Baby Bag

„ხელის დაბანა არ უნდა იყოს მხოლოდ ონკანთან მისვლა და წყლის გადავლება,“- პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

„ხელის დაბანა არ უნდა იყოს მხოლოდ ონკანთან მისვლა და წყლის გადავლება,“- პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

პედიატრმა ინგა მამუჩიშვილმა ბავშვებში ჰიგიენის წესების დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მშობლებს მოუწოდა, რომ პატარებს ხელების სწორად და სრულფასოვნად დაბანა ასწავლონ:

„ხელის დაბანა უნდა მოხდეს გარკვეული წესების მიხედვით. ეს არ უნდა იყოს მხოლოდ ონკანთან მისვლა და ხელის გადავლება. ხშირად მინახავს, პატარას ეუბნებიან: დაიბანე ხელი! ის გადაივლებს ხელზე წყალს და სველი ხელებით გამოვარდება გარეთ. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვასწავლოთ ბავშვს, რომ დაახლოებით 20 წამის განმავლობაში უნდა დაიბანოს ხელი. რა თქმა უნდა, აუცილებელია ხელის მთლიანად დაბანა. თითებს შორის არე და ფრჩხილის არეც უნდა დაიბანო. პატარები ხელს ხშირად იდებენ პირში, ხელში უჭირავთ სათამაშო.

ექიმებიც ვართ ერთ-ერთი სერიოზული რისკ-ფაქტორი ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით. ჩვენ ყოველდღიური კონტაქტი გვაქვს პაციენტებთან და არამხოლოდ ხელებს ვიბანთ, სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით ვიმუშავებთ ხელებს,“- მოცემულ საკითხზე ინგა მამუჩიშვილმა საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „ერთსულოვნების დილა“ ისაუბრა.

წყარო: ​„საპატრიარქოს ტელევიზია“

შეიძლება დაინტერესდეთ

8 ნიშანი შეკრულობის დროს, რომელთა გამოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს - გიორგი ღოღობერიძის რეკომენდაცია

8 ნიშანი შეკრულობის დროს, რომელთა გამოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს - გიორგი ღოღობერიძის რეკომენდაცია

ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ შეკრულობის დროს საყურადღებო სიმპტომების შესახებ ისაუბრა:

„მინდა გითხრათ იმ 8 ნიშნის შესახებ, რომელსაც უნდა მიაქციოთ ყურადღება მაშინ, თუ გაქვთ შეკრულობა. შეკრულობა საქართველოში ძალიან ხშირი მოვლენაა. როგორც წესი, ის აქვთ ხოლმე ქალებს, ბავშვებს და 65 წელზე მეტი ასაკის ადამიანებს. ის ყველაზე გავრცელებული კუჭ-ნაწლავის პრობლემაა. მინდა გითხრათ, 8 ნიშანი, რომელთა გამოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.“

გიორგი ღოღობერიძის თქმით, შეკრულობა განსაკუთრებით საყურადღებოა მაშინ, როდესაც 50 წელს გადაცილებულ ადამიანს ის პირველად აწუხებს:

„თუ შენ გაქვს შეკრულობა და ამ შეკრულობას ასევე ახლავს სისხლიანი განავალი, ან განავალი არის მუქი ფერის, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ ყველა შემთხვევაში უნდა მიმართო ექიმს. თუ ადამიანს შეკრულობა აქამდე არასდროს არ ჰქონია, ის არის 50 წელს ზევით და მას აწუხებს შეკრულობა, მაშინ მან უნდა მიმართოს ექიმს. შეიძლება აქ იყოს ონკოლოგიური პრობლემაც. როდესაც გაქვს შეკრულობა და ამ ყველაფერს თან ახლავს წონაში კლება, ღამით ოფლიანობა, აუცილებლად უნდა მიმართო ექიმს. თუ არის ოდნავ მაღალი ტემპერატურა და ასევე არის შეკრულობაც, უნდა მიმართო ექიმს. თუ ადამიანი არის ასაკოვანი და აქვს შეკრულობა, მან აუცილებლად უნდა ჩააბაროს სისხლის საერთო ანალიზი და ინახოს, ხომ არ აქვს მას დაქვეითებული ჰემოგლობინი და წითელი უჯრედების რაოდენობა. როდესაც არის შეკრულობა და მას ახლავს ანემია, დაუყოვნებლივ გაიქეცი კლინიკაში.“

„თუ მონელების შემდეგ მუცლის ტკივილი მაინც გაწუხებს, ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა მიმართო ექიმს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს მუცლის ტკივილი ღამის საათებშიც გაღვიძებს. ექიმს უნდა მიმართოს იმ ადამიანმაც, რომელსაც აქვს შეკრულობა, სვამს საფაღარათო საშუალებებს, მაგრამ შედეგი არ აქვს. აქ შეიძლება იყოს ძალიან სერიოზული პრობლემა. თუ ადამიანს აქვს შეკრულობა და სანათესაოში ჰყავს ადამიანი, რომელსაც აქვს ნაწლავის ანთებითი დაავადება ან მსხვილი ნაწლავის სიმსივნე, მან უნდა მიმართოს ექიმს. ამ რვიდან საკმარისია რომელიმე ერთი არ გაითვალისწინო და დამიჯერე, სანანებელი გაგიხდება, რომ ეს ვიდეო არ ნახე. გახსოვდეს, ამ 8 ნიშანს გვერდი არასდროს აუარო,“- აღნიშნა გიორგი ღოღობერიძემ.

წყარო: ​Usmle მოსამზადებელი ცენტრი

წაიკითხეთ სრულად