Baby Bag

„როდესაც ზღვარზე ხარ მისული და უნდა აფეთქდე, სწორედ მაშინ უნდა შეიკავო თავი,“ - შალვა ამონაშვილის რჩევები მშობლებს

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მშობლებს ურჩია, გაბრაზების ზღვარზე ყოფნისას თავი შეიკავონ და ბავშვს არ დაუყვირონ:

„როდესაც ზღვარზე ხარ მისული და უნდა აფეთქდე, სწორედ მაშინ უნდა შეიკავო თავი. მიხვედი ზღვარზე, ახლა დაიყვირებ, ან გააგდებ, ან კუთხეში დააყენებ, ამ ზღვარზე ხარ. იქ უნდა გაჩერდე. უნდა გაითვალისწინო, რომ თვითონ დიდი ხარ და ბავშვი პატარაა. გამოსავალი არის! იმას თუ არ ეყურება, მე ხომ მეყურება. თუ დავეშვები და მისი სიმაღლიდან დავუწყებ ლაპარაკს, ერთმანეთს გავუგებთ. იმის ენაში უნდა შევიდე, იმის მოთხოვნილებებში უნდა შევიდე. უნდა შევიდე მის ხასიათში და მან უნდა მიმიღოს. როდესაც ერთნი გახდებით, იქ შეიძლება უთხრა: „შვილო, ნუ წახვალ გეხვეწები,“ როდესაც მეგობართან უნდა წასვლა ბავშვს, მაგრამ არ გინდა, რომ წავიდეს. ამ დროს ბავშვი გამგები ხდება. ის ასეთი გამგებია თანატოლებთან და არა დიდებთან. მე უნდა გავუხდე ის თანატოლი, რომელიც მას ყველაზე მეტად გაუგებს. ეს გამოსავალია.

როდესაც ზღვარზე ხარ, სადღაც სავარძელი გედგას, გადექი და ატირდი ცრემლებით, ხომ მაინც გეცრემლება გული. შენმა ბიჭმა თუ გოგომ გიყუროს: „რა ვუქენი დედაჩემს?“ რაც მის თავსა და გულში მოხდება, ეს უკვე აღზრდის პროცესია. აღზრდის ქიმია მიმდინარეობს. ბავშვი თავის თავს სჯის, რცხვენია, ერიდება. ცრემლები მეთოდია აღზრდისა და სულსაც წმენდს.

საღამოთი რომ დააწვენ ბავშვს, უთხარი: „შვილო, როგორი მყევხარ. დიდი ბოდიში, რომ დღეს ასე მოხდა და იქნებ ასე ვიცხოვროთ. შენ მასწავლე, როგორ ვიცხოვროთ.“ თუ ბავშვი მუქარით წავიდა: „წადი, ახლავე დახუჭე თვალები, ძილის დროა!“ მისი სული ფორიაქდება. თუ ცუდი ზღაპრები უამბეთ ბავშვს, ვიღაცამ ვიღაც დაგლიჯა, ვიღაც მოიტაცეს, 3-5 წლის ბავშვი ასეთ ზღაპრებს ვერ გაუძლებს, არ შეიძლება. მას რაღაც კეთილი უნდა გაატანო, ლოცვები, იავნანა. შეიძლება ძალიან წყნარი, კარგი მუსიკა ჩაურთოთ ბავშვს,“ - მოცემულ საკითხზე შალვა ამონაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ძალიან მაღიზიანებს, როდესაც სათავსოში კბილის ჯაგრისებია ჩალაგებული და თავზე არ აქვს დაფარებული,“ - მადონა კოიძე ყოველდღიურ ცხოვრებაში ჰიგიენის ნორმების დარღვევის შესახებ

„ძალიან მაღიზიანებს, როდესაც სათავსოში კბილის ჯაგრისებია ჩალაგებული და თავზე არ აქვს დაფარებული,“ - მადონა კოიძე ყოველდღიურ ცხოვრებაში ჰიგიენის ნორმების დარღვევის შესახებ

მომხმარებელთა უფლებების დაცვის ფედერაციის ხელმძღვანელმა მადონა კოიძემ საყოფაცხოვრებო ნივთების გამოყენებისა და განლაგებისას ჰიგიენური ნორმების დარღვევის შემთხვევებზე ისაუბრა:

„ნივთების განლაგების ძალიან ბევრი დეტალია, რომელიც არაჰიგიენურად შეიძლება ჩაითვალოს. ძალიან არ მსიამოვნებს, როდესაც აბაზანაში შევდივარ და ვხედავ, რომ სათავსოში კბილის ჯაგრისებია ჩალაგებული, არ აქვს თავზე დაფარებული და არის საშიშროება, რომ ერთმანეთს მიედონ. ეს ძალიან არასასიამოვნოა. ძალიან არ მიყვარს, როდესაც არის მრავალჯერადი მყარი საპონი და ქაფი არ აქვს მოცილებული. ჯერ საპონს ვრეცხავ და მერე ვიბან ხელს იმიტომ, რომ ჩემთვის ეს გამაღიზიანებელია.“

მადონა კოიძის თქმით, ადამიანმა ყველა დეტალს ყურადღება არ უნდა მიაქციოს:

„ჩემს შვილს რომ მოუსმინო, საერთოდ აუტანელი ვარ. რაღაცებზე თვალი უნდა დახუჭო, რა თქმა უნდა. ვთვლი, რომ ეს ნაწილობრივ პრობლემაც არის. ადამიანმა თავისუფალი სივრცე უნდა დაიტოვო და ყველაფერს არ უნდა მიაქციო ყურადღება.“

„ყველაზე დიდი გარღვევა, სამწუხაროდ, არის სილამაზის სალონებში. არის სერიოზული გარღვევა სტომატოლოგიურ კლინიკებში. ძალიან ბევრი სალონი და კლინიკა მოწესრიგებულია, მაგრამ ბევრს სტერილიზაციის მომენტები აქვს გამოტოვებული. მამაკაცებს როდესაც მოკლედ ჭრიან თმას და კისერს უსუფთავებენ, ღრუბელი აქვთ, რომელსაც იყენებენ. ეს ღრუბელი ხშირად თმით არის გავსებული. საშინელებაა და ძალიან მაღიზიანებს სავარცხლები, თმები რომ აქვს ჩამოკიდებული,“ - აღნიშნულ საკითხზე მადონა კოიძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „დილა ფორმულაზე“ ისაუბრა.

წყარო:​ „დილა ფორმულაზე“

წაიკითხეთ სრულად