Baby Bag

„ბავშვის კვების დროს ეკრანის გამოყენებით ჩვენ დათვურ სამსახურს ვუწევთ ბავშვის ქცევას,“- პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

„ბავშვის კვების დროს ეკრანის გამოყენებით ჩვენ დათვურ სამსახურს ვუწევთ ბავშვის ქცევას,“- პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

პედიატრმა ინგა მამუჩიშვილმა მშობლების მხრიდან ბავშვის გამოკვების მიზნით ეკრანის გამოყენების მავნე ჩვევაზე ისაუბრა. მისი თქმით, სჯობს ბავშვი გარკვეულ ეტაპზე მშიერი დარჩეს და საკვები მოგვიანებით მოითხოვოს, ვიდრე კვების პროცესში ეკრანი გამოვიყენოთ:

„მე ძალიან კარგად მესმის მშობლების, მესმის მათი დაკავებულობის ხარისხის, მაგრამ ყველას ვთხოვ და მოვუწოდებ, ორ წლამდე კატეგორიულად ავკრძალოთ ეკრანთან დამოკიდებულება. ბავშვს ლამაზად გავუფორმოთ საკვები, შევცვალოთ ჭურჭელი, დავალაგოთ მაგიდაზე სხვადასხვა ტიპის ფაფა, ბოსტნეული ლამაზად გაფორმებული.

მე მირჩევნია ხშირ შემთხვევაში ბავშვი იყოს იმ პერიოდისთვის მშიერი. ბავშვი დიდხანს მშიერი არ დარჩება. ის აუცილებლად შეჭამს. უბრალოდ ჩვენ გვინდა, რომ ამ დროს მივაწოდოთ სრული ულუფა და ამისთვის ვიყენებთ ყველანაირ წესს. ამით ჩვენ დათვურ სამსახურს ვუწევთ მის ქცევას და გამოვიწვევთ ქცევით დევიაციებს,“- მოცემულ საკითხზე ინგა მამუჩიშვილმა რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „იმედი“

შეიძლება დაინტერესდეთ

ზოგჯერ ბავშვთან ურთიერთობისას ძალის დემონსტრირებაა საჭირო - ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა

ზოგჯერ ბავშვთან ურთიერთობისას ძალის დემონსტრირებაა საჭირო - ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ ბავშვის აღზრდისას რიგ შემთხვევებში მშობლის მხრიდან სიმტკიცის გამოჩენასა და ბავშვისთვის მკაცრი მოთხოვნების წაყენების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი:

„ბავშვი რომ ფანჯარაზე დადგება, ხომ არ დაუწყებ საუბარს: „ხომ არ ჩამოხვიდოდი, შვილო?!“ პირდაპირ ჩამოსვამ. ბავშვს რომ ნარკოტიკს დაუნახავ... რაღაცები არის, რაზეც მკვეთრი ქირურგიული გზები არის საჭირო.“

მარინა კაჭარავას თქმით, ბავშვთან ძალის დემონსტრირება ცემა-ტყეპას ან ყვირილს არ გულისხმობს:

„ერთმა გერმანელმა ფსიქოთერაპევტმა მითხრა, ჩვენ ევროპაში გამოვალაყეთ ბავშვები საუბრითო. ზოგჯერ ბავშვთან ურთიერთობისას ძალის დემონსტრირებაა საჭირო. ა​ქ ცემა-ტყეპა არ იგულისხმება, არც ყვირილი. აქ იგულისხმება ქცევა. თუნდაც თვალის თვალში გაყრა ერთ სიმაღლეზე, ზოგჯერ ხელის მოკიდება, ოდნავ მოჭერა და თვალებში ყურება, ხმის დაწევა, განა აწევა, რომ ძალიან მნიშვნელოვან რაღაცას გეუბნები.“

„თვალის კონტაქტი მაქვს ბავშვთან, სხვაგან კი არ ვიყურები. სხვას კი არ გადარებ, ჩემს ბავშვობას კი არ გადარებ. პირდაპირ რაღაცას მოვითხოვ შენგან. რატომ? 18 წლამდე ჩემი პასუხისმგებლობაა შენი სიცოცხლე. ის, რაც სიცოცხლეს და მორალს ეხება, ის, რამაც შეიძლება ადამიანი დაღუპოს, აქ მშობელი ფუნქციონირებს ისე, როგორც თვლის საჭიროდ,“ - აღნიშნულ საკითხზე მარინა კაჭარავამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“

წაიკითხეთ სრულად