Baby Bag

„როდესაც ზღვარზე ხარ მისული და უნდა აფეთქდე, სწორედ მაშინ უნდა შეიკავო თავი,“ - შალვა ამონაშვილის რჩევები მშობლებს

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მშობლებს ურჩია, გაბრაზების ზღვარზე ყოფნისას თავი შეიკავონ და ბავშვს არ დაუყვირონ:

„როდესაც ზღვარზე ხარ მისული და უნდა აფეთქდე, სწორედ მაშინ უნდა შეიკავო თავი. მიხვედი ზღვარზე, ახლა დაიყვირებ, ან გააგდებ, ან კუთხეში დააყენებ, ამ ზღვარზე ხარ. იქ უნდა გაჩერდე. უნდა გაითვალისწინო, რომ თვითონ დიდი ხარ და ბავშვი პატარაა. გამოსავალი არის! იმას თუ არ ეყურება, მე ხომ მეყურება. თუ დავეშვები და მისი სიმაღლიდან დავუწყებ ლაპარაკს, ერთმანეთს გავუგებთ. იმის ენაში უნდა შევიდე, იმის მოთხოვნილებებში უნდა შევიდე. უნდა შევიდე მის ხასიათში და მან უნდა მიმიღოს. როდესაც ერთნი გახდებით, იქ შეიძლება უთხრა: „შვილო, ნუ წახვალ გეხვეწები,“ როდესაც მეგობართან უნდა წასვლა ბავშვს, მაგრამ არ გინდა, რომ წავიდეს. ამ დროს ბავშვი გამგები ხდება. ის ასეთი გამგებია თანატოლებთან და არა დიდებთან. მე უნდა გავუხდე ის თანატოლი, რომელიც მას ყველაზე მეტად გაუგებს. ეს გამოსავალია.

როდესაც ზღვარზე ხარ, სადღაც სავარძელი გედგას, გადექი და ატირდი ცრემლებით, ხომ მაინც გეცრემლება გული. შენმა ბიჭმა თუ გოგომ გიყუროს: „რა ვუქენი დედაჩემს?“ რაც მის თავსა და გულში მოხდება, ეს უკვე აღზრდის პროცესია. აღზრდის ქიმია მიმდინარეობს. ბავშვი თავის თავს სჯის, რცხვენია, ერიდება. ცრემლები მეთოდია აღზრდისა და სულსაც წმენდს.

საღამოთი რომ დააწვენ ბავშვს, უთხარი: „შვილო, როგორი მყევხარ. დიდი ბოდიში, რომ დღეს ასე მოხდა და იქნებ ასე ვიცხოვროთ. შენ მასწავლე, როგორ ვიცხოვროთ.“ თუ ბავშვი მუქარით წავიდა: „წადი, ახლავე დახუჭე თვალები, ძილის დროა!“ მისი სული ფორიაქდება. თუ ცუდი ზღაპრები უამბეთ ბავშვს, ვიღაცამ ვიღაც დაგლიჯა, ვიღაც მოიტაცეს, 3-5 წლის ბავშვი ასეთ ზღაპრებს ვერ გაუძლებს, არ შეიძლება. მას რაღაც კეთილი უნდა გაატანო, ლოცვები, იავნანა. შეიძლება ძალიან წყნარი, კარგი მუსიკა ჩაურთოთ ბავშვს,“ - მოცემულ საკითხზე შალვა ამონაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„3 წლის ასაკისთვის უფრო თამამად შეგვიძლია მივცეთ ბავშვს შოკოლადი,“- პედიატრი ია გოგებაშვილი

„3 წლის ასაკისთვის უფრო თამამად შეგვიძლია მივცეთ ბავშვს შოკოლადი,“- პედიატრი ია გოგებაშვილი

პედიატრმა ია გოგებაშვილმა ბავშვის კვებაში შოკოლადის როლის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადრეულ ასაკში მისი მიცემა პატარებისთვის არ შეიძლება:

​ის, რომ შოკოლადი კარგია ბავშვის გონებრივი განვითარებისთვის, არ ნიშნავს იმას, რომ შვიდი თვის ასაკში უნდა მივაწოდოთ მას. შოკოლადი არის გლუკოზის წყარო. გონებრივი განვითარებისთვის გლუკოზა კარგია. თავის ტვინი, მით უმეტეს, განვითარებადი ორგანიზმის თავის ტვინი დღე-ღამეში უწყვეტლივ მოიხმარს გლუკოზას. ამბობენ, რომ თავის ტვინი წუთში 100 მილიგრამ გლუკოზას მოიხმარს. თავის ტვინისთვის ენერგიის ყველაზე დიდი წყარო არის სწორედ გლუკოზა.“

„მარწყვის სიკეთის არ იყოს, პირველივე სეზონზე მოდის შეკითხვები: „მარწყვი რომ მივცე, რა მოხდება?!" მარწყვი ორ წლამდე საერთოდ არ არის სასურველი. შოკოლადი 3 წლის ასაკისთვის უფრო თამამად შეიძლება, შეგვიძლია მივცეთ 2-დან 3 წლამდე. ეს უნდა იყოს შავი შოკოლადი. კაკაოს შემცველი პროდუქტები კალცის ათვისებას და ძვლოვან სისტემაში გადანაცვლებას აფერხებს და ხელს უშლის,“- აღნიშნულ საკითხზე ია გოგებაშვილმა ტელეკომპანია GDS-ის გადაცემაში „შუადღე GDS” ისაუბრა.

წყარო: ​„შუადღე GDS”

წაიკითხეთ სრულად