Baby Bag

„დედა თავისი შვილის მდგომარეობას დიდ მანძილზე გრძნობს, მას ძალიან ძლიერი კავშირი აქვს შვილთან,“- შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა დედასა და შვილს შორის არსებული განსაკუთრებული კავშირის შესახებ ისაუბრა:

„არის ერთი სამყარო, რასაც ვხედავთ და მეორე სამყარო შენშია. მარტო შენ ხარ შენი შინაგანი სამყაროს ბატონ-პატრონი. იქ უნდა იყოს წესრიგი. დედა თავისი შვილის მდგომარეობას დიდ მანძილზე გრძნობს. ბავშვი რომ სკოლაში მიდის, კარგმა დედამ, რადგანაც გრძნობს ბავშვის მოძრაობას, კარგი თვალი უნდა გააყოლოს. ბავშვი მშვიდად გადავიდა გზაზე, ახლა სკოლასთან მივიდა, აგერ შედის სკოლაში, არაფერი არ მოხდა. ამ თავისი აზრით დაიცვას დედამ ბავშვის გზა. თუ დედა დაიწყებს ფიქრს: „ვაიმე, იქნებ ფეხი წამოჰკრა... ვაიმე, იქნებ წითელზე გადავიდა... თუ „ვაი-ვაით“ გავაცილეთ, ეს „ვაი-ვაები“ შეიძლება მოხდეს ბავშვის თავს. აზრი მატერიალიზებული ხდება.

რაც მეტად ივარჯიშებს ამ საქმეში, მით უფრო მგრძნობიარე გახდება მისი გული. მას მართლა ეცოდინება ბავშვი სად და როგორ არის. დედებს აქვთ ეს, მამებს ეს არ აქვთ. ჭირვეული დედა, გაღიზიანებული დედა, მყვირალა დედა, ამ გრძნობებს ვერ განივითარებს. ამას სიმშვიდე უყვარს, სიყვარული უყვარს და მომავლის ნდობა. ეს არის გრძნობათმცოდნეობა. დედას ძალიან ძლიერი კავშირი აქვს შვილთან, ბიოლოგიური, სულიერი. ბავშვმა გაიარა მისი ყველაფერი. დედასა და შვილს შორის კავშირი იწყება მანამდე, ვიდრე ბავშვი ჩაისახება,“- მოცემულ საკითხზე შალვა ამონაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

ყველა ადამიანისთვის აუცილებლად სანახავი იაპონური დრამა ომის შესახებ, რომელსაც სამყარო მომავალი ომებისგან უნდა გადაერჩინა

ყველა ადამიანისთვის აუცილებლად სანახავი იაპონური დრამა ომის შესახებ, რომელსაც სამყარო მომავალი ომებისგან უნდა გადაერჩინა

სტუდია „გიბლის“ მიერ გადაღებული დრამა „ციცინათელების სამარხი“, რომელიც ომის საშინელებებს აღწერს, დღემდე არ კარგავს აქტუალობას. ანიმე ობოლი და-ძმის მძიმე ხვედრის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის მიწურულს საკუთარი სიცოცხლის გადარჩენისთვის იბრძვიან.

„1945 წლის 21 სექტემბერი, ეს არის დღე, როდესაც მე მოვკვდი,“- ამბობს ფილმის მთავარი გმირი სეიტა. ეს სულისშემძვრელი ფრაზა მთავარი გმირების ბედს ანიმეს დასაწყისისშივე გვამცნობს.

კინოკრიტიკოსმა როჯერ ებერტმა „ციცინათელების სამარხს“ ომის შესახებ გადაღებულ ფილმებს შორის, ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი უწოდა.

ნებისმიერი ომის დროს ტრაგედია გარდაუვალია. იაპონური ანიმე სწორედ იმ საშინელი ტრაგედიის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ბავშვებმა მათ ქალაქზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შემდეგ გადაიტანეს. იმპრესიონისტული ეფექტებით მდიდარი შედევრი აცოცხლებს ადამიანებზე ომის გავლენის დამანგრეველ ძალას.

კინოკრიტიკოსები ლეგენდარული ანიმეს მთავარ დანიშნულებად ადამიანებში ჰუმანისტური დამოკიდებულებების გაღვივებას და მომავალი ომების პრევენციას მიიჩნევდნენ. ფილმი მეორე მსოფლიო ომის მეტაფორაა და ბევრად მეტია, ვიდრე ორი მთავარი გმირის ტრაგიკული სიკვდილის ამბავი. ის შედევრია არა იმიტომ, რომ სევდიანი დრამაა, არამედ იმ გაკვეთილის გამო, რომელსაც ის გვასწავლის.

წყარო: ​Bbc.com

წაიკითხეთ სრულად