Baby Bag

„ბავშვის კვების დროს ეკრანის გამოყენებით ჩვენ დათვურ სამსახურს ვუწევთ ბავშვის ქცევას,“- პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

„ბავშვის კვების დროს ეკრანის გამოყენებით ჩვენ დათვურ სამსახურს ვუწევთ ბავშვის ქცევას,“- პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

პედიატრმა ინგა მამუჩიშვილმა მშობლების მხრიდან ბავშვის გამოკვების მიზნით ეკრანის გამოყენების მავნე ჩვევაზე ისაუბრა. მისი თქმით, სჯობს ბავშვი გარკვეულ ეტაპზე მშიერი დარჩეს და საკვები მოგვიანებით მოითხოვოს, ვიდრე კვების პროცესში ეკრანი გამოვიყენოთ:

„მე ძალიან კარგად მესმის მშობლების, მესმის მათი დაკავებულობის ხარისხის, მაგრამ ყველას ვთხოვ და მოვუწოდებ, ორ წლამდე კატეგორიულად ავკრძალოთ ეკრანთან დამოკიდებულება. ბავშვს ლამაზად გავუფორმოთ საკვები, შევცვალოთ ჭურჭელი, დავალაგოთ მაგიდაზე სხვადასხვა ტიპის ფაფა, ბოსტნეული ლამაზად გაფორმებული.

მე მირჩევნია ხშირ შემთხვევაში ბავშვი იყოს იმ პერიოდისთვის მშიერი. ბავშვი დიდხანს მშიერი არ დარჩება. ის აუცილებლად შეჭამს. უბრალოდ ჩვენ გვინდა, რომ ამ დროს მივაწოდოთ სრული ულუფა და ამისთვის ვიყენებთ ყველანაირ წესს. ამით ჩვენ დათვურ სამსახურს ვუწევთ მის ქცევას და გამოვიწვევთ ქცევით დევიაციებს,“- მოცემულ საკითხზე ინგა მამუჩიშვილმა რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „იმედი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვებს ვეღარ ვცნობ, ვეღარ ვხედავ მათში სიხარულს, ყველა მოწყენილია, თითქოს ჩაკლეს მათში ბავშვობა,“ - პედიატრ ინგა მამუჩიშვილის ემოციური პოსტი

„ბავშვებს ვეღარ ვცნობ, ვეღარ ვხედავ მათში სიხარულს, ყველა მოწყენილია, თითქოს ჩაკლეს მათში ბავშვობა,“ - პედიატრ ინგა მამუჩიშვილის ემოციური პოსტი

​​პედიატრი ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს,რომელშიც თანამედროვე ყოფის სირთულეებზე საუბრობს და კოვიდ-19-ის პანდემიის შემდეგ ადამიანების დამძიმებულ ყოფას აღწერს:

„ცხოვრება მშვენიერიაო? ვერ ვგრძნობ მე ამას,რადგან ის მხოლოდ ერთეულებისთვის არის მშვენიერი... აბა დააკვირდით ადამიანთა სახეებს, ნაღვლიანი, ჩამქრალი, ტრაგიკული,უსიცოცხლო თვალებით მომზირალნი დადიან (სამწუხაროდ, ბოლო დროს მხოლოდ თვალებს ვხედავთ ნიღბების გამო). ყოველდღიურ რუტინაზე ფიქრით, შიშით ათენებენ და აღამებენ... ბავშვებს ვუყურებ 12 საათი დღეში და ვეღარ ვცნობ, ვეღარ ვხედავ მათში ხალას ბუნებას,სიხარულს. ყველა მოწყენილია, თითქოს ჩაკლეს მათში ბავშვობა. მენტალური პრობლემები პირველ ადგილს იკავებს ნოზოლოგიათა შორის, კატასტროფაა... ენატრებათ მეგობრები, ნიღაბაფარებულებს ემოციის აღქმაც უჭირთ. სათამაშოების ნაცვლად სადიზინფექციო ხსნარებისკენ იწევენ და იმუშავებენ იმ პაწაწუნა ხელებს ჩემთან შემოსულები.

როგორ იქნება მშვენიერი ეს ცხოვრება, როცა მშვენიერების აღქმის უნარი დავკარგეთ. ​ჩვენი ვიზიტების უხშირესი ადგილები კლინიკები,აფთიაქები, ბანკები და მარკეტებია. აღარც თეატრი, აღარც კონცერტი, აღარც სპორტული დარბაზი, არც ჭიქა ყავაზე ბაასი და ერთმანეთის მოფერება... კრიმინალი, უსამართლობა, არაკომპეტენტურობა, კოვიდით გამოწვეული სიკვდილის შიში, უამრავი გარდაცვალების შემთხვევა (ხშირად საეჭვო), ნგრევა და სხვა მრავალი უბედურება, ნეგატივი და მხოლოდ ნეგატივი. ეს არის "მშვენიერი ცხოვრება" მოსახლეობის 80%-თვის.

თბილ სავარძლებში მოკალათებულთ ფეშენებელურ კაბინეტებში ულხინთ და სულაც არ ადარდებთ მშიერი, ნაგავში ლუკმა-პურის საშოვნელად გამოსული ხალხი, ბავშვები, რომელთაც ხორცი და ნუგბარი ენატრებათ! რეანიმაციებში მყოფი მძიმე პაციენტები, ხშირად მხოლოდ ღმერთის ანაბარად დარჩენილები, ჩვენი გაუმართავი ჯანდაცვის სისტემის წყალობით. განათლების გარეშე დარჩენილი მომავალი თაობა, ორი აბი კაპტოპრილის, ერთი კვერცხის და პურის ძლივს შემძენი მოხუცები, ხურდას რომ ითვლიან დანაოჭებულ ხელისგულებზე, მთელი ცხოვრების განმავლობაში რომ შრომობდნენ და ახლა თვიდან თვემდე სამარცხვინო პენსიის გაწილვადებაზე ფიქრობენ.

​რამდენს დავეხმარებით,რამდენს შევუგროვებთ სამკურნალო თანხას ჩვენ - ადამიანები,ის ადამიანები, რომლებიც თანდათან თვითონაც ფსკერისკენ მივდივართ... თავს ვიტყუებთ, რომ ცხოვრება მშვენიერიაო. მე თქვენ ყველას გისურვებთ მშვენიერ ცხოვრებას, აი ისეთს, როგორიც თქვენ წარმოგიდგენიათ. ეს დღეც დადგებაუბრალოდ რეალურად შევხედოთ ამ „მშვენიერ ცხოვრებას"და ვეცადოთ, გავხადოთ მართლაც მშვენიერი,“ - აღნიშნავს ინგა მამუჩიშვილი.

წაიკითხეთ სრულად