Baby Bag

დღის რომელ ნახევარში დავბანოთ ბავშვი? - პედიატრ ინგა მამუჩიშვილის რეკომენდაცია

დღის რომელ ნახევარში დავბანოთ ბავშვი? - პედიატრ ინგა მამუჩიშვილის რეკომენდაცია

პედიატრმა ინგა მამუჩიშვილმა ახალშობილი ბავშვის დაბანის წესებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მშობლებმა ჩვილი ყოველდღიურად უნდა დაბანონ. ინგა მამუჩიშვილმა დღის ის მონაკვეთიც დაასახელა, როდესაც ბავშვის ბანაობა ყველაზე მეტად არის მიზანშეწონილი:

„ბავშვი უნდა დაბანონ ყოველდღიურად. მშობლები ხშირად ამბობენ, ზამთარი მოახლოვდა და ხომ არ შეიძლება კვირაში ორჯერ დავბანოთ. არ გაცივდეს ბავშვი. არავითარ შემთხვევაში! ახალშობილი ბავშვი უნდა ვაბანაოთ ყოველდღე, იმიტომ, რომ ბავშვი სუნთქავს არამხოლოდ სასუნთქი სისტემის მეშვეობით, არამედ კანითაც. აქედან გამომდინარე კანის ფორები უნდა იყოს სუფთა, რომ კანის ზედაპირზე მოხდეს სითხის ნორმალურად აორთქლება. აუცილებელი არ არის ბავშვი ყოველდღიურად დაიბანოს საპნით. ის უნდა დაიბანოს წყლით ყოველდღიურად.

იქ, სადაც ბავშვს ვბანთ, ტემპერატურა უნდა იყოს 24 გრადუსი. არ არის ოთახის გადახურება საჭირო. წყლის ტემპერატურა 36 გრადუსი უნდა იყოს. ქუდი ბავშვს შესაძლოა დავაფაროთ დაბანიდან 1 საათის განმავლობაში. მშობლები ხშირად მეკითხებიან: დღის რომელ ნახევარში დავბანოთ ბავშვი? უნდა დავაკვირდეთ უსათუოდ. დაბანის სიამოვნების შემდეგ ბავშვი ზოგჯერ ხანგრძლივად იძინებს. როდესაც ბავშვი ხანგრძლივად იძინებს, თუ ჩვენ გვინდა, რომ ღამის საათებში მან მშობელი არ შეაწუხოს, სჯობს, ღამის საათებში დავბანოთ და დავაძინოთ,“- მოცემულ საკითხზე ინგა მამუჩიშვილმა რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „იმედი“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

ხერხემლის დეფორმაციები ბავშვებში - როგორ ხდება მკურნალობა „ნიუ ჰოსპიტალსში''? - ინტერვიუ ქირურგ ტრისტან ნიშნიანიძესთან

ხერხემლის დეფორმაციები ბავშვებში - როგორ ხდება მკურნალობა „ნიუ ჰოსპიტალსში''? - ინტერვიუ ქირურგ ტრისტან ნიშნიანიძესთან

ხერხემლის დეფორმაციები განსაკუთრებით საყურადღებოა ბავშვთა ასაკში, რომ თავიდან ავირიდოთ გარკვეული რისკები. ხერხემლის ანომალიებს აქვს განვითარების ეტაპები, რომელზე დაკვირვებაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს პრობლემის ადრეულ ეტაპზე გამოვლენას.

ქვეყნის მასშტაბით „ნიუ ჰოსპიტალსის“ ორთოპედიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრი არის თანამედროვე ინფრასტრუქტურის მქონე და დაკომპლექტებულია პროფესიონალებით. „ნიუ ჰოსპტიალსის“ გუნდს ხერხემლის საუკეთესო ქირურგი, ტრისტან ნიშნიანიძე შეუერთდა.

MomsEdu.ge „ნიუ ჰოსპიტალსის“ ტრავმატოლოგ-ორთოპედს, ხერხემლის ქირურგს ტრისტან ნიშნიანიძესეწვია და ბავშვებში ხერხემლის დეფორმაციებთან დაკავშირებით ესაუბრა.

  • ხერხემლის რა დეფორმაციები არსებობს ბავშვებში?

ტრისტან ნიშნიანიძე: თავდაპირველად, უნდა ვისაუბროთ ხერხემლის ანატომიაზე. პირდაპირ პროექციაში ხერხემალი უნდა იყოს სწორი, ხოლო როდესაც ხდება მისი გადახრა, საქმე გვაქვს სქოლიოზთან. გვერდით პროექციაში გვაქვს ორი გამრუდება - ლორდოზი (წელის არეში) და კიფოზი (გულმკერდისა და კისრის არეში).

თუ ჩვენ აღგვენიშნება ჰიპერკიფოზი, ესეც დაავადებაა, თუმცა, უნდა გამოვყოთ პოსტულარული კიფოზი და შერმანის დაავადება, რომელიც ძვლოვანი პათოლოგიითაა გამოწვეული, რაც პრობლემას წარმოადგენს.ხერხემლის ნაწილია კისრის სეგმენტიც, სადაც ჩვენ შეიძლება შევხვდეთ ორი ტიპის პრობლემას -კისერმრუდობა, რომელსაც ტორტიკოლის ვეძახით ან „კიპერფეილის“ დაავადება, ასევე, კისრის სეგმენტში არსებული ანომალიებით.

სქოლიოზი არსებობს სინდრომული (ცერებრული დამბლა, ართროგრიპოზი და სხვა), თანდაყოლილი, რომელიც არის სხეულში არსებული მალის პათოლოგიით და მოზარდთა იდიოპათიური, ანუ ხერხემლის მალები არის აბსოლუტურად ჯანსაღი, ხერხემალი მრუდდება და მიზეზი არ ვიცით.

სქოლიოზის სტატისტიკას რაც შეეხება, მოზარდების 4%-ს აქვს. გოგონებში უფრო ხშირია, ვიდრე ბიჭებში.

  • რამდენად შესაძლებელია დეფორმაციის ადრეული გამოვლენა და რა ნიშნებით შეიძლება მივხვდეთ, რომ ხერხემლის დეფორმაციასთან გვაქვს საქმე?

ტრისტან ნიშნიანიძე: რასაკვირველია, შესაძლებელია. ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ, სასკოლო სკრინინგი არ გვაქვს, ამიტომმშობელსა და პედიატრზეა ყველაფერი დამოკიდებული.

დეფორმაცია ვლინდება შემდეგი ნიშნებით: მხრების, თეძოს მთების და მენჯის ასიმეტრია. ძალიან მნიშვნელოვანია ადამსის ტესტი, როდესაც ხერხემალს წინ გადახრი და ნახულობ, რომ სრულად სწორი არ არის, ერთი მხარე ამოწეულია, განსაკუთრებით, მარჯვენა - ეს იმის მიმანიშნებელია, რომ სქოლიოზთან გვაქვს საქმე.

  • რა რისკები ახლავს თან ხერხემლის დეფორმაციას? რა შეიძლება გამოიწვიოს?

ტრისტან ნიშნიანიძე: ხერხემლის დეფორმაციას განვითარების სამი ეტაპი აქვს: მსუბუქი, საშუალო და მძიმე. როდესაც ვხედავთ ხერხემლის 10 გრადუსამდე გადახრას, ვამბობთ, რომ ეს ასიმეტრიაა და არა დაავადება. 10-დან 25 გრადუსამდე -მსუბუქი სქოლიოზი,25-დან 45-მდე საშუალო სქოლიოზი, ხოლო 45-ზე ზემოთ უკვე მძიმე სქოლიოზი. რისკები შემოდის მძიმე სქოლიოზის შემთხვევაში. პრობლემა იქმნება სასუნთქ ორგანოებზე, გულსისხლძარღვთა სისტემაზე, პაციენტს აღენიშნება ძლიერი წელის ტკივილები და ა.შ.

  • როგორ ხდება მკურნალობა?

ტრისტან ნიშნიანიძე: მკურნალობის ორი გზა არსებობს - ოპერაციული და არაოპერაციული. როგორც უკვე ვახსენე, თუ ადამიანს მსუბუქი და საშუალო სქოლიოზი აღენიშნება, ასეთ დროს ვარჯიში, მასაჟებიდა დაკვირვება (6 თვეში ერთხელ რენტგენის გადაღება) საკმარისია. თუ დეფორმაცია მივიდა 25 გრადუსამდე და საცდელი ზონები ისევ ღიაა და აქსელერაციის ფაზაში იმყოფება ბავშვი, მაშინ აუცილებელია კორსეტით მკურნალობა. არსებობს ე.წ. მილივოლკის კორსეტი, ორთეზი უნდა იყოს პლასტმასის და ინდივიდუალური. კორსეტით მკურნალობის დროსხერხემლის დეფორმაციას გავაჩერებთ (აქ არ არის საუბარი გასწორებაზე), მისი ეფექტურობა არის დაახლოებით 70%. არსებობს შემთხვევები, როდესაც კორსეტი არ არის საკმარისი, დეფორმაცია აგრესიულია და 45 გრადუსს თუ გადაცდა, ინიშნება ოპერაცია.

  • რა შემთხვევაში ინიშნება ქირურგიული მკურნალობა და ვისთვის არის რეკომენდებული?

ტრისტან ნიშნიანიძე: როგორც ზემოთ აღვნიშნე, ოპერაცია რეკომენდებულია, თუ გადახრა45 გრადუსზე მეტია, თუმცა იმ ასაკობრივ ჯგუფში, როდესაც ბავშვი არის პუბერტატულ პერიოდში და განაგრძობს ზრდას.

  • როგორ მიმდინარეობს ქირურგიული ჩარევის შემდგომი რეაბილიტაცია?

ტრისტან ნიშნიანიძე: ქირურგიული ჩარევიდან მეორე დღეს პაციენტი უკვე ფეხზე დგება, მეხუთე დღეს კლინიკიდან ეწერება, სამ კვირაში თავის საქმიანობას უბრუნდება და სრული ადაპტაციური პერიოდი გრძელდება დაახლოებით 6 თვე.

  • რა შესაძლებლობებია „ნიუ-ჰოსპიტალსში“?

ტრისტან ნიშნიანიძე: „ნიუ ჰოსპიტალსში“ არის ექიმების, პედიატრების, ანესთეზიოლოგების, პოსტოპერაციული მოვლისა და მართვის მულტიდისციპლინარული ჯგუფი. ოპერაცია ხორციელდება ნეირომონიტორინგის კონტროლის ქვეშ, რაც ნევროლოგიურ გართულებებს პრაქტიკულად გამორიცხავს. საოპერაციო ბლოკი აღჭურვილია ყველა იმ ტექნიკური ბაზით, რომელიც საჭიროა ოპერაციის ჩასატარებლად.

R. 

წაიკითხეთ სრულად