკურენციას ინტერნეტსივრცეს. გავარკვიოთ, რა არის მოზარდის გარდატეხის ასაკის სპეციფიკა. ვიღაცას რთული გარდატეხის ასაკი აქვს, ვიღაცას შედარებით მარტივი. ყველას აქვს ერთი კანონზომიერება: შენ გინდა შენი თავის დამკვიდრება, შენ ეძებ ცხოვრების საზრისს. მაშინ იწყება დაკვირვება თავის თავზე, სხვებზე, საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვა.“

„მოზარდების აღგზნების ზღურბლი არის ძალიან დაბალი. სარისკო ქცევები, მწვავე შთაბეჭდილებები გინდა ამ ასაკში, შენ გაინტერესებს ბევრი რამ. რაც უფრო აკრძალულია, უფრო გაინტერესებს. რაც უფრო დაფარულია, კიდევ უფრო მეტი ცნობისმოყვარეობაა. სარისკო ქცევისადმი გაქვს ეს ტენდენცია. რაც უნდა ჭკვიანი ადამიანი იყოს, ​ეს რისკიანობის მომენტი არის დამახასიათებელი ამ ასაკისთვის. ჩვენი თაობის დროს პარალელური სივრცე არ არსებობდა. ალტერნატივა ბევრი არ გვქონდა. დღეს ჩვენ გვაქვს ალტერნატივები. როდესაც ჩვენ უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ, სწორედ ეს მრავალფეროვნება და მოზარდების გარდატეხის ასაკის კანონზომიერებები უნდა გავითვალისწინოთ,“ - აღნიშნულ საკითხებზე თამარ გაგოშიძემ ტელეკომპანია „პულსის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ „პულსი“

წაიკითხეთ სრულად