Baby Bag

„ბავშვის კვების დროს ეკრანის გამოყენებით ჩვენ დათვურ სამსახურს ვუწევთ ბავშვის ქცევას,“- პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

„ბავშვის კვების დროს ეკრანის გამოყენებით ჩვენ დათვურ სამსახურს ვუწევთ ბავშვის ქცევას,“- პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

პედიატრმა ინგა მამუჩიშვილმა მშობლების მხრიდან ბავშვის გამოკვების მიზნით ეკრანის გამოყენების მავნე ჩვევაზე ისაუბრა. მისი თქმით, სჯობს ბავშვი გარკვეულ ეტაპზე მშიერი დარჩეს და საკვები მოგვიანებით მოითხოვოს, ვიდრე კვების პროცესში ეკრანი გამოვიყენოთ:

„მე ძალიან კარგად მესმის მშობლების, მესმის მათი დაკავებულობის ხარისხის, მაგრამ ყველას ვთხოვ და მოვუწოდებ, ორ წლამდე კატეგორიულად ავკრძალოთ ეკრანთან დამოკიდებულება. ბავშვს ლამაზად გავუფორმოთ საკვები, შევცვალოთ ჭურჭელი, დავალაგოთ მაგიდაზე სხვადასხვა ტიპის ფაფა, ბოსტნეული ლამაზად გაფორმებული.

მე მირჩევნია ხშირ შემთხვევაში ბავშვი იყოს იმ პერიოდისთვის მშიერი. ბავშვი დიდხანს მშიერი არ დარჩება. ის აუცილებლად შეჭამს. უბრალოდ ჩვენ გვინდა, რომ ამ დროს მივაწოდოთ სრული ულუფა და ამისთვის ვიყენებთ ყველანაირ წესს. ამით ჩვენ დათვურ სამსახურს ვუწევთ მის ქცევას და გამოვიწვევთ ქცევით დევიაციებს,“- მოცემულ საკითხზე ინგა მამუჩიშვილმა რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „იმედი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„არაფერი ასაზრდოებს ბავშვის გულს ისე, როგორც დადებითი ემოციები,“ - ნუტრიციოლოგი მარი მალაზონია

„არაფერი ასაზრდოებს ბავშვის გულს ისე, როგორც დადებითი ემოციები,“ - ნუტრიციოლოგი მარი მალაზონია

ნუტრიციოლოგმა მარი მალაზონიამ 5 პუნქტი დაასახელა, რომელიც ბავშვის გულის ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა:

„ეს არის ხუთი ძირითადი პუნქტი, რომელზეც მთელი მსოფლიოს ექიმები შეთანხმდნენ, განსაკუთრებით პედიატრიული საზოგადოებები, რომელთაც დიდი გამოცდილება დაუგროვდათ, თუ რა არის ბავშვის გულისთვის სასარგებლო. აღმოჩნდა, რომ ბავშვისთვის უმნიშვნელოვანესია დადებითი ემოციები. ​ყველაფერი, რაც ბავშვის განვითარებისთვის კარგია, კარგია ბავშვის გულისთვის. აღმოჩნდა, რომ არაფერი ასაზრდოებს ბავშვის გულს ისე, როგორც დადებითი ემოციები. ხშირად გვგონია, რომ თუ ბევრი სათამაშო აქვს ბავშვს, თუ მსუყედ ვცხოვრობთ, ბევრი ფული გვაქვს იმისთვის, რომ სურვილები დავუკმაყოფილოთ ბავშვებს, ეს აბედნიერებთ მათ. აღმოჩნდა, რომ ბავშვს ყველაზე მეტად აბედნიერებს და დადებითი ემოციებით ავსებს სიყვარულის განცდა, რომელსაც გარშემომყოფებისგან გრძნობს. ბავშვებს სჭირდებათ, რომ იგრძნონ ჩვენგან სიყვარული. არაფერი ავსებთ ბავშვებს დადებითი ემოციებით ისე, როგორც უფროსების მზაობა მათ მოუსმინონ. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი შვილის სამზერი თვალებით ვუყუროთ სამყაროს.“

მარი მალაზონიას თქმით, ბავშვის ჯანმრთელობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ოჯახურ ფიზიკურ აქტივობას:

„რაც შეეხება ფიზიკურ აქტივობას, უბრალოდ ბავშვის წაქეზება ფიზიკური აქტივობისთვის არ აღმოჩნდა საკმარისი. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ ეს აქტივობა იყოს ოჯახური. იყოს იმ ადამიანებთან ერთად, ვინც სიყვარულით და დადებითი ემოციებით ავსებს ბავშვს. ბავშვის გულის დასაცავად მნიშვნელოვანია ბავშვის ეკრანთან გატარებული დროის კონტროლი.​ ეკრანთან გატარებული დრო ბავშვის გულისთვის არის დანაღმული ველი. ჩვენ ბავშვის ჯანმრთელობისთვის ნაღმებს ვამზადებთ, როდესაც ვერ ვაკონტროლებთ დროს. ეს ნაღმები ჩვენს შვილებს აუფეთქდებათ ცხოვრების სულ სხვა ეტაპზე. ამ პუნქტში იგულისხმება, თუ რას უნდა უყურონ ბავშვებმა ეკრანზე.“

„სპორტი არის ფიზიკური აქტივობისგან განსხვავებული მდგომარეობა. თუ გადავწყვიტეთ, რომ ბავშვი ადრეული ასაკიდან რომელიმე სახეობის სპორტით დავტვირთოთ, აუცილებელია კონტროლი. კონტროლში იგულისხმება წინასწარი შეფასება, განსაკუთრებით იმ ოჯახებში სადაც არის გულთან დაკავშირებული რისკები. მნიშვნელოვანია, რომ მშობელმა ბავშვი არ აქციოს საკუთარი აუსრულებელი ოცნებების მიღწევის საშუალებად. რეალური შეფასება გულისხმობს, ვიცოდეთ, რა შეუძლია ჩვენს შვილს, რა უნდა და არ მოვახვიოთ თავს ჩვენი სურვილები,“ - აღნიშნულ საკითხზე მარი მალაზონიამ საქართველოს პირველი არხის გადაცმეაში „პირადი ექიმი-მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად