Baby Bag

„მაღვიძარა არის სერიოზული სტრესი ბავშვისთვის... ჩვენ უნდა ვიქცეთ მაღვიძარად ჩვენი შვილებისთვის,“ - პედიატრი ქეთი ნემსაძე

პედიატრმა ქეთი ნემსაძემ ბავშვების გასაღვიძებლად მაღვიძარას გამოყენების მიზანშეუწონლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მაღვიძარა ბავშვისთვის სტრესია:

„მაღვიძარა არის სერიოზული სტრესი. მე პიროვნულად იმის წინააღმდეგიც ვარ, როდესაც ბავშვებს ენურეზი აქვთ და თითოეულ წვეთზე იწყება ზარის ჩართვა, რაც ბავშვს აღვიძებს. ეს არ არის დადებითი სიგნალი ბავშვისთვის. ჩვენ როდესაც სტრესზე ვსაუბრობთ, ღმერთმა დაგვიფაროს, განვაცხადოთ, რომ ბავშვმა სტრესი არ უნდა მიიღოს. პოზიტიური სტრესი კარგია. პოზიტიური სტრესი არის, მაგალითად, დილას, როდესაც დედა მოეხვევა ბავშვს, აკოცებს და ეტყვის: „ჩვენი ადგომის დროა.“ რასაკვირველია, მნიშვნელობა აქვს ასაკს.

ის ხმიანობა, რაც ჩართულია მაღვიძარაში, ეს შეხსენება მშობელს თვითონს სჭირდება. მას შეუძლია თვითონ დაიდგას მაღვიძარა, შემდეგ შევიდეს და სხვა მეთოდით, მოფერებით გააღვიძოს ბავშვი. ბავშვისთვის გაღვიძება სტრესია. სტრესის დროს გამოიყოფა სტრესული ჰორმონები, კორტიზოლი. მოფერება ამ სტრესს დაწევს. ეს უნდა გახდეს გაღვიძების მეთოდი. ჩვენ უნდა ვიქცეთ მაღვიძარად ჩვენი შვილებისთვის,“ - მოცემულ საკითხზე ქეთი ნემსაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

5 ფილმი დედმამიშვილების შესახებ, რომელიც შვილებს აუცილებლად უნდა ანახოთ

5 ფილმი დედმამიშვილების შესახებ, რომელიც შვილებს აუცილებლად უნდა ანახოთ

დედმამიშვილებს შორის სიყვარულის გრძნობის გაღვივება ბავშვობიდან უნდა დავიწყოთ. მნიშვნელოვანია, რომ შვილებს ისეთი ფილმები ვაჩვენოთ, რომლებიც დედმამიშვილებს შორის არსებულ განსაკუთრებულ კავშირზე მოგვითხრობს. ჩვენს სტატიაში გაგაცნობთ 5 ფილმს, რომელიც შვილებს აუცილებლად უნდა ანახოთ.

1. მახე მშობლებისთვის


ტყუპი დები, რომლებმაც ერთმანეთის შესახებ არაფერი იცოდნენ, ერთმანეთს მოულოდნელად ხვდებიან. ისინი ერთმანეთს მცირე ასაკში დააშორეს. ერთ-ერთი და დედასთან ცხოვრობდა, მეორე კი - მამასთან. საზაფხულო ბანაკში მოულოდნელი შეხვედრის შემდეგ დები მშობლების შერიგებას გადაწყვეტენ. საინტერესო თავგადასავლებით აღსავსე ფილმი თქვენს შვილებს აუცილებლად მოხიბლავს.

2. მუსიკის ჰანგები

არაჩვეულებრივი მიუზიკლი 7 და-ძმის ამბავს გვიამბობს, რომლებიც დაქვრივებულ მამასთან იზრდებიან. მამას შვილები ძალიან უყვარს, თუმცა არ იცის, როგორ გამოხატოს სითბო მათ მიმართ. აღმზრდელი მარია, რომელიც მათ ცხოვრებაში გაჩნდება, ოჯახის წევრებს ერთმანეთთან დააკავშირებს და მათ მუსიკის ჰანგებით ტკბობასაც ასწავლის.

3. პატარა ხულიგნები და მეკობრეების ოქრო

ფილმი სათავგადასავლო ჟანრის ნამდვილი კლასიკაა. ის ორი ძმის ამბავს მოგვითხრობს, რომლებიც მეგობრების ჯგუფს ქმნიან. ისინი ერთ დღეს საგანძურის საძიებლად წავლენ, რათა მამას ფინანსურად დაეხმარონ. მეგობრები სახალისო და მომხიბლავ თავგადასავალში ერთვებიან. ეს თავგადასავალი მათ მეგობრობას გამოცდის.

4. ბითუმად უფრო იაფია

მრავალშვილიანი მშობლები ბედნიერად ცხოვრობენ მშობლიურ ქალაქში. მას შემდეგ, რაც ქმარს ახალ სამსახურს შესთავაზებენ, ისინი ახალ ქალაქში გადადიან საცხოვრებლად. ოჯახში სადაც თორმეტი ბავშვია, ახალი პრობლემები და თავგადასავლები იჩენს თავს. ამასთან ერთად და-ძმებს შორის უპირობო სიყვარული და სოლიდარობის განცდაც ძლიერდება.

5. ძმა დათვი

ეს შესანიშნავი ფილმია ოჯახთან ერთად საყურებლად. ის მონადირე ძმების ამბავს გვიყვება, რომელთაგან ერთ-ერთი დათვად გადაიქცევა. ფილმი ძმებს შორის არსებული ნამდვილი სიყვარულის საოცარ ამბავს გვაცნობს, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს.

წყარო: ​Youaremom.com 

წაიკითხეთ სრულად