Baby Bag

„მაღვიძარა არის სერიოზული სტრესი ბავშვისთვის... ჩვენ უნდა ვიქცეთ მაღვიძარად ჩვენი შვილებისთვის,“ - პედიატრი ქეთი ნემსაძე

პედიატრმა ქეთი ნემსაძემ ბავშვების გასაღვიძებლად მაღვიძარას გამოყენების მიზანშეუწონლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მაღვიძარა ბავშვისთვის სტრესია:

„მაღვიძარა არის სერიოზული სტრესი. მე პიროვნულად იმის წინააღმდეგიც ვარ, როდესაც ბავშვებს ენურეზი აქვთ და თითოეულ წვეთზე იწყება ზარის ჩართვა, რაც ბავშვს აღვიძებს. ეს არ არის დადებითი სიგნალი ბავშვისთვის. ჩვენ როდესაც სტრესზე ვსაუბრობთ, ღმერთმა დაგვიფაროს, განვაცხადოთ, რომ ბავშვმა სტრესი არ უნდა მიიღოს. პოზიტიური სტრესი კარგია. პოზიტიური სტრესი არის, მაგალითად, დილას, როდესაც დედა მოეხვევა ბავშვს, აკოცებს და ეტყვის: „ჩვენი ადგომის დროა.“ რასაკვირველია, მნიშვნელობა აქვს ასაკს.

ის ხმიანობა, რაც ჩართულია მაღვიძარაში, ეს შეხსენება მშობელს თვითონს სჭირდება. მას შეუძლია თვითონ დაიდგას მაღვიძარა, შემდეგ შევიდეს და სხვა მეთოდით, მოფერებით გააღვიძოს ბავშვი. ბავშვისთვის გაღვიძება სტრესია. სტრესის დროს გამოიყოფა სტრესული ჰორმონები, კორტიზოლი. მოფერება ამ სტრესს დაწევს. ეს უნდა გახდეს გაღვიძების მეთოდი. ჩვენ უნდა ვიქცეთ მაღვიძარად ჩვენი შვილებისთვის,“ - მოცემულ საკითხზე ქეთი ნემსაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

ძუძუთი კვების წესები და სწორი პოზიციები - ნეონატოლოგ ლია ოტიაშვილის რჩევები ახალბედა დედებს

ძუძუთი კვების წესები და სწორი პოზიციები - ნეონატოლოგ ლია ოტიაშვილის რჩევები ახალბედა დედებს

ნეონატოლოგმა ლია ოტიაშვილმა ახალბედა დედებს ბავშვის ძუძუთი კვებასთან დაკავშირებით საინტერესო რეკომენდაციები მისცა:

„ყველაზე მიმღები დედა ინფორმაციის მიმართ არის ორსულობის პერიოდში. ქალი აუცილებლად უნდა მოემზადოს მშობიარობის წინა პერიოდში ძუძუთი კვებისთვის. ძალიან ბევრი ინფორმაციაა, ძალიან აუცილებელი, რომელიც მან აუცილებლად უნდა იცოდეს. ბავშვს ძუძუთი კვების დროს 2/3, ნახევარი სანტიმეტრი უნდა ედოს დვრილიანად. აქ არის გაფართოება, რასაც სადინარის ბასეინი ჰქვია, სადაც გროვდება რძე. მხოლოდ ამ ადგილზე ზეწოლით არის შესაძლებელი რძის გამოდევნა. თუ ბავშვი მხოლოდ თავს ჩაიდებს ან პირიქით, უფრო ღრმად ჩაიდებს ძუძუს, ვერ გამოწოვს რძეს. ბავშვის ძუძუთი კვებისას დიდი ვაკუუმი იქმნება პირის ღრუში. იმისთვის, რომ ჩვენ ძუძუ გამოვიღოთ, აუცილებლად უნდა მოხდეს ჰერმეტიკის დარღვევა. როგორც კი დეჰერმეტიზაცია ხდება პირის ღრუში, უარყოფითი წნევა ირღვევა და თავისით გამოვარდება ძუძუ. ეს უნდა გაკეთდეს ან ნიკაპზე მსუბუქი ზეწოლით ან ტუჩის კუთხის დაწევით. ძუძუთი კვების დროს ბავშვის მთელი სხეული უნდა იყოს დედის სხეულზე. ცხვირი და ნიკაპი ღრმად უნდა ეხებოდეს ძუძუს. თუ თქვენ ოდნავ მაინც ხედავთ ცხვირის კუთხეს, ბავშვი სუნთქავს თავისუფლად. რაც უფრო მჭიდროდ მიიჭერთ მკერდზე, მით უფრო აქტიურად გამოწოვს ძუძუს.“

„ძუძუთი კვების დროს ძალიან მოსახერხებელია ბალიშის გამოყენება. დედა აუცილებლად კომფორტულად უნდა იჯდეს, როდესაც ძუძუს აწოვებს ბავშვს. დედას ხელი დაყრდნობილი უნდა ჰქონდეს რაიმე საყრდენზე. საწოვარას გამოყენებას არ ვუწევ რეკომენდაციას. საწოვარაზე ბავშვი ძალიან იღლება. მას აღარ აქვს უნარი ძუძუ წოვოს იმ ძალით და აქტივობით, რომ მოხდეს საკმარისი ლაქტაცია. თუ დედა ძალიან დაკავებულია და მისთვის გასვლა აუცილებელია, საჭიროა საწველი, რომ გამოიწველოს. ასევე თუ დედას სამედიცინო ჩარევა სჭირდება, წინასწარ შეიძლება გამოიწველოს და რამოდენიმე საათი ბავშვს აჭამოს გამოწველილი რძე. ზედმეტი გამოწველა არაფრით არ შეიძლება, მაგალითად, კვების მერე გამოწველა დაუშვებელია. ეს ზრდის ლაქტაციას და მასტიტამდე შეიძლება მივიდეთ. გამოსაწველი აპარატი მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში უნდა გამოიყენოთ“- აღნიშნულ საკითხზე ლია ოტიაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო:​ „იმედის დღე“

წაიკითხეთ სრულად