Baby Bag

„დედის მიერ შეფასებული „რძე არ მაქვს“ ხშირ შემთხვევაში არ შეესაბამება რეალობას,“- პედიატრი ეკა უბერი

„დედის მიერ შეფასებული „რძე არ მაქვს“  ხშირ შემთხვევაში არ შეესაბამება რეალობას,“- პედიატრი ეკა უბერი

პედიატრმა ეკა უბერმა ახალბედა დედებში ძუძუთი კვების დროს არსებული პრობლემების შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ რძის არარსებობის პრობლემა დედების მხოლოდ 5%-ს აქვს:

„მხოლოდ 5 %-ში ფიქსირდება, რომ დედას არ აქვს რძე. ეს სიტუაცია მხოლოდ ექიმის მიერ ფასდება. დედის მიერ შეფასებული „რძე არ მაქვს,“ სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში არის სუბიექტური ან არ შეესაბამება რეალობას. ამიტომ ფსიქოლოგიური მომზადება სჭირდება, პირველ რიგში, დედას. ფსიქოლოგიური სტრესი, ორსულობის შემდგომი სტრესი ან გარემო ფაქტორები, უამრავი რამ შეიძლება აფერხებდეს ლაქტაციის პროცესს. დედების მხოლოდ 5%-ს აქვს რეალურად, თანდაყოლილად რძის არარსებობა.

ნახეთქების გამოჩენა როგორც წესი დაკავშირებულია მკერდის დვრილის არასწორ პოზიციასთან ბავშვის პირის ღრუში. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამშობიაროშივე დაეხმაროს შესაბამისი პერსონალი დედას, რომ სწორად მოარგოს ბავშვი ძუძუს. შესაბამისად მოხდება ნახეთქებისა და დისკომფორტის პრევენცია.

ექვსი თვის ჩათვლით ექსკლუზიური ძუძუთი კვება არის უნივერსალური და შეუცვლელი. 6 თვის შემდეგ რაც უნდა კარგად იმატებდეს ბავშვი, აუცილებელია, რომ ბავშვის კვების რაციონში შემოვიდეს დამატებითი კვება. პირველ რიგში, ეს იქნება მარცვლეული, ბოტნეული, ხორცი. რა თქმა უნდა, უნდა შევიტანოთ ხილიც. 6 თვის შემდეგ მხოლოდ ბუნებრივი კვება, რაც უნდა კალორიული იყოს ვეღარ აკმაყოფილებს ბავშვის სასიცოცხლო მოთხოვნებს,“- მოცემულ საკითხზე ეკა უბერმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ანატომია“ ისაუბრა.

წყარო: ​„ანატომია“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვისთვის პირბადის ტარება არის აბსოლუტურად უსაფრთხო. მთავარია, პირბადე სწორად ჰქონდეს გამოყენებული ბავშვს,“ - თემურ მიქელაძე

„ბავშვისთვის პირბადის ტარება არის აბსოლუტურად უსაფრთხო. მთავარია, პირბადე  სწორად ჰქონდეს გამოყენებული ბავშვს,“ - თემურ მიქელაძე

პედიატრმა თემურ მიქელაძემ სკოლის მოსწავლეების მიერ პირბადის ტარების აუცილებლობის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ნიღაბი ბავშვის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს და მისი ტარება პატარებს ინფექციისგან იცავს:

„საფრთხე არ არის, რა თქმა უნდა. ეს უკვე ყველასთვის ნაცნობია. ​როდესაც ვიზიტზე მოდის ბავშვი, ორი წლის ბავშვსაც უკეთია პირბადე. გვაქვს ეპიდემია, პანდემიაა. იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ეს შეზღუდვები და შეზღუდვებისგან გამოწვეული მავნე ზემოქმედებები ბავშვებზე, უნდა დავიცვათ ელემენტარული ჰიგიენური ნორმები. თუ გვექნება პირბადის 95 %-იანი ტარება, არ გვექნება ასეთი ჩაკეტვები. მე ვთვლი, რომ მესამე კლასელმაც შეიძლება უპრობლემოდ გამოიყენოს პირბადე. აუცილებლად მას სჭირდება მეთვალყურეობა, სკოლამდე მშობლის, სკოლაში სკოლის ადმინისტრაციის და მასწავლებლის.“

თემურ მიქელაძემ აღნიშნა, რომ ხელახალ ჩაკეტვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში გადავურჩებით, თუ ყველა რეკომენდაციას შევასრულებთ:

„შეიძლება გავხსნათ და ​ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ისევ გაუარესდეს. როგორც ხდება ევროპის ქვეყნებში, იხსნება ორი კვირა, იკეტება ერთი თვე, ეს ეხება იგივე გერმანიას, დიდ ბრიტანეთს და ა.შ. ხუთჯერ გაიხსნა, ხუთჯერ დაიკეტა. თუ ყველა რეკომენდაციას შევასრულებთ, წერტილოვან თუ ფართომასშტაბიან შეზღუდვებს თავიდან ავიცილებთ.“

თემურ მიქელაძის თქმით, პირბადის ტარებასთან ერთად მნიშვნელოვანია ნაკადების სწორად მართვაც:

„პირბადის ტარება არის აბსოლუტურად უსაფრთხო. მთავარია, პირბადე ჰქონდეს სწორად გამოყენებული ბავშვს. არ უნდა მოიხსნას, არ უნდა დაბინძურდეს, მოხსნის შემდეგ უნდა გამოიცვალოს. კლასში როდესაც არის 30-40 ბავშვი, ეს არის საკმაოდ ძნელი სამართავი. ​გარდა პირბადისა, აუცილებელია ნაკადების მართვა. სასურველია, რომ ასეთი კლასები გაიყოს ორად. ოცმა ბავშვმა იაროს ერთ დღეს, ოცმა მეორე დღეს. რაღაც გამოსავალი უნდა მოვძებნოთ. სკოლას შეუძლია დამოუკიდებლად მიიღოს ეს გადაწყვეტილება.“

„თუ ფიზიკური აქტივობით დავკავდებით, იქნება ფიზკულტურის გაკვეთილები, მაშინ არ უნდა გავუკეთოთ ბავშვს პირბადე. ფიზიკური აქტივობისას სუნთქვა გახშირებულია. გახშირებული სუნთქვის დროს, შესაძლოა, ბავშვს შეექმნას დისკომფორტი, ზოგ შემთხვევაში ჰაერის უკმარისობაც შეიძლება განვითარდეს. ეს რაღაც კატასტროფასთან არ არის კავშირში. ​აქ​ედან არანაირი ჟანგბადის კონცენტრაციის ნაკლებობა არ არის. ეს ყველაფერი არის თითიდან გამოწოვილი, აბსოლუტურად არასწორი ინფორმაციები. პირბადის ტარება უსაფრთხოა, სწორად გამოვიყენოთ, რომ არამარტო კოვიდისგან, სხვა ინფექციებისგანაც დავიცვათ თავი,“ - თემურ მიქელაძემ აღნიშნულ საკითხზე Euronews Georgia-ს ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ Euronews Georgia


წაიკითხეთ სრულად