Baby Bag

„თუ დასასვენებლად წაყვანილი ბავშვი 10 დღეში უკან მოგვყავს, ის ადაპტაციასაც ვერ ახერხებს და ბრუნდება ისევ თავის სახლში,“- პედიატრი ანა მაღრაძე

პედიატრმა ანა მაღრაძემ მშობლებს ურჩია ბავშვის დასასვენებლად წაყვანის შემთხვევაში გარემოსთან ადაპტაციისთვის საჭირო დრო გაითვალისწინონ:

„გარემოსთან ადაპტაცია დიდსაც და ბავშვსაც ესაჭიროება დაახლოებით 7-დან 10 დღემდე, როდესაც ბავშვი იცვლის გარემოს, იცვლის საკვებს, წყალს და ა.შ. ამ გარემოსთან შეგუებას დაახლოებით 7-დან 10 დღემდე ესაჭიროება. თუ ჩვენ გვინდა, რომ ბავშვმა მიიღოს იმ გარემოდან რაღაც სარგებელი, ეს შეეხება ჰავის ცვლილებას, თუ მის ფსიქო-ემოციურ შეწყობას იმ გარემოსთან, თუ ის 10 დღეში უკან მოგვყავს, ის ადაპტაციასაც ვერ ახერხებს და ბრუნდება ისევ თავის სახლში.

ბავშვს ორი კვირით თუ წავიყვანთ დასასვენებლად, ეს დანაშაული არ არის, რა თქმა უნდა. სასურველია, თუ იქნება 20-30 დღე. ადაპტაციის დღეების რაოდენობა უნდა გავითვალისწინოთ. თუნდაც იყოს 2 კვირა, რომ 7 დღე იყოს ადაპტაცია, შემდეგ 7 დღე მიიღებს გარემოს და დაბრუნდებით სახლში. აუცილებელი არ არის ჩარჩო, რომ 20 დღე იყოთ დასასვენებლად და 21-ე დღეს წამოხვიდეთ,“- მოცემულ საკითხზე ანა მაღრაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„​ბავშვები, რომლებსაც დასცინიან, ხშირად იტანჯებიან დეპრესიით, ხდებიან გარიყულები, იზოლირებულები და მარტოსულები“

„​ბავშვები, რომლებსაც დასცინიან, ხშირად იტანჯებიან დეპრესიით, ხდებიან გარიყულები, იზოლირებულები და მარტოსულები“

როგორ აისახება ბავშვის ფსიქიკასა და თვითშეფასებაზე დაცინვა, დაშინება, შევიწროვება?-  ამ და სხვა საკითხებზე ​MomsEdu.ge-ს ესაუბრა ფსიქოლოგი, ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტი მარი ჯოხარიძე.

- როგორ აიახება ბავშვის ფსიქიკაზე დაცინვა და რა ზიანი შეიძლება მიაყენოს სამომავლოდ ამ გამოცდილებამ?

- დაცინვამ, დაშინებამ, შევიწროვებამ, რასაც ყველა უკვე ბულინგს ვეძახით, შესაძლოა ძალიან სერიოზულად იმოქმედოს ბავშვის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, ადამიანის კეთილდღეობაზე.

ჩვენ ყურადღება უნდა გამოვიჩინოთ არა მხოლოდ იმ ბავშვების მიმართ, რომლებსაც დასცინიან, ავიწროვებენ, აშინებენ, არამედ მჩაგვრელების მიმართაც, ვინაიდან დიდი რისკია იმისა, რომ მათი ანტისოციალური ქცევა, დროსთან ერთად, უფრო ინტენსიური გახდება, მოიმატებს აგრესიაც. ისინი, ჩაგრული ბავშვების მსგავსად, ხშირად იტანჯებიან დეპრესიით და შფოთვით. ასევე აღსანიშნავია, ბავშვები, რომლებიც დამკვირვებლების როლში არიან. არ აქვს მნიშვნელობა რომელ მხარეს იჭერენ, შფოთვის მიზეზი შესაძლოა შიში იყოს, მათაც არ დასცინონ, ან განცდა იმისა, რომ თანატოლის დახმარება უნდოდათ და ვერ მოახერხეს.

ბავშვები, რომლებსაც დასცინიან, ხშირად იტანჯებიან დეპრესიით, ხდებიან გარიყულები, იზოლირებულები და მარტოსულები. ეს ყველაფერი შეიძლება აისახოს არა მარტო დაბალ აკადემიურ მოსწრებაზე, არამედ მომავალში მეგობრებთან, პარტნიორებთან, სანდო და ჯანსაღი ურთიერთობის დამყარებაზე.

- როგორ აისახება თვითშეფასებაზე?

- თვითშეფასება დიდ გავლენას ახდენს ადამიანის კეთილდღეობაზე, ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე, ხოლო თვითშეფასების ჩამოყალიბებაზე უამრავი რამ ახდენს ზეგავლენას, მათ შორის ცხოვრების ისტორია, გამოცდილება, სოციალური გარემოებები და სხვების რეაქციები ჩვენზე. შესაბამისად, დაცინვა, დაშინება ცუდად აისახება მათ თვითშეფასებაზე. ბავშვს შეიძლება ეგონოს, რომ რადგან დასცინიან, რაღაც პრობლემა აქვს, ე.ი. არ არის საკმარისად კარგი.
მახსოვს, სკოლაში რამდენიმე ბავშვმა კომენტარი გამიკეთა სიმაღლესთან დაკავშირებით. ვერ ვიტყვი, რომ ინტენსიურად დამცინოდნენ ან მავიწროვებდნენ, ეს იყო რამდენიმე უწყინარი ხუმრობა ჩემს სიმაღლეზე, თუმცა აღარ მინდოდა სკოლაში სიარული, მეგობრების ნახვა, ვიგონებდი მიზეზებს, ოღონდ სახლიდან არ გავსულიყავი. როდესაც გარეთ მიწევდა გასვლა, მეწყებოდა შფოთვა, იმის გამო, რომ ვინმე კიდევ დამცინებდა. ბავშვები ძალიან მგრძნობიარეები არიან, ერთმა სიტყვამაც შეიძლება იმოქმედოს მათ თვითშეფასებაზე და ქცევაზე.
- რა რეკომენდაციას მისცემდით მშობლებს?
- როდესაც მშობელი, მასწავლებელი ან უბრალოდ მზრუნველი პირი შენიშნავს, რომ ბავშვი დაძაბული, შეშინებული, გაღიზიანებულია, თავს არიდებს გარეთ გასვლას ან ისეთ აქტივობებში ჩართვას, რაც ადრე სიამოვნებდა, იწყებს სხვების დაცინვას ან შეშინებას, უნდა დავიწყოთ მიზეზების გარკვევა.
არ უნდა მივცეთ პირდაპირი მითითებები და რჩევები. საუბრის დროს ბავშვს უნდა შევუქმნათ მშვიდი და უსაფრთხო გარემო, უნდა გავგრძნობინოთ, რომ მას არ განვსჯით. ბავშვებს ხშირად უჭირთ მათთვის მტკივნეულ თემაზე საუბარი, ამიტომ მოთმინება გვმართებს! როდესაც ის დაიწყებს ისტორიის მოყოლას, არასდროს არ შევაწყვეტინოთ, მოუსმინეთ ბოლომდე და ეცადე ყველაფერი გაიგოთ სიტუაციაზე. მიზეზების გარკვევის შემდეგ უნდა განისაზღვროს დამცავი სტრატეგიები, რაც მომავალში დაეხმაარება ბავშვს.
საჭიროა მშობლების და მასწავლებლების ჩართულობა. კონფლიქტის მოგვარების სტრატეგიები არის აუცილებელი უნარ-ჩვევები, რომლებიც ადრეული ასაკიდანვე უნდა ისწავლებოდეს, როგორც ოჯახში, ასევე სკოლაში. ბავშვებმა უნდა ისწავლონ ნებისმიერი საკითხის ჯანსაღად გადაწყვეტა, უნდა იცოდნენ საკუთარი უფლებები, ჰქონდეთ სხვის მიმართ თანაგრძნობის გამოხატვის უნარი. როგორც ყოველთვის, ახლაც ვიტყვი, რომ საუკეთესო სწავლების მეთოდი მაგალითის მიცემაა და ამ შემთხვევაში, მშობელმა ბავშვს უნდა მისცეს პოზიტიური მაგალითი.
მშობლებს, ბაღს, სკოლას ძალიან დიდი როლი აქვს. ერთობლივი და დროული ჩართულობით, ფსიქოლოგის რეკომენდაციების გათვალისწინებით, შეგვიძლია ბავშვებს შევუქმნათ ჯანსაღი გარემო, რათა მჩაგვრელი არ დარჩეს მჩაგვრელად და მსხვერპლი მსხვერპლად ცხოვრების ბოლომდე.
ესაუბრა მარიამ ჩოქური

წაიკითხეთ სრულად