Baby Bag

„ახალშობილს ხელთათმანები არ ესაჭიროება!“ - პედიატრ მაკა ჭიღლაძის რეკომენდაციები ჩვილის ჩაცმის წესებთან დაკავშირებით

პედიატრმა მაკა ჭიღლაძემ ჩვილებში ზედმეტი გადახურების საფრთხეებზე ისაუბრა და მშობლებს ურჩია, რომ ის მეტისმეტად არ შეფუთონ:

„არ შეიძლება ბავშვის ზედმეტად გადახურება. ასევე არ შეიძლება ჰიპოთერმია, დაბალი ტემპერატურა. ეს ბავშვისთვის არის ასევე ძალიან საგანგაშო. ჩვენ მშობლებს ვურჩევთ, რომ იმ ოთახში, სადაც ჩვილს ძინავს, ტემპერატურა იყოს 22-23 გრადუსი. ეს არ ეხება დღენაკლ და უმწიფარ ახალშობილს. მათთან შეიძლება უფრო მაღალი იყოს ოთახში ტემპერატურა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ამერიკის და ევროპის პედიატრთა აკადემიის რეკომენდაციებში გარკვევით წერია, რომ გადახურება ძალიან საშიშია ახალშობილისთვის.

ახალშობილს უნდა ჩავაცვათ ზომიერად. სახლში მას ქუდის დახურება არ სჭირდება. რა თქმა უნდა, ახალშობილს ხელთათმანები არ ესაჭიროება. ხშირად დედები ამბობენ: „ხელთათმანს ვაცვმევთ იმიტომ, რომ ბავშვს აქვს ფრჩხილები და შეიძლება თვითდაზიანება მიაყენოს თავს. ამისთვის მარტივია ხომ, არსებობს სპეციალური, პატარა, საყვარელი საბავშვო მაკრატელი და ბავშვს დავაჭრათ ფრჩხილები.

კარგი და მძლავრი რეკომენდაცია აქვს ბავშვის ჰაერზე გასეირნებას. ყველა ქართველ დედიკოს ვურჩევ, რომ ჰაერზე ასეირნონ ბავშვები, რა თქმა უნდა, კენგურუთი. ჰყავდეთ ძალიან ახლოს თავიანთი ჩვილები,“- მოცემულ საკითხზე მაკა ჭიღლაძემ რადიო „თბილისის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ რადიო „თბილისი“

შეიძლება დაინტერესდეთ

როდესაც ვამბობთ, რომ ბავშვი უნდა წავიდეს ბაღში, უნდა დავფიქრდეთ, პირველ რიგში, ეს ჩვენთვის ხომ არ არის „უნდა?“ - ფსიქოლოგი პაატა ამონაშვილი

როდესაც ვამბობთ, რომ ბავშვი უნდა წავიდეს ბაღში, უნდა დავფიქრდეთ, პირველ რიგში, ეს ჩვენთვის ხომ არ არის „უნდა?“ - ფსიქოლოგი პაატა ამონაშვილი

ფსიქოლოგმა პაატა ამონაშვილმა ბავშვის განვითარებისთვის უფროსის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„ბავშვებს განვითარებისთვის დიდები სჭირდებათ გვერდით. თუ ხეზე ადის ბავშვი, ავდივართ ხეზე ერთად და იქიდან ვუზრუნველყოფთ მის უსაფრთხოებას. ერთობლივი საქმის კეთება იმდენად ძლიერი განმავითარებელი ძალაა ბავშვებში, რომ ეს ჩვენთვის ძნელი წარმოსადგენია. სადაც ბავშვები იზრდებიან აკრძალვების გარემოში, იქ განვითარება ფერხდება. სადაც წახალისების გარემოა, იქ განვითარება იძებს ძალას.“

პაატა ამონაშვილმა, მშობლებს ურჩია, რომ ბავშვს გამოცდილების მიღების შესაძლებლობა მისცენ:

„სასურველია, რომ იქ, სადაც თავს არ დაიავადებენ, ბავშვებს საშუალება მივცეთ, რომ თავისი გამოცდილება მიიღონ. მოდი, თბილად ჩავიცვათ და ისე წავიდეთ და ვიყოთ ბავშვის გვერდზე, როდესაც მას ცივ ტყლაპოში თამაში უნდა.“

„ყველა უნდა არის ვიღაცისთვის და რაღაცისთვის. ​როდესაც ვამბობთ, რომ ბავშვი უნდა წავიდეს ბაღში, უნდა დავფიქრდეთ, პირველ რიგში, ეს ჩვენთვის ხომ არ არის „უნდა.“ აგერ სამსახურია, დრო არ არის, ამიტომ ბავშვი უნდა წავიდეს. დამტოვებელიც აღარ არის არავინ. ბავშვის თვალთახედვიდან, 3-4 წლის ასაკში ბავშვს, რა თქმა უნდა, სჭრიდება ოჯახი, პირველ რიგში. ოჯახი, სადაც დედაა, მამაა, იქ ყველაზე უკეთ ვითარდება ბავშვი. საუკეთესო ბაღი ამ კუთხით იქნებოდა ბაღი, სადაც ბავშვი ასევე განაგრძობს, რომ თავი იგრძნობს ოჯახში, სადაც აღმზრდელი დედასავით საყვარელი ადამიანი ხდება,“ - აღნიშნულ საკითხზე პაატა ამონაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“

წაიკითხეთ სრულად