Baby Bag

„დედის მიერ შეფასებული „რძე არ მაქვს“ ხშირ შემთხვევაში არ შეესაბამება რეალობას,“- პედიატრი ეკა უბერი

„დედის მიერ შეფასებული „რძე არ მაქვს“  ხშირ შემთხვევაში არ შეესაბამება რეალობას,“- პედიატრი ეკა უბერი

პედიატრმა ეკა უბერმა ახალბედა დედებში ძუძუთი კვების დროს არსებული პრობლემების შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ რძის არარსებობის პრობლემა დედების მხოლოდ 5%-ს აქვს:

„მხოლოდ 5 %-ში ფიქსირდება, რომ დედას არ აქვს რძე. ეს სიტუაცია მხოლოდ ექიმის მიერ ფასდება. დედის მიერ შეფასებული „რძე არ მაქვს,“ სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში არის სუბიექტური ან არ შეესაბამება რეალობას. ამიტომ ფსიქოლოგიური მომზადება სჭირდება, პირველ რიგში, დედას. ფსიქოლოგიური სტრესი, ორსულობის შემდგომი სტრესი ან გარემო ფაქტორები, უამრავი რამ შეიძლება აფერხებდეს ლაქტაციის პროცესს. დედების მხოლოდ 5%-ს აქვს რეალურად, თანდაყოლილად რძის არარსებობა.

ნახეთქების გამოჩენა როგორც წესი დაკავშირებულია მკერდის დვრილის არასწორ პოზიციასთან ბავშვის პირის ღრუში. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამშობიაროშივე დაეხმაროს შესაბამისი პერსონალი დედას, რომ სწორად მოარგოს ბავშვი ძუძუს. შესაბამისად მოხდება ნახეთქებისა და დისკომფორტის პრევენცია.

ექვსი თვის ჩათვლით ექსკლუზიური ძუძუთი კვება არის უნივერსალური და შეუცვლელი. 6 თვის შემდეგ რაც უნდა კარგად იმატებდეს ბავშვი, აუცილებელია, რომ ბავშვის კვების რაციონში შემოვიდეს დამატებითი კვება. პირველ რიგში, ეს იქნება მარცვლეული, ბოტნეული, ხორცი. რა თქმა უნდა, უნდა შევიტანოთ ხილიც. 6 თვის შემდეგ მხოლოდ ბუნებრივი კვება, რაც უნდა კალორიული იყოს ვეღარ აკმაყოფილებს ბავშვის სასიცოცხლო მოთხოვნებს,“- მოცემულ საკითხზე ეკა უბერმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ანატომია“ ისაუბრა.

წყარო: ​„ანატომია“

შეიძლება დაინტერესდეთ

„არ ვიცი, საიდან მოვიდა ეს დიდი რაოდენობით წყლის მიღება. პირიქით, ზედმეტი წყლის მიღება არ არის მიზანშეწონილი,“ - დავით გადელია

„არ ვიცი, საიდან მოვიდა ეს დიდი რაოდენობით წყლის მიღება. პირიქით, ზედმეტი წყლის მიღება არ არის მიზანშეწონილი,“ - დავით გადელია

ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორმა დავით გადელიამ იმ პრობლემების შესახებ ისაუბრა, რომლებსაც ადამიანებმა კოვიდის გადატანის შემდეგ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმონ:

„პირველ რიგში, ეს არის ფილტვებთან და ​სასუნთქ გზებთან დაკავშირებული პრობლემები. თუ ატყობენ, რომ აქვს გადაღლილობა, სუნთქვის დროს არის სიმძიმე, ამოსუნთქვის დროს ამოოხვრასავით არის, ქოშინი პატარა მანძილზე სიარულის დროს, ეს უკვე ნიშნავს, რომ ადამიანს აქვს ნარჩენი მოვლენები კოვიდის გადატანის შემდეგ. რომ გითხრათ, რომ ყნოსვის დაბრუნებას დავაჩქარებთ, არა, ეს ნამდვილად არ შეგვიძლია. სუნთქვის პრობლემებზე ძალიან ბევრი გვაქვს ნამუშევარი ადრეც და ვიცით რა შეიძლება გაკეთდეს. კოვიდი პირის ღრუშიც ძალიან ბევრ პრობლემას ტოვებს. ცოტა ყურადღებით უნდა იყვნენ კოვიდ გატანილი ადამიანები პირველი სამი თვის განმავლობაში.“

დავით გადელიას თქმით, ადამიანები ექიმების რეკომენდაციების მოსმენის შემდეგ მგრძნობიარეები ხდებიან და ზოგჯერ გარკვეული სიმპტომები ეჩვენებათ კიდეც:

„არ მინდა შევაშინო ადამიანები. ​როდესაც ექიმი რაღაცას ეუბნება, უფრო სენსიტიური ხდება ადამიანი, შეიძლება მოეჩვენოს კიდეც, რომ რაღაც აწუხებს. ამავე დროს მინდა ყურადღება მიაქციონ ადამიანებმა თავიანთ ორგანიზმს, რა მიმართულებით აქვთ პრობლემები. განსაკუთრებით ეს ეხება, რა თქმა უნდა, სუნთქვას. ყოფილა შემთხვევა, რომ შაქრის ნიშნული ძალიან მომატებულა, იმდენად, რომ დიაბეტის დამწყებიც კი ყოფილა ეს დაავადება. არის ასეთი შემთხვევები აღწერილი.“

დავით გადელია კოვიდ გადატანილ პაციენტებს ურჩევს დაავადების გადატანიდან ერთ-ორ თვეში კვლევები ჩაიტარონ:

„ერთი კარგი გამოკვლევა კარგი იქნება კოვიდის გადატანიდან ერთი ან ორი თვის შემდეგ.  ​იმის მიხედვით, თუ რა მიმართულებით არის პრობლემა, წამოვა რჩევები. არ ვიცი საიდან მოვიდა ეს დიდი რაოდენობით წყლის მიღება. პირიქით, ზედმეტი წყლის მიღება არ არის მიზანშეწონილი, განსაკუთრებით დაავადების პიკის დროს. ეს იწვევს სისხლის მიმოქცევის მცირე წრეში გადატვირთვას. მოგწყურდებათ, დალიეთ. არანაირად ზედმეტი სითხე არ მიიღოთ. გირჩევთ სუნთქვითი ვარჯიშების გაკეთებას და სამი თვის განმავლობაში განმეორებით კვლევებს. შემდგომი რეკომენდაციები ამ კვლევების შედეგებიდან წამოვა.“

„პაციენტის კლინიკიდან გაწერით არ მთავრდება მკურნალობა. არ იფიქროს არავინ, რომ გაეწერა და დამთავრდა. ეს არ არის გრიპი, ​ბევრად უფრო თავისებური დაავადებაა. შინ გაწერის დროსაც პაციენტმა უნდა გააგრძელოს რეკომენდაციები, რასაც ექიმი ეუბნება. სახლშიც უნდა გაგრძელდეს მკურნალობის გარკვეული ნაწილი. ყველას ჯანმრთელობას ვუსურვებ,“ - აღნიშნულ საკითხებზე დავით გადელიამ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ რუსთავი 2

წაიკითხეთ სრულად