Baby Bag

„ბავშვის კვების დროს ეკრანის გამოყენებით ჩვენ დათვურ სამსახურს ვუწევთ ბავშვის ქცევას,“- პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

„ბავშვის კვების დროს ეკრანის გამოყენებით ჩვენ დათვურ სამსახურს ვუწევთ ბავშვის ქცევას,“- პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

პედიატრმა ინგა მამუჩიშვილმა მშობლების მხრიდან ბავშვის გამოკვების მიზნით ეკრანის გამოყენების მავნე ჩვევაზე ისაუბრა. მისი თქმით, სჯობს ბავშვი გარკვეულ ეტაპზე მშიერი დარჩეს და საკვები მოგვიანებით მოითხოვოს, ვიდრე კვების პროცესში ეკრანი გამოვიყენოთ:

„მე ძალიან კარგად მესმის მშობლების, მესმის მათი დაკავებულობის ხარისხის, მაგრამ ყველას ვთხოვ და მოვუწოდებ, ორ წლამდე კატეგორიულად ავკრძალოთ ეკრანთან დამოკიდებულება. ბავშვს ლამაზად გავუფორმოთ საკვები, შევცვალოთ ჭურჭელი, დავალაგოთ მაგიდაზე სხვადასხვა ტიპის ფაფა, ბოსტნეული ლამაზად გაფორმებული.

მე მირჩევნია ხშირ შემთხვევაში ბავშვი იყოს იმ პერიოდისთვის მშიერი. ბავშვი დიდხანს მშიერი არ დარჩება. ის აუცილებლად შეჭამს. უბრალოდ ჩვენ გვინდა, რომ ამ დროს მივაწოდოთ სრული ულუფა და ამისთვის ვიყენებთ ყველანაირ წესს. ამით ჩვენ დათვურ სამსახურს ვუწევთ მის ქცევას და გამოვიწვევთ ქცევით დევიაციებს,“- მოცემულ საკითხზე ინგა მამუჩიშვილმა რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „იმედი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ერთ-ერთ ყველაზე ბედნიერ ერად მოიაზრება დანია... დანიელები არ ეპუებიან სოციალურ ქსელებს...“- ფსიქოლოგი ფიქრია იმერლიშვილი

ფსიქოლოგმა ფიქრია იმერლიშვილმა ყალბი ბედნიერების პრობლემაზე ისაუბრა, რომელიც თანამედროვე ადამიანს აწუხებს:

„ერების ბედნიერების ხარისხის ინდექსი არსებობს. ერთ-ერთ ყველაზე ბედნიერ ერად მოიაზრება დანია. მათი ბედნიერების მაღალი ხარისხი განსაზღვრა იმან, რომ ისინი არ ეპუებიან სოციალურ ქსელებს. დანიელებს მიაჩნიათ, რომ მათი ბედნიერების განმსაზღვრელი არის სწორედ ის ურთიერთობა, რომელიც აქამდეც იყო. ისინი რეგულარულად ხვდებიან ერთმანეთს, არ კარგავენ საყვარელ ადამიანებთან შეხვედრის ბედნიერებას. ჩახუტებისას, როდესაც ვხვდებით ჩვენთვის ძვირფას ადამიანს, გამოიყოფა ჰორმონი ოქსიტოცინი, რომელიც სოციალურ ურთიერთობებს არეგულირებს. სოციალურ ქსელებში ეს ჰორმონი ვერ წარმოიქმნება.

ფრომმა თქვა: „თუ ვარ ბედნიერი, ვარ წარმატებული და საინტერესო ადამიანი.“ ჩვენ სოციალურ ქსელებში ამას ვამტკიცებთ. რატომ მიდიან ადამიანები ფოტოსესიებზე? აქაც ხდება გამოაშკარავება ფუფუნების საგნებთან, ნივთებთან ფოტოების. კეთდება განსაკუთრებული მაკიაჟი, იქმნება განსაკუთრებული იმიჯი. მერე ამით საზოგადოებას თავს ვაწონებთ, როგორი ყოჩაღები ვართ და როგორი ბედნიერები.

ეს ყველაფერი მოდის ბავშვობიდან. როდესაც ბავშვი აკეთებს რაღაცას და მშობელი ეუბნება: „ეს რატომ გააკეთე? ნახე შენი კლასელი როგორია. ნახე იმან შენს ასაკში რამდენ წარმატებას მიაღწია,“ შენ უკვე შენს შვილს უწყობ ხელს იმაში, რომ მოხდეს მისი პიროვნების გახლეჩა. ეუბნები, რომ ასეთი არ უნდა იყოს და აუცილებლად უნდა დაემსგავსოს ვიღაცას. ბავშვი ეჩვევა იმას, რომ უნდა გააყალბოს საკუთარი ცხოვრება. შემდეგ კლასელი წარმატებული რომ არის, ვიღაცას უკეთესი ტელეფონი უჭირავს, ის ერთვება ამ მარათონში,“- მოცემულ საკითხზე ფიქრია იმერლიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო:​ „იმედის დღე“ 

წაიკითხეთ სრულად