Baby Bag

„რაც მეტს იწუწავებს, რაც მეტს გაგრილდება, უფრო კარგად არის ბავშვი,“ - ბავშვთა ნევროლოგი ბაკურ კოტეტიშვილი

ბავშვთა ნევროლოგმა ბაკურ კოტეტიშვილმა მშობლებს ურჩია, რომ სოფელში დასასვენებლად წაყვანილ ბავშვს თავისუფლება მისცენ და ის ზედმეტად არ შეზღუდონ:

„ბავშვები მონატრებულები არიან სოფელს. გაიხსენეთ თქვენი თავი, როდესაც ჩადიოდით სოფელში. პირველ დღესვე ხომ ყველა კუთხე-კუნჭულს მოირბენდით, ყველა ხეზე აძვრებოდით. პირველივე დღეს უნდა ბავშვს, რომ მოამთავროს ყველაფერი. ამ დროს მშობლები ეუბნებიან: რა დროს ეს არის? დაჯექი! ადაპტაცია უნდა ბავშვს, უნდა შეეგუოს, მათი აზრით. გარბიხარ ბავშვებთან, იმიტომ, რომ გენატრება ისინი. ბავშვებს მივცეთ თავისუფლება. ეს ყველაზე მთავარია. ჩვენ უნდა გავყვეთ ბავშვებს ჭიშკარს გარეთ.

ტანსაცმელი იმისთვის არის, რომ დაისვაროს. კიდევ ერთ-ერთი მთავარი არის წყლის ფენომენი. ჩვენ ბავშვობიდანვე წყალს გვიკრძალავენ. ბავშვებს ეუბნებიან: „ბევრი წყალი არ დალიო, საჭმელს ვერ შეჭამ!“ ეს არის აბსოლუტური სისულელე. როგორ უნდა დავლიო ბევრი და იმაზე მეტი, რაც მინდა? რა შუაშია ჭამა წყალთან?! წყალს ხელს შევუშვერდით და რას გვეუბნებოდნენ? „არ დასველდე! გაცივდები!“ ამ დროს გრილდება ბავშვი. მისი ტემპერატურა ჩვენს ტემპერატურაზე ყოველთვის მაღალია. მას გაგრილება უნდა. ხომ წუწაობდით ბავშვობაში?! ამას ვუშლით ბავშვებს. რაც მეტს იწუწავებს, რაც მეტს გაგრილდება, უფრო კარგად არის ბავშვი,“- მოცემულ საკითხზე ბაკურ კოტეტიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო:​ „სხვა შუადღე“

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ ვიყოთ კარგი მშობლები - 6 რჩევა ევგენი კომაროვსკისგან

როგორ ვიყოთ კარგი მშობლები - 6 რჩევა ევგენი კომაროვსკისგან

ცნობილი პედიატრი ევგენი კომაროვსკი მშობლებს საინტერესო რჩევებს აძლევს, რომელიც მათ შვილებთან ურთიერთობის გაუმჯობესებაში დაეხმარება. ევგენი კომაროვსკის რჩევებს უცვლელად გთავაზობთ:

1. მოისმინეთ მეტი და ილაპარაკეთ ნაკლები

​ბავშვის სიტყვების ყურადღებით მოსმენა მას აგრძნობინებს, რომ ის გიყვართ და მას უსმენთ. გარდა ამისა, ეს ბავშვის საჭიროებების უკეთ გაგებაში დაგეხმარებათ.

2. ემოციების მართვა ისწავლეთ

ზოგჯერ ბავშვებს თქვენი ისტერიკამდე მიყვანა შეუძლიათ. სწორედ ამიტომ ნერვული სისტემის მდგომარეობას ძალიან დიდი ყურადღება უნდა დაუთმოთ. თქვენი ემოციური სტაბილურობა ბავშვის ემოციური სტაბილურობის გარანტია.

3. დააწესეთ საზღვრები

ბავშვს წესრიგი ესაჭიროება. როგორც კარგმა მშობელმა, ​აუცილებლად უნდა ასწავლოთ მას წესების მიყოლა, რათა მისი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყოს.

4. ბავშვებს უფლება მიეცით პატარებად დარჩნენ

ბავშვს უფლება მიეცით იყოს „უცნაური,“ აქტიური და ემოციური. დაე, დაუშვას შეცდომები. შემდეგ კი თქვენ აუხსენით, როგორ მოიქცეს მსგავს ვითარებაში სწორად.

5. მიეცით ბავშვს შესაძლებლობა, რომ გამოცდილება შეიძინოს

ბავშვმა უნდა გააცნობიეროს, რომ მის ქცევებს, შესაძლოა, ნეგატიური შედეგები მოჰყვეს. ეს მან თავად უნდა გაიგოს. 

6. ბავშვს სიყვარული გაუზიარეთ

თქვენი ურთიერთობა ბავშვთან მისი მომავალი ურთიერთობების განმსაზღვრელია. როგორ მოექცევა ის საკუთარ თავს, როგორ მოგექცევათ თქვენ, როგორ მოექცევა სხვებს - ეს ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული. ყოველდღიურად ყველაფერი უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ ბავშვს აჩვენოთ რას ნიშნავს სიყვარული და პატივისცემა.

​წყარო

წაიკითხეთ სრულად