Baby Bag

„ბავშვის კვების დროს ეკრანის გამოყენებით ჩვენ დათვურ სამსახურს ვუწევთ ბავშვის ქცევას,“- პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

„ბავშვის კვების დროს ეკრანის გამოყენებით ჩვენ დათვურ სამსახურს ვუწევთ ბავშვის ქცევას,“- პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

პედიატრმა ინგა მამუჩიშვილმა მშობლების მხრიდან ბავშვის გამოკვების მიზნით ეკრანის გამოყენების მავნე ჩვევაზე ისაუბრა. მისი თქმით, სჯობს ბავშვი გარკვეულ ეტაპზე მშიერი დარჩეს და საკვები მოგვიანებით მოითხოვოს, ვიდრე კვების პროცესში ეკრანი გამოვიყენოთ:

„მე ძალიან კარგად მესმის მშობლების, მესმის მათი დაკავებულობის ხარისხის, მაგრამ ყველას ვთხოვ და მოვუწოდებ, ორ წლამდე კატეგორიულად ავკრძალოთ ეკრანთან დამოკიდებულება. ბავშვს ლამაზად გავუფორმოთ საკვები, შევცვალოთ ჭურჭელი, დავალაგოთ მაგიდაზე სხვადასხვა ტიპის ფაფა, ბოსტნეული ლამაზად გაფორმებული.

მე მირჩევნია ხშირ შემთხვევაში ბავშვი იყოს იმ პერიოდისთვის მშიერი. ბავშვი დიდხანს მშიერი არ დარჩება. ის აუცილებლად შეჭამს. უბრალოდ ჩვენ გვინდა, რომ ამ დროს მივაწოდოთ სრული ულუფა და ამისთვის ვიყენებთ ყველანაირ წესს. ამით ჩვენ დათვურ სამსახურს ვუწევთ მის ქცევას და გამოვიწვევთ ქცევით დევიაციებს,“- მოცემულ საკითხზე ინგა მამუჩიშვილმა რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „იმედი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ტანტრუმი არ არის ცუდი ქცევა - ამ დროს ორგანიზმში არის ქარიშხალი და ჩვენი მოვალეობაა ბავშვებს ტანჯვა შევუმსუბუქოთ''

„ტანტრუმი არ არის ცუდი ქცევა - ამ დროს ორგანიზმში არის ქარიშხალი და ჩვენი მოვალეობაა ბავშვებს ტანჯვა შევუმსუბუქოთ''

ტანტრუმის შესახებ ფსიქოლოგმა ნინო მარგველაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, ტანტრუმი არის ბოლო ეტაპი, ეს არის პიკი, როდესაც ადამიანის ორგანიზმში ნერვული სისტემა არის აბობოქრებული, ეს არის ქარიშხალი:

,,ჩვენ, მშობლებმა, უნდა დავინახოთ, პირველ რიგში, რომ ადამიანი ცუდად არის, რომ შიგნით არის შტორმი და ბავშვი თვითონ ვერ გაჩერდება. რა უნდა ქნას მშობელმა ამ დროს? -  ის უნდა იყოს მყარად, დამშვიდდეს, მივიდეს შვილთან და როგორც ქარიშხლის დროს ხეს მოვეჭიდებით და ვიცით, რომ ქარიშხალი ვერ გაგვაფრენს ვერსად, ისე უნდა ვიყოთ ამ დროს შვილებისთვის იმ მომენტში. მათთან ახლოს უნდა ვიყოთ და ვაგრძნობინოთ, რომ მათ გვერდით ვართ. ტანტრუმი არ არის ცნობიერი გადაწყვეტილება, ეს არის ავტომატური გადართვა, სხვანაირად მშობელს ვერ ატყობინებს, რომ დაიღალა ან შია, ან ძალიან ინერვიულა. ტანტრუმი მშობლისთვის არის სიგნალი, რომ რაღაცები გამოეპარა და ახლა ბავშვს სჭირდება დახმარება - ჯერ დააშვიდოს ახსნების და დარწმუნების გარეშე, რადგან ამ დროს რაციონალური გონება გათიშულია. ჯერ მის გვერდით უნდა ვიყოთ, შევუმსუბუქოთ ტანჯვა თანადგომით, თანაგრძნობით. შემდეგ უკვე შეიძლება მათთან საუბარი,'' - აღნიშნულ საკითხზე ნინო მარგველაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​,,წესები მშობლებისთვის''

წაიკითხეთ სრულად