Baby Bag

„თუ დასასვენებლად წაყვანილი ბავშვი 10 დღეში უკან მოგვყავს, ის ადაპტაციასაც ვერ ახერხებს და ბრუნდება ისევ თავის სახლში,“- პედიატრი ანა მაღრაძე

პედიატრმა ანა მაღრაძემ მშობლებს ურჩია ბავშვის დასასვენებლად წაყვანის შემთხვევაში გარემოსთან ადაპტაციისთვის საჭირო დრო გაითვალისწინონ:

„გარემოსთან ადაპტაცია დიდსაც და ბავშვსაც ესაჭიროება დაახლოებით 7-დან 10 დღემდე, როდესაც ბავშვი იცვლის გარემოს, იცვლის საკვებს, წყალს და ა.შ. ამ გარემოსთან შეგუებას დაახლოებით 7-დან 10 დღემდე ესაჭიროება. თუ ჩვენ გვინდა, რომ ბავშვმა მიიღოს იმ გარემოდან რაღაც სარგებელი, ეს შეეხება ჰავის ცვლილებას, თუ მის ფსიქო-ემოციურ შეწყობას იმ გარემოსთან, თუ ის 10 დღეში უკან მოგვყავს, ის ადაპტაციასაც ვერ ახერხებს და ბრუნდება ისევ თავის სახლში.

ბავშვს ორი კვირით თუ წავიყვანთ დასასვენებლად, ეს დანაშაული არ არის, რა თქმა უნდა. სასურველია, თუ იქნება 20-30 დღე. ადაპტაციის დღეების რაოდენობა უნდა გავითვალისწინოთ. თუნდაც იყოს 2 კვირა, რომ 7 დღე იყოს ადაპტაცია, შემდეგ 7 დღე მიიღებს გარემოს და დაბრუნდებით სახლში. აუცილებელი არ არის ჩარჩო, რომ 20 დღე იყოთ დასასვენებლად და 21-ე დღეს წამოხვიდეთ,“- მოცემულ საკითხზე ანა მაღრაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ხშირ შემთხვევაში სტაფილოს, კიტრს ხელში აძლევენ ბავშვს ერთი წლის ასაკიდან, რაც მთელი რიგი რისკების მატარებელია,“ - პედიატრი ეკა უბერი

„ხშირ შემთხვევაში სტაფილოს, კიტრს ხელში აძლევენ ბავშვს ერთი წლის ასაკიდან, რაც მთელი რიგი რისკების მატარებელია,“ - პედიატრი ეკა უბერი

პედიატრმა ეკა უბერმა ბავშვისთვის ხილის მიწოდების წესებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი პროდუქტის შეთავაზებისას ყოველთვის სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ:

„ბავშვს შეიძლება ყველაფერი დავაგემოვნებინოთ, მაგრამ გარკვეული პერიოდებით. ახალი პროდუქტის დაგემოვნება ხდება 4-5 დღის განმავლობაში, რადგან შეიძლება ბავშვს მან მისცეს ინდივიდუალური რეაქცია. რამდენიმე ახალი პროდუქტის მიცემა სასურველი არ არის. პირველ რიგში, ხდება მცირე რაოდენობით დაგემოვნება. სანამ ბავშვს ღეჭვის ფუნქცია არ ჩამოუყალიბდება, ცოცხალი ხილი ან ბოსტნეული უნდა მიიღოს გახეხილი სახით. ხშირ შემთხვევაში კიტრს, სტაფილოს, ხელში აძლევენ ბავშვს ერთი წლის ასაკიდან, რაც მთელი რიგი რისკების მატარებელია, პირველ რიგში, გადაცდენის. ბავშვმა შეიძლება კარგად მოკბიჩოს, მაგრამ დიდი ზომის ულუფა იყოს და გადაცდენის ალბათობა ამ შემთხვევაში ძალიან მაღალია.

ორთქლზე მომზადებული პროდუქტი უფრო ნაკლებად ალერგიული შეიძლება იყოს, შედარებით იოლი მოსანელებელია. შესაძლებელია, პირველად ბოსტნეული და ხილი ორთქლზე მომზადებული სახით მივცეთ ბავშვს. ექვსი თვის ასაკიდან თავისუფლად შეიძლება ხილის ხილფაფების სახით დაგემოვნება. კენკროვანიც შეიძლება, მაგრამ ამ შემთხვევაში ცოტა ფრთხილად უნდა ვიყოთ. მარწყვის წიპწები შეიძლება იყოს ტოქსიკური, განსაკუთრებით სამ წლამდე ასაკის ბავშვებში. კომპოტის სახით, კი ბატონო, შეიძლება, მაგრამ უშაქრო, რომ ბავშვი დიდი რაოდენობით თავისუფალ შაქრებს არ მიეჩვიოს. ყველა ხილსა და ბოსტნეულს თავისი შაქარი აქვს. ის საკმარისია პირველი ორი წლის განმავლობაში შაქრის მოთხვნილების დასაკმაყოფილებლად.

ბავშვისთვის კომპოტის შეთავაზებას არ გირჩევთ, რადგან ტკბილია, ნახშირწყალია. ასე ბავშვს ტკბილის მიმართ დამოკიდებულებას ადვილად მიაჩვევთ და ასეთ ბავშვებს აგრესია უჩნდებათ ბოსტნეულისა და ხორცის მიმართ,“ - აღნიშნულ საკითხზე ეკა უბერმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო:​ „სხვა შუადღე“

წაიკითხეთ სრულად