Baby Bag

„თუ დასასვენებლად წაყვანილი ბავშვი 10 დღეში უკან მოგვყავს, ის ადაპტაციასაც ვერ ახერხებს და ბრუნდება ისევ თავის სახლში,“- პედიატრი ანა მაღრაძე

პედიატრმა ანა მაღრაძემ მშობლებს ურჩია ბავშვის დასასვენებლად წაყვანის შემთხვევაში გარემოსთან ადაპტაციისთვის საჭირო დრო გაითვალისწინონ:

„გარემოსთან ადაპტაცია დიდსაც და ბავშვსაც ესაჭიროება დაახლოებით 7-დან 10 დღემდე, როდესაც ბავშვი იცვლის გარემოს, იცვლის საკვებს, წყალს და ა.შ. ამ გარემოსთან შეგუებას დაახლოებით 7-დან 10 დღემდე ესაჭიროება. თუ ჩვენ გვინდა, რომ ბავშვმა მიიღოს იმ გარემოდან რაღაც სარგებელი, ეს შეეხება ჰავის ცვლილებას, თუ მის ფსიქო-ემოციურ შეწყობას იმ გარემოსთან, თუ ის 10 დღეში უკან მოგვყავს, ის ადაპტაციასაც ვერ ახერხებს და ბრუნდება ისევ თავის სახლში.

ბავშვს ორი კვირით თუ წავიყვანთ დასასვენებლად, ეს დანაშაული არ არის, რა თქმა უნდა. სასურველია, თუ იქნება 20-30 დღე. ადაპტაციის დღეების რაოდენობა უნდა გავითვალისწინოთ. თუნდაც იყოს 2 კვირა, რომ 7 დღე იყოს ადაპტაცია, შემდეგ 7 დღე მიიღებს გარემოს და დაბრუნდებით სახლში. აუცილებელი არ არის ჩარჩო, რომ 20 დღე იყოთ დასასვენებლად და 21-ე დღეს წამოხვიდეთ,“- მოცემულ საკითხზე ანა მაღრაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვი რომ ისტერიკებს აწყობს, ეს არის ნორმალური განვითარებისთვის ძალიან სასარგებლო,“- ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე

„ბავშვი რომ ისტერიკებს აწყობს, ეს არის ნორმალური განვითარებისთვის ძალიან სასარგებლო,“- ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ ბავშვის ნებელობის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და იმპულსების მართვის დასწავლაში მშობლის უდიდეს როლს გაუსვა ხაზი:

„ჩვენ ვიცით, რომ სკოლამდელი ასაკის ბავშვს ნებელობა არ აქვს განვითარებული. ამ ასაკში ბავშვები ეგოცენტრული არსებები არიან. ნელ-ნელა ბავშვის ნერვული სისტემა მწიფდება, შესაბამისად ისიც ახერხებს თავისი იმპულსების მართვას. ჩვენ ვუწყობთ ამაში ხელს. დღევანდელ გარემოში ეს ასე ხშირად არ ხდება. ჩვენს საზოგადოებაში გავრცელებულია აზრი, რომ ბავშვის თავისუფლებისთვის მას უნდა შევუწყოთ ხელი იმაში, რომ ყველა თავისი სურვილი დაიკმაყოფილოს.“

თამარ გაგოშიძის თქმით, იაპონური აღზრდის მაგალითის მოყვანა ქართულ კულტურაში, შესაძლოა, ადეკვატური არ იყოს:

„ხშირად მოჰყავთ ხოლმე იაპონური აღზრდის მაგალითი, სადაც მართლაც ბავშვს არაფერს უშლიან. არ დაგავიწყდეთ, რომ იაპონური კულტურა ძალიან განსხვავდება ქართული კულტურისგან. ​ის არის ძალიან პირობითი და სტრუქტურირებული. იაპონელ ბავშვს არაფრის დაშლა არ სჭირდება. ის დაბადებიდან ხვდება მოწესრიგებულ კონსტრუქციაში. მან იცის ძალიან კარგად, რომ მთელი ორი წელი უნდა გაატაროს დედის ზურგზე ან მუცელზე. ეს არის მისი ადგილი. მან იცის კარგად, რომ მარჯვენა კუთხეში უნდა დადოს ჩაი და მარცხენა კუთხეში შეჭამოს, დედას მიესალმოს სხვანაირად, მამას მიესალმოს სხვანაირად. ეს არის იაპონური კულტურა, რომელიც მოიცავს ძალიან ბევრ პირობით წესს. ამას მიჰყვება ბავშვი. რაღა უნდა დაუშალო ბავშვს, ვერ გავიგე?! ამას ვერ ვიტყვი ჩვენს კულტურაზე. ეს არ ნიშნავს იმას, რომელია ცუდი და რომელია კარგი. ჩვენ უნდა ვიყოთ ადეკვატურები ჩვენს კულტურასთან მიმართებაში.“

„როდესაც ჩვენ გვინდა, რომ ბავშვის ნებელობა აღვზარდოთ ძალადობის გარეშე, ამისთვის აუცილებელია, რომ ვიზრუნოთ ბავშვის ქცევის თვითმართვის განვითარებაზე. ​ბავშვი ისტერიკებს რომ აწყობს, ეს არის ძალიან ჩვეულებრივი ამბავი და ნორმალური, ტიპური განვითარებისთვის ძალიან სასარგებლო. ბავშვი ვითარდება, ვითარდება მისი „მე,“ ურჩობა, ტანტრუმი და ისტერიკები იწყება სადღაც ორწლინახევრიდან. სამი წლისთვის ეს არის კარგად ჩამოყალიბებული, გამიზნული ტრაგედია, რაც არის კარგი. ბავშვი ცდილობს თავისი „მეს“ დამკვიდრებას. მან იცის უკვე, რომ გარემოზე მანიპულაცია შეუძლია. ბავშვმა ისწავლა, რომ ქცევით უფროსებზე ზემოქმედება შეუძლია,“ - აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.

წყარო:​ „დიალოგოსი“

წაიკითხეთ სრულად