Baby Bag

7 საყოფაცხოვრებო საგანი, რომელსაც ყოველდღიურად ვიყენებთ, მაგრამ სათანადოდ არ ვასუფთავებთ

7 საყოფაცხოვრებო საგანი, რომელსაც ყოველდღიურად ვიყენებთ, მაგრამ სათანადოდ არ ვასუფთავებთ

ყველა დიასახლისმა იცის, რომ სახლის დასუფთავება მნიშვნელოვანი საქმეა. მიუხედავად ამისა, ყველაზე სუფთა დიასახლისებსაც კი, შესაძლოა, გარკვეული დეტალები გამოეპაროთ და ზოგიერთი საყოფაცხოვრებო საგანი ყურადღების მიღმა დარჩეთ. ჩვენს სტატიაში 7 საყოფაცხოვრებო საგანს გაგაცნობთ, რომელთა სისუფთავეს დიასახლისები სათანადო ყურადღებას იშვიათად აქცევენ.

1. მრავალჯერადი გამოყენების ჩანთები

მრავალჯერადი გამოყენების ჩანთები საყიდლებზე სიარულისთვის იდეალურია, თუმცა კვლევებით დგინდება, რომ დიასახლისები მათ იშვიათად რეცხავენ. მსგავსი ტიპის ჩანთები ხშირად სხვადასხვა პროდუქტის შესაძენად გამოიყენება, რის გამოც პროდუქტების ნარჩენები ჩანთაში რჩება, ბაქტერიები ჩანთაში მრავლდება და ნებისმიერი ახალი პროდუქტის დაბინძურება შეუძლია. ჩანთის სისუფთავის შესანარჩუნებლად განსხვავებული ტიპის პროდუქტებისთვის განსხვავებული ჩანთები გამოიყენეთ. ჩანთები რეგულარულად გარეცხეთ სარეცხი საშუალებების გამოყენებით.

2. სამზარეულოს ჭურჭლის სახელურები

დიასახლისები ჭურჭლის სახელურებს, მაგალითად, ტაფის თავსახურის სახელურს, სათანადოდ იშვიათად რეცხავენ. სახელურებს პატარა ღარები აქვს, რომელშიც ნარჩენები გროვდება, რაც ბაქტერიების გამრავლებას უწყობს ხელს. ჭურჭლის სახელურების საფუძვლიანად გასაწმენდად ძმარი უნდა გამოიყენოთ.

3. საწური/საცერი

საწურსა და საცერს დიასახლისები ხშირად ისევე რეცხავენ, როგორც ჩვეულებრივ ჭურჭელს, მაგრამ იმის გამო, რომ მსგავსი ტიპის ჭურჭელს პატარა ნასვრეტები აქვს, ის განსხვავებულ რეცხვას საჭიროებს. საწურის ან საცერის სრულფასოვანი გასუფთავებისთვის ის ჭურჭლის სარეცხი საშუალებით შეზავებულ წყალში 15 წუთის განმავლობაში უნდა შეაყოვნოთ, რათა ნასვრეტებიდან ნარჩენები საბოლოოდ გამოვიდეს. შემდეგ საწური ონკანის ქვეშ მოათავსეთ და ჯაგრისით კარგად გახეხეთ.

4. ბლენდერი

ბლენდერის პირებში უამრავი ნარჩენი გროვდება, რის გამოც მისი სრულფასოვანი გარეცხვისთვის ბლენდერის თავი ნაწილებად დაშალეთ და ჭურჭლის სარეცხი საშუალებით გაზავებულ თბილ წყალში დააყოვნეთ, შემდეგ კი გამდინარე წყალში კარგად გარეცხეთ.

5. ცოცხი

ადამიანებს ხშირად ავიწყდებათ იმ ნივთების გაწმენდა, რომლებსაც სახლის დასუფთავებისთვის იყენებენ. ცოცხთან დაკავშირებითაც იმავე პრობლემას ვაწყდებით. ცოცხი უამრავ ნარჩენს იკრავს, როგორებიცაა: თმები, მტვერი და ნაგავი. ცოცხის სისუფთავის შესანარჩუნებლად ხელთათმანების გამოყენებით მას საგულდაგულოდ მოაცილეთ ზედმეტი ნარჩენები, შემდეგ კი თბილ საპნიან წყალში გააჩერეთ. ცოცხის გარეცხვის შემდეგ ის კარგად გააშრეთ და კვლავ გამოიყენეთ.

6. იატაკის საწმენდი ტილო

დიასახლისები ფიქრობენ, რომ წყლით სავსე ვედროში ან ონკანის ქვეშ დასველებული იატაკის საწმენდი ტილო სისუფთავეს მარტივად ინარჩუნებს, რაც არასწორია. იატაკის საწმენდი მუდმივად ტენიანია, რის გამოც ბაქტერიების გამრავლებისთვის იდეალურ სივრცეს ქმნის. თქვენ კი ამ ბაქტერიებს მთელ სახლში ავრცელებთ, როდესაც ფიქრობთ, რომ იატაკს წმენდთ და ასუფთავებთ. იატაკის საწმენდი ტილო გამოყენების შემდეგ საპნითა და წყლით კარგად უნდა გარეცხოთ, შეგიძლიათ გარეცხვისთვის სარეცხი საშუალებაც გამოიყენოთ. მნიშვნელოვანია, რომ გარეცხვის შემდეგ იატაკის საწმენდი კარგად გააშროთ. ამ ორი მარტივი ნაბიჯის გადადგმის შემდეგ ის სრულფასოვნად გაასუფთავებს სახლს და უსიამოვნო სუნიც არასდროს ექნება.

7. ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი

ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი ბაქტერიების გავრცელების ერთ-ერთი წყაროა. იდეალურ შემთხვევაში, გამოყენების შემდეგ ის სწრაფად უნდა ჩაანაცვლოთ ახალი ღრუბლით, თუმცა თუ ღრუბელს ხშირად იყენებთ, გირჩევთ ის საგულდაგულოდ გარეცხოთ გამოყენების შემდეგ, რათა მომდევნო გამოყენების დროს ჭურჭელი ბაქტერიებით არ დააბინძუროს.

წყარო: ​Brightside.me

შეიძლება დაინტერესდეთ

ბაღიდან მოსულ ბავშვს ეს კითხვები არ უნდა დაუსვათ - ფსიქოლოგ ნინო ბუაძის რეკომენდაციები მშობლებს

ფსიქოლოგმა ნინო ბუაძემ ის შეკითხვები დაასახელა, რომელიც მშობელმა ბაღიდან დაბრუნებულ ბავშვს არ უნდა დაუსვას:

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობელი რა ტიპის კითხვას სვამს. მაგალითად, ნეგატიური შინაარსის შეკითხვა: „ხომ არავინ დაგარტყა? ხომ არავინ წაგართვა? საჭმელი შეჭამე? მასწავლებელმა ხომ არ იყვირა?“

თუ ბავშვს სულ ნეგატიურ გამოცდილებებთან ვაბრუნებთ, ცხადია, შფოთვა არის მაღალი. პირიქით, თუ ვეუბნები: „რა მოგეწონა? დახატე დღეს?“ ეს დადებითად მოქმედებს. „რა მოხდა ბაღში?“ - ეს ძალიან დიდი შეკითხვაა. კითხვები კონკრეტული უნდა იყოს. ასეთ კითხვას ის თავიდან აიცილებს, იტყვის, რომ არაფერი მოხდა, ან დაავიწყდა, რა მოხდა. დავსვათ კონკრეტული შეკითხვა: „დახატე? მოგეწონა?“ არ გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რაც არ გამოსდის ბავშვს. ხშირად ეს არის კვება. მაგალითად, „წვნიანი ისევ არ ჭამე ბოლომდე? მე მასწავლებელს ვეტყვი.“ პედაგოგის გააქტიურება მონიტორინგის თვალსაზრისით, ასევე არასწორია,“- მოცემულ საკითხზე ნინო ბუაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

წაიკითხეთ სრულად