Baby Bag

„დედის მიერ შეფასებული „რძე არ მაქვს“ ხშირ შემთხვევაში არ შეესაბამება რეალობას,“- პედიატრი ეკა უბერი

„დედის მიერ შეფასებული „რძე არ მაქვს“  ხშირ შემთხვევაში არ შეესაბამება რეალობას,“- პედიატრი ეკა უბერი

პედიატრმა ეკა უბერმა ახალბედა დედებში ძუძუთი კვების დროს არსებული პრობლემების შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ რძის არარსებობის პრობლემა დედების მხოლოდ 5%-ს აქვს:

„მხოლოდ 5 %-ში ფიქსირდება, რომ დედას არ აქვს რძე. ეს სიტუაცია მხოლოდ ექიმის მიერ ფასდება. დედის მიერ შეფასებული „რძე არ მაქვს,“ სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში არის სუბიექტური ან არ შეესაბამება რეალობას. ამიტომ ფსიქოლოგიური მომზადება სჭირდება, პირველ რიგში, დედას. ფსიქოლოგიური სტრესი, ორსულობის შემდგომი სტრესი ან გარემო ფაქტორები, უამრავი რამ შეიძლება აფერხებდეს ლაქტაციის პროცესს. დედების მხოლოდ 5%-ს აქვს რეალურად, თანდაყოლილად რძის არარსებობა.

ნახეთქების გამოჩენა როგორც წესი დაკავშირებულია მკერდის დვრილის არასწორ პოზიციასთან ბავშვის პირის ღრუში. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამშობიაროშივე დაეხმაროს შესაბამისი პერსონალი დედას, რომ სწორად მოარგოს ბავშვი ძუძუს. შესაბამისად მოხდება ნახეთქებისა და დისკომფორტის პრევენცია.

ექვსი თვის ჩათვლით ექსკლუზიური ძუძუთი კვება არის უნივერსალური და შეუცვლელი. 6 თვის შემდეგ რაც უნდა კარგად იმატებდეს ბავშვი, აუცილებელია, რომ ბავშვის კვების რაციონში შემოვიდეს დამატებითი კვება. პირველ რიგში, ეს იქნება მარცვლეული, ბოტნეული, ხორცი. რა თქმა უნდა, უნდა შევიტანოთ ხილიც. 6 თვის შემდეგ მხოლოდ ბუნებრივი კვება, რაც უნდა კალორიული იყოს ვეღარ აკმაყოფილებს ბავშვის სასიცოცხლო მოთხოვნებს,“- მოცემულ საკითხზე ეკა უბერმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ანატომია“ ისაუბრა.

წყარო: ​„ანატომია“

შეიძლება დაინტერესდეთ

​საქართველოში კორონავირუსით ყოველი მეათე ინფიცირებული ბავშვია

​საქართველოში კორონავირუსით ყოველი მეათე ინფიცირებული ბავშვია

საქართველოში კორონავირუსით ყოველი მეათე ინფიცირებული ბავშვია, - ამის შესახებ იაშვილის კლინიკის დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა. მისი თქმით, ეს სხვა ქვეყნებთან შედარებით, მაღალი მაჩვენებელია და სიფრთხილეა საჭირო.

ივანე ჩხაიძის განცხადებით, მიმართვიანობის მატების მიუხედავად, კვლავ შენარჩუნებულია შეფასება, რომ კორონავირუსი ბავშვებისთვის ნაკლებად საშიშია და მათი ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი, ზრდასრულებთან შედარებით, დაბალია.

„ციციშვილის კლინიკის მონაცემებით, ბოლო კვირებში ნაკადმა მოიმატა. ამასთან, დაავადების მიმდინარეობის სიმძიმე მეტადაა გამოხატული, ვიდრე ნოემბერ-დეკემბერში იყო. ინფიცირებისას მეტი ორგანოა ჩართული და ფილტვის დაზიანებებიც უფრო რთულია, თუმცა ინფიცირებული ბავშვების მართვა, საბედნიეროდ, კარგად მიმდინარეობს,“ - განაცხადა ჩხაიძემ.

მედიკოსის ინფორმაციით, ნიღბის ტარება მხოლოდ მოზრდილებისთვისა არაა აუცილებელი და არსებული რეკომენდაციით, 12 წელს გადაცილებულმა ყველა ადამიანმა პირბადე უნდა ატაროს. ეპიდსიტუაციიდან გამომდინადე კი, სიფრთხილის ამ ზომის გამოყენება 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვისაც საჭიროა.

ივანე ჩხაიძის თქმით, საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება უკვე არის იმდენად რთული, რომ ნიღაბი 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებმაც ატარონ. ამიტომ მედიკოსი მიმართავს მშობლებსა და ბავშვების ყველა ახლობელს, შენობაში ყოფნისას ან გარეთ გასვლის შემთხვევაში დასახელებული ასაკის ბავშვებს ნიღაბი გაუკეთონ.

პედიატრის თქმით, საქართველოში ახლა ბრიტანული შტამი დომინირებს, რომლისთვისაც ახალგაზრდა პირებისა და ბავშვების ინფიცირების მაღალი მაჩვენებელია დამახასიათებელი, თუმცა დაავადების უფრო მძიმე მიმდინარეობა არ ახასიათებს.

წყარო: ​jandacva.ge

წაიკითხეთ სრულად