Baby Bag

„თუ დასასვენებლად წაყვანილი ბავშვი 10 დღეში უკან მოგვყავს, ის ადაპტაციასაც ვერ ახერხებს და ბრუნდება ისევ თავის სახლში,“- პედიატრი ანა მაღრაძე

პედიატრმა ანა მაღრაძემ მშობლებს ურჩია ბავშვის დასასვენებლად წაყვანის შემთხვევაში გარემოსთან ადაპტაციისთვის საჭირო დრო გაითვალისწინონ:

„გარემოსთან ადაპტაცია დიდსაც და ბავშვსაც ესაჭიროება დაახლოებით 7-დან 10 დღემდე, როდესაც ბავშვი იცვლის გარემოს, იცვლის საკვებს, წყალს და ა.შ. ამ გარემოსთან შეგუებას დაახლოებით 7-დან 10 დღემდე ესაჭიროება. თუ ჩვენ გვინდა, რომ ბავშვმა მიიღოს იმ გარემოდან რაღაც სარგებელი, ეს შეეხება ჰავის ცვლილებას, თუ მის ფსიქო-ემოციურ შეწყობას იმ გარემოსთან, თუ ის 10 დღეში უკან მოგვყავს, ის ადაპტაციასაც ვერ ახერხებს და ბრუნდება ისევ თავის სახლში.

ბავშვს ორი კვირით თუ წავიყვანთ დასასვენებლად, ეს დანაშაული არ არის, რა თქმა უნდა. სასურველია, თუ იქნება 20-30 დღე. ადაპტაციის დღეების რაოდენობა უნდა გავითვალისწინოთ. თუნდაც იყოს 2 კვირა, რომ 7 დღე იყოს ადაპტაცია, შემდეგ 7 დღე მიიღებს გარემოს და დაბრუნდებით სახლში. აუცილებელი არ არის ჩარჩო, რომ 20 დღე იყოთ დასასვენებლად და 21-ე დღეს წამოხვიდეთ,“- მოცემულ საკითხზე ანა მაღრაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

​რამ შეიძლება გამოიწვიოს ჭარბი ოფლიანობა ბავშვებში?

​რამ შეიძლება გამოიწვიოს ჭარბი ოფლიანობა ბავშვებში?

რამ შეიძლება გამოიწვიოს ჭარბი ოფლიანობა ბავშვებში? - ამ თემაზე​ MomsEdu.ge-ს ესაუბრა პედიატრი ეკა უბერი.

„ბავშვებში ჭარბი ოფლიანობა, იგივე ჰიპერჰიდროზი შემაშფოთებელი შეიძლება იყოს, როგორც ბავშვებისთვის, ისე მათი მშობლებისთვის. ოფლიანობა სხეულის ნორმალური ფუნქციაა. ის ხელს უწყობს სხეულის ტემპერატურის რეგულირებას, მაგრამ გადაჭარბებული ოფლიანობა შეიძლება გახდეს შემდგომი შეფასების მიზეზი“.
- რამ შეიძლება გამოიწვიოს ოფლიანობის გაძლიერება ჩვილებსა და სკოლამდელი ასაკის ბავშვებში?
- ჰიპერჰიდროზის ორი ძირითადი ტიპი არსებობს:
პირველადი ჰიპერჰიდროზი - ამ ტიპის ჰიპერჰიდროზი ხდება რაიმე ძირითადი სამედიცინო მდგომარეობის გარეშე და უფრო ხშირია მოზარდებსა და მოზრდილებში. როგორც წესი, ვლინდება სხეულის კონკრეტულ უბნებზე, როგორებიცაა ხელისგულები, ფეხის ძირები, იღლიები და სახე. მიუხედავად იმისა, რომ არ არის მავნე, ის შეიძლება იწვევდეს სოციალურ დისკომფორტს.
მეორადი ჰიპერჰიდროზი - ამ ტიპის ჰიპერჰიდროზი გამოწვეულია ძირითადი სამედიცინო მდგომარეობით ან მედიკამენტებით. მას შეუძლია გავლენა მოახდინოს მთელ სხეულზე. ის არის ძირითადი პრობლემის სიმპტომი, შესაბამისად, მეტად შემაშფოთებელია.
ბავშვებში მეორადი ჰიპერჰიდროზის საერთო მიზეზის გამომწვევი შეიძლება იყოს:
ინფექციები - ზოგიერთმა ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს ჭარბი ოფლიანობა, როგორებიცაა: ტუბერკულოზი, ენდოკარდიტი და ზოგიერთი ვირუსული ინფექცია;
ჰორმონალური ცვლილებები - ჰორმონალურმა დისბალანსმა, როგორებიცაა: ფარისებრი ჯირკვლის ზედმეტად აქტიურობა (ჰიპერთირეოზი) ან დიაბეტმა, შეიძლება გამოიწვიოს ჭარბი ოფლიანობა;
ნევროლოგიური დარღვევები - მდგომარეობებმა, როგორებიცაა: ავტონომიური დისფუნქცია, შფოთვითი აშლილობები, ან ნერვულ სისტემაზე მოქმედი მდგომარეობა, შეიძლება გამოიწვიოს ოფლიანობა;
მედიკამენტები - ზოგიერთმა მედიკამენტმა, განსაკუთრებით, რომლებიც გამოიყენება სიცხის ან გარკვეული ფსიქიატრიული პრობლემის სამკურნალოდ, შეიძლება გამოიწვიოს ჭარბი ოფლიანობა, როგორც გვერდითი ეფექტი.
- როგორ ხდება მკურნალობა?
- ჰიპერჰიდროზის მკურნალობის ვარიანტები განსხვავდება მდგომარეობის ტიპისა და სიმძიმის მიხედვით. პირველადი ჰიპერჰიდროზის მკურნალობა შეიძლება მოიცავდეს ადგილობრივ ანტიპერსპერანტებს, იონოფორეზის (პროცედურა, რომელიც იყენებს ელექტროდენებს ოფლიანობის შესამცირებლად) და მძიმე შემთხვევებში, მედიკამენტებს, ან ბოტულინის ტოქსინის ინექციებს.
მეორადი ჰიპერჰიდროზის დროს, ყურადღება გამახვილებულია ძირითადი სამედიცინო მდგომარეობის მკურნალობაზე ან მედიკამენტების კორექტირებაზე(რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჭარბი ოფლიანობა).
გადამწყვეტია სამედიცინო რჩევის მოძიება ბავშვებში ჭარბი ოფლიანობის სათანადო დიაგნოსტიკისა და მართვის უზრუნველსაყოფად. სწორი მიდგომით, ხშირად შესაძლებელია მდგომარეობის ეფექტურად მართვა, რაც განაპირობებს ბავშვის კომფორტის გაუმჯობესებას და ცხოვრების ხარისხს.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
წაიკითხეთ სრულად