Baby Bag

„ბავშვის კვების დროს ეკრანის გამოყენებით ჩვენ დათვურ სამსახურს ვუწევთ ბავშვის ქცევას,“- პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

„ბავშვის კვების დროს ეკრანის გამოყენებით ჩვენ დათვურ სამსახურს ვუწევთ ბავშვის ქცევას,“- პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

პედიატრმა ინგა მამუჩიშვილმა მშობლების მხრიდან ბავშვის გამოკვების მიზნით ეკრანის გამოყენების მავნე ჩვევაზე ისაუბრა. მისი თქმით, სჯობს ბავშვი გარკვეულ ეტაპზე მშიერი დარჩეს და საკვები მოგვიანებით მოითხოვოს, ვიდრე კვების პროცესში ეკრანი გამოვიყენოთ:

„მე ძალიან კარგად მესმის მშობლების, მესმის მათი დაკავებულობის ხარისხის, მაგრამ ყველას ვთხოვ და მოვუწოდებ, ორ წლამდე კატეგორიულად ავკრძალოთ ეკრანთან დამოკიდებულება. ბავშვს ლამაზად გავუფორმოთ საკვები, შევცვალოთ ჭურჭელი, დავალაგოთ მაგიდაზე სხვადასხვა ტიპის ფაფა, ბოსტნეული ლამაზად გაფორმებული.

მე მირჩევნია ხშირ შემთხვევაში ბავშვი იყოს იმ პერიოდისთვის მშიერი. ბავშვი დიდხანს მშიერი არ დარჩება. ის აუცილებლად შეჭამს. უბრალოდ ჩვენ გვინდა, რომ ამ დროს მივაწოდოთ სრული ულუფა და ამისთვის ვიყენებთ ყველანაირ წესს. ამით ჩვენ დათვურ სამსახურს ვუწევთ მის ქცევას და გამოვიწვევთ ქცევით დევიაციებს,“- მოცემულ საკითხზე ინგა მამუჩიშვილმა რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „იმედი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ეს უკვე სეზონური გრიპივით არის: სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბრის დასაწყისში იწყება ხოლმე აჟიოტაჟი,“ - საბავშვო მწერალი ვასილ გულეური

„ეს უკვე სეზონური გრიპივით არის:  სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბრის დასაწყისში იწყება ხოლმე აჟიოტაჟი,“ - საბავშვო მწერალი ვასილ გულეური

საბავშო ლექსების ავტორი ვასილ გულეური სოციალურ ქსელში მისი ლექსების აგრესიულ კრიტიკას გამოეხმაურა:

„ეს ყველაფერი დაიწყო 2018 წლიდან. ​რეალურად ეს იყო სახელმძღვანელოს წინააღმდეგ აგორებული კამპანია. ამისთვის მათ სჭრიდებოდათ რაღაც საბაბის პოვნა. ვიცი, რომ ჩემი ლექსები ბავშვებს ძალიან უყვართ და მოსწონთ. ჩემი ლექსიდან იყო ორი სტროფი ამოღებული, ატრიალებდნენ ფრაზას, სადაც გამოვიყენე სიტყვა „დღემურა.“ ეს მოგონილი სიტყვაა. ამაზე იყო კომენტარები: „რა არის ეს დღემურა? რას ასწავლიან ბავშვებს? სად არის გოგებაშვილის „დედა ენა?“ ისიც არ იციან, თავად გოგებაშვილი რამდენჯერ ამუშავებდა სახელმძღვანელოს, 33-ჯერ გამოიცა მის სიცოცხლეში. დღეს თვითონ ბევრ რამეს შეცვლიდა იმ „დედა ენაშიც.“ ამან ჩემზე ძალიან იმოქმება პირველ წელს.“

ვასილ გულეურის თქმით, კრიტიკამ სეზონური გრიპის სახე მიიღო და სკოლის დაწყებისას აქტიურდება:

„ეს უკვე სეზონური გრიპივით არის. სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბრის დასაწყისში იწყება ხოლმე ეს აჟიოტაჟი. როდესაც ბავშვები სწავლობენ ამ ლექსს, ეტყობა, მშობლები მაშინ უგდებენ ყურს. ​ის კატეგორია, ვფიქრობ, საერთოდ არ კითხულობს მანამდე წიგნს. წელს შემაშფოთა არა იმან, რომ ჩემს მიმართ ლანძღვაა, არამედ იმან, რომ ამ ადამიანების უმეტესობა ზრდის ბავშვებს. გამოდის, რომ ისინი ბავშვებს ასწავლიან აგრესიას ყველაფრის მიმართ.“

„თუ ცუდი ლექსია და არ მოგწონს, გამოხატე აზრი, გააკრიტიკე, ეს აბსოლუტურად მისაღებია. ეს აგრესია და ლანძღვა არის ერთ-ერთი მაჩვენებელი იმისა, რაც ხდება ქვეყანაში. ვიღაცას სცემენ იმის გამო, რომ გრძელი თმა აქვს, ვიღაცას სცემენ იმის გამო, რომ ფერადი ტანსაცმელი აცვია. ეს ადამიანები ასე უყურებენ ყველაფერს განსხვავებულს. ეს არის საშიში,“ - აღნიშნულ საკითხზე ვასილ გულეურმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დილა“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დილა“

წაიკითხეთ სრულად