Baby Bag

„მაღვიძარა არის სერიოზული სტრესი ბავშვისთვის... ჩვენ უნდა ვიქცეთ მაღვიძარად ჩვენი შვილებისთვის,“ - პედიატრი ქეთი ნემსაძე

პედიატრმა ქეთი ნემსაძემ ბავშვების გასაღვიძებლად მაღვიძარას გამოყენების მიზანშეუწონლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მაღვიძარა ბავშვისთვის სტრესია:

„მაღვიძარა არის სერიოზული სტრესი. მე პიროვნულად იმის წინააღმდეგიც ვარ, როდესაც ბავშვებს ენურეზი აქვთ და თითოეულ წვეთზე იწყება ზარის ჩართვა, რაც ბავშვს აღვიძებს. ეს არ არის დადებითი სიგნალი ბავშვისთვის. ჩვენ როდესაც სტრესზე ვსაუბრობთ, ღმერთმა დაგვიფაროს, განვაცხადოთ, რომ ბავშვმა სტრესი არ უნდა მიიღოს. პოზიტიური სტრესი კარგია. პოზიტიური სტრესი არის, მაგალითად, დილას, როდესაც დედა მოეხვევა ბავშვს, აკოცებს და ეტყვის: „ჩვენი ადგომის დროა.“ რასაკვირველია, მნიშვნელობა აქვს ასაკს.

ის ხმიანობა, რაც ჩართულია მაღვიძარაში, ეს შეხსენება მშობელს თვითონს სჭირდება. მას შეუძლია თვითონ დაიდგას მაღვიძარა, შემდეგ შევიდეს და სხვა მეთოდით, მოფერებით გააღვიძოს ბავშვი. ბავშვისთვის გაღვიძება სტრესია. სტრესის დროს გამოიყოფა სტრესული ჰორმონები, კორტიზოლი. მოფერება ამ სტრესს დაწევს. ეს უნდა გახდეს გაღვიძების მეთოდი. ჩვენ უნდა ვიქცეთ მაღვიძარად ჩვენი შვილებისთვის,“ - მოცემულ საკითხზე ქეთი ნემსაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ შფოთვა გაქვთ, მუცელზე დაწექით. მოდუნდით, ცხვირით ისუნთქეთ, ჰაერი 2-3 წამით გააჩერეთ და ამოისუნთქეთ,“- მარინა კაჭარავას რჩევები შფოთვისგან გასათავისუფლებლად

„თუ შფოთვა გაქვთ, მუცელზე დაწექით. მოდუნდით, ცხვირით ისუნთქეთ, ჰაერი 2-3 წამით გააჩერეთ და ამოისუნთქეთ,“- მარინა კაჭარავას რჩევები შფოთვისგან გასათავისუფლებლად

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ შფოთვისა და პანიკისგან გათავისუფლების ერთ-ერთი საინტერესო მეთოდის შესახებ ისაუბრა:

„პანიკის შემთხვევაში ადამიანის სრული დეზორიენტაცია ხდება. ამ დროს სასურველია მუცელზე დაწვეს ადამიანი და ეცადოს, რომ მოდუნდეს, რამდენადაც ეს შეუძლია და ისუნთქოს ცხვირით. ამას ზრდასრულების შესახებ ვამბობ. ზრდასრულმა თუ არ დაიმშვიდა თავი, ბავშვი ვერ დამშვიდდება. წარმოგიდგენიათ, ვის იმედზეც ხართ, ის რომ შფოთავს?! მაშინ მე ვის დავეყრდნო?! ბავშვს რომ პრობლემა აქვს, ჯერ მშობელმა თავის თავს უნდა ჰკითხოს: „რაშია საქმე?“ ეს მთლიანად ოჯახის, სისტემის პრობლემაა.“

„მუცელზე წოლისას აუცილებლად ცხვირით უნდა ისუნთქოთ. ცხვირის ჩასუნთქვის შემთხვევაში საჭიროა 2-3 წამით ჰაერის გაჩერება და ნელი ამოსუნთქვა. აქ შეიძლება ამოისუნთქოს პირითაც და ცხვირითაც. პირველ ჯერზე სჯობს ეს სამჯერ გაკეთდეს და დაისვენოს, მერე ისევ სამჯერ. შეგიძლიათ გამოსცადოთ. ამას აქვს მსუბუქი ტრანსის ეფექტი, აკეთებს ვენტილაციას. თუ თქვენ ამ დროს იფიქრებთ ჰაერზე, მიწა არის ჩვენი სხეული, წყალი სისხლი, რომელიც ჩვენშია, ჰაერს ვსუნთქავთ და ხდება ჩვენი გაცოცხლება და ცეცხლი არის ენერგეტიკა. ადამიანმა უნდა უსმინოს სუნთქვას, ჰაერს შეყვეს თვითონ, დააცადოს 2-3 წამი და შემდეგ ნელ ამოსუნთქვაზე გამოაყოლოს შფოთვა და დაძაბულობა,“- აღნიშნულ საკითხზე მარინა კაჭარავამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“

წაიკითხეთ სრულად