Baby Bag

„მაღვიძარა არის სერიოზული სტრესი ბავშვისთვის... ჩვენ უნდა ვიქცეთ მაღვიძარად ჩვენი შვილებისთვის,“ - პედიატრი ქეთი ნემსაძე

პედიატრმა ქეთი ნემსაძემ ბავშვების გასაღვიძებლად მაღვიძარას გამოყენების მიზანშეუწონლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მაღვიძარა ბავშვისთვის სტრესია:

„მაღვიძარა არის სერიოზული სტრესი. მე პიროვნულად იმის წინააღმდეგიც ვარ, როდესაც ბავშვებს ენურეზი აქვთ და თითოეულ წვეთზე იწყება ზარის ჩართვა, რაც ბავშვს აღვიძებს. ეს არ არის დადებითი სიგნალი ბავშვისთვის. ჩვენ როდესაც სტრესზე ვსაუბრობთ, ღმერთმა დაგვიფაროს, განვაცხადოთ, რომ ბავშვმა სტრესი არ უნდა მიიღოს. პოზიტიური სტრესი კარგია. პოზიტიური სტრესი არის, მაგალითად, დილას, როდესაც დედა მოეხვევა ბავშვს, აკოცებს და ეტყვის: „ჩვენი ადგომის დროა.“ რასაკვირველია, მნიშვნელობა აქვს ასაკს.

ის ხმიანობა, რაც ჩართულია მაღვიძარაში, ეს შეხსენება მშობელს თვითონს სჭირდება. მას შეუძლია თვითონ დაიდგას მაღვიძარა, შემდეგ შევიდეს და სხვა მეთოდით, მოფერებით გააღვიძოს ბავშვი. ბავშვისთვის გაღვიძება სტრესია. სტრესის დროს გამოიყოფა სტრესული ჰორმონები, კორტიზოლი. მოფერება ამ სტრესს დაწევს. ეს უნდა გახდეს გაღვიძების მეთოდი. ჩვენ უნდა ვიქცეთ მაღვიძარად ჩვენი შვილებისთვის,“ - მოცემულ საკითხზე ქეთი ნემსაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ჩვენ უნდა გვქონდეს კონტაქტი ინფექციასთან, გამოვიმუშაოთ ანტისხეულები, რომ შემდგომში სხვა დაავადებებსაც ვებრძოლოთ,“- ბავშვთა რევმატოლოგი თინათინ კუტუბიძე

„ჩვენ უნდა გვქონდეს კონტაქტი ინფექციასთან, გამოვიმუშაოთ ანტისხეულები, რომ შემდგომში სხვა დაავადებებსაც ვებრძოლოთ,“- ბავშვთა რევმატოლოგი თინათინ კუტუბიძე

ბავშვთა რევმატოლოგმა თინათინ კუტუბიძემ პანდემიის დროს იზოლაციისა და ვირუსულ ინფექციებთან ნაკლები კონტაქტის ადამიანის იმუნურ სისტემაზე ზეგავლენის შესახებ ისაუბრა:

„მას შემდეგ რაც დაიწყო პანდემია და ჩვენ იზოლირებულები ვიყავით, ბავშვები იზოლირებულები იყვნენ, ვატარებდით ნიღბებს, შესაბამისად შემცირდა რესპირატორული ვირუსების წილი, მათ შორის ადენოვირუსების, რომლის ახალმა რენესანსმა სერიოზული შედეგები მოგვცა და კლინიკური გამოვლინებები ჰეპატიტის სახით. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ ბრიტანელმა მკვლევარებმა რამოდენიმე დღის წინ ინფორმაცია გამოაქვეყნეს, რომ ეს არის ძველი ინფექცია, უბრალოდ ჩვენ ვართ უკვე ახალი იმუნური სისტემით.

იმუნური სისტემა გადის მუდმივ სწავლებას. ორი წელიწადია არ გვქონია სერიოზული კონტაქტი ვირუსულ ინფექციებთან. ჩვენ უნდა გვქონდეს კონტაქტი ინფექციასთან, გამოვიმუშაოთ ანტისხეულები და ეს ჩვენი იმუნური სისტემის გამართულ მოქმედებაზე არის დამოკიდებული, იმიტომ რომ უნდა გვქონდეს უნარი, რომ შემდგომში სხვა დაავადებებსაც ვებრძოლოთ. ვინაიდან ბოლო 2 წელიწადი ბავშვებს პრაქტიკულად არ ჰქონიათ ვირუსულ ინფექციებთან კონტაქტი, შემაერთებლქსოვილოვანი დაავადებების მიმართვიანობის წილი მკვეთრად შემცირდა, თითქმის 40-42%-ით. ეს ხაზს უსვამს იმას, რომ ვირუსულ ინფექციას აქვს გამშვები მექანიზმის როლი სხვადასხვანაირი შემაერთებელქსოვილოვანი დაავადებების განვითარების კუთხით და ერთ-ერთი ყველაზე „საყვარელი“ ორგანო ვირუსული ინფექციებისთვის არის ძვალ-სახსროვანი სისტემა,“ - მოცემულ საკითხზე თიანთინ კუტუბიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად