Baby Bag

გამართლებულია თუ არა ბაღზე სრულად უარის თქმა, თუ მშობელს ბავშვის ბაღში მიყვანა არ უნდა? - ფსიქოლოგი ლიკა ქურციკიძე

გამართლებულია თუ არა ბაღზე სრულად უარის თქმა, თუ მშობელს ბავშვის ბაღში მიყვანა არ უნდა? - ფსიქოლოგი ლიკა ქურციკიძე

ფსიქოლოგმა ლიკა ქურციკიძემ ბავშვის განვითარებისთვის ბაღში სიარულის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„მე არ წავახალისებ იმ ფაქტს, რომ ბავშვი ბაღში არ მივიყვანოთ, თუ ამის რაღაც განსაკუთრებული შემთხვევა არ არის. ყველა მიდგომა გვეუბნება, რომ ისეთ მრავალფეროვან გარემოს სახლში მაინც ვერ შევქმნით, იმდენ თანატოლს ვერ მოვიყვანთ. ჩვენ მშობლები არ ვართ ადრეული განათლების სპეციალისტები და არ ვიცით ზუსტად რა მეთოლოგია შეიძლება იყოს ბავშვის განვითარების წამახალისებელი. ეს უნდა იცოდეს საბავშვო ბაღის სპეციალისტმა.

თუ რაიმე განსაკუთრებული შემთხვევა არ გვაქვს, უმჯობესია, ბავშვი ვატაროთ ბაღში. თუ ისეთი შემთხვევაა, რომ ბავშვი ბაღში დიდ დროს არ ატარებს, რითი შეიძლება, რომ კომპენსირება გავაკეთოთ? ყველაზე მნიშვნელოვანი ამ დროს არის მრავალფეროვანი თამაშების შეთავაზება ასაკის შესაბამისად. თუ იმის დრო, რესურსი და ენერგია არ გვაქვს, რომ ბავშვს მასტიმულირებელი აქტივობები შევთავაზოთ, აუცილებლად უნდა მივიყვანოთ ბაღში. ბავშვი ხშირად უნდა გვყავდეს გარე სივრცეში.

მნიშვნელოვანია, რამდენად ხარისხიანია თქვენი თამაში შვილთან. რას მოვიაზრებთ ხარისხიან თამაშში? თუ დღის განმავლობაში 20 წუთს მაინც უთმობთ სრულად თქვენს შვილს, ეს ხარისხიანი, ემოციურად და ფიზიკურად ჩართული 20-წუთიანი დრო, შეიძლება აკომპენსირებდეს მთელი დღის განმავლობაში ბავშვთან ყოფნას, თუ ჩვენ თან ვალაგებთ, საჭმელს ვაკეთებთ და ოთახის მეორე ბოლოდან ვეკონტაქტებით ბავშვს. ეს არ არის ხარისხიანი დროის გატარება მასთან ერთად,“- მოცემულ საკითხზე ლიკა ქურციკიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“

შეიძლება დაინტერესდეთ

„კორონავირუსის მუტაციის უფრო მძიმე ვარიანტს ანაცვლებს ახალი, უფრო მსუბუქი ვარიანტი, ეს კარგია ამ თვალსაზრისით,“ - ივანე ჩხაიძე

„კორონავირუსის მუტაციის უფრო მძიმე ვარიანტს ანაცვლებს ახალი, უფრო მსუბუქი ვარიანტი, ეს კარგია ამ თვალსაზრისით,“ - ივანე ჩხაიძე

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ ომიკრონის შტამის საქართველოში შემოსვლის შემთხვევაში მოვლენების შესაძლო განვითარების შესახებ ისაუბრა:

„თუ ომიკრონი გახდა დომინანტური, რისკი იმისა, რომ შემთხვევები კიდევ უფრო მაღალი იყოს, არის ძალიან რეალური. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ შესაბამისად მივიღებთ მძიმე შემთხვევების მატებას. რისკი იმისა, რომ ჯანდაცვის სექტორი ვერ გაუმკლავდეს პაციენტების მოზღვავებას, არის მინიმალური. არცერთი ქვეყანა არ აფიქსირებს, რომ ინფიცირების გარდა გამოიწვია ამან ჰოსპიტალიზაციის მატება.“

ივანე ჩხაიძის თქმით, ომიკრონი არსებულ მუტაციებს შორის ყველაზე უფრო გადამდებია“

​ომიკრონი დღემდე არსებულ მუტაციებს შორის ყველაზე სწრაფად გადამდები და იოლად გავრცელებადია. არცერთი დღეისათვის არსებული ვაქცინა არ გვიცავს ინფიცირებისგან. ეს შეფასება დადასტურდა სამხრეთ აფრიკული კვლევითაც. შეიძლება იყოს მეექვსე ტალღა, ოღონდ ეს იქნება იმ შემთხვევების ტალღა, რომლებიც სახლში გადაიტანენ, ამბულატორიულად გადაიტანენ, არ დასჭირდებათ ჰოსპიტალიზაცია, მაგრამ ინფიცირების მაჩვენებელი იქნება მაღალი.“

„მუტაციის უფრო მძიმე ვარიანტს ანაცვლებს ახალი, უფრო მსუბუქი ვარიანტი, ეს კარგია ამ თვალსაზრისით. თუ სამხრეთ აფრიკის გარდა ეს სხვა ქვეყნებმაც დაადასტურეს, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ეს ძალიან კარგი მუტაციაა. მუტაცია გარკვეულ ეტაპზე თავის სიმძიმეს ამოწურავს და წავა მსუბუქი მუტაციის გზითაც,“ - აღნიშნულ საკითხზე ივანე ჩხაიძემ მედიაჰოლდინგ „კვირაში“ ისაუბრა.

წყარო:​ მედიაჰოლდინგი „კვირა“

წაიკითხეთ სრულად