Baby Bag

„დედა თავისი შვილის მდგომარეობას დიდ მანძილზე გრძნობს, მას ძალიან ძლიერი კავშირი აქვს შვილთან,“- შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა დედასა და შვილს შორის არსებული განსაკუთრებული კავშირის შესახებ ისაუბრა:

„არის ერთი სამყარო, რასაც ვხედავთ და მეორე სამყარო შენშია. მარტო შენ ხარ შენი შინაგანი სამყაროს ბატონ-პატრონი. იქ უნდა იყოს წესრიგი. დედა თავისი შვილის მდგომარეობას დიდ მანძილზე გრძნობს. ბავშვი რომ სკოლაში მიდის, კარგმა დედამ, რადგანაც გრძნობს ბავშვის მოძრაობას, კარგი თვალი უნდა გააყოლოს. ბავშვი მშვიდად გადავიდა გზაზე, ახლა სკოლასთან მივიდა, აგერ შედის სკოლაში, არაფერი არ მოხდა. ამ თავისი აზრით დაიცვას დედამ ბავშვის გზა. თუ დედა დაიწყებს ფიქრს: „ვაიმე, იქნებ ფეხი წამოჰკრა... ვაიმე, იქნებ წითელზე გადავიდა... თუ „ვაი-ვაით“ გავაცილეთ, ეს „ვაი-ვაები“ შეიძლება მოხდეს ბავშვის თავს. აზრი მატერიალიზებული ხდება.

რაც მეტად ივარჯიშებს ამ საქმეში, მით უფრო მგრძნობიარე გახდება მისი გული. მას მართლა ეცოდინება ბავშვი სად და როგორ არის. დედებს აქვთ ეს, მამებს ეს არ აქვთ. ჭირვეული დედა, გაღიზიანებული დედა, მყვირალა დედა, ამ გრძნობებს ვერ განივითარებს. ამას სიმშვიდე უყვარს, სიყვარული უყვარს და მომავლის ნდობა. ეს არის გრძნობათმცოდნეობა. დედას ძალიან ძლიერი კავშირი აქვს შვილთან, ბიოლოგიური, სულიერი. ბავშვმა გაიარა მისი ყველაფერი. დედასა და შვილს შორის კავშირი იწყება მანამდე, ვიდრე ბავშვი ჩაისახება,“- მოცემულ საკითხზე შალვა ამონაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ჯანმრთელობა თვითრეალიზაციის წინაპირობაა, მაგრამ ეს ცოტაა... სამწუხაროდ, ავიწყდებათ ზნეობრივი იდეალები,“ - პედიატრი ყარამან ფაღავა

„ჯანმრთელობა თვითრეალიზაციის წინაპირობაა, მაგრამ ეს ცოტაა... სამწუხაროდ, ავიწყდებათ ზნეობრივი იდეალები,“ - პედიატრი ყარამან ფაღავა

პედიატრმა ყარამან ფაღავამ პედიატრის როლისა და დანიშნულების შესახებ ისაუბრა:

„პედიატრის განათლება მარტო ის კი არ არის, დიაგნოზი როგორ უნდა დასვა. პედიატრის ამოცანა არის, რომ იყოს აღზრდაში პირველი მრჩეველი მშობლისა და მასწავლებლის. მთავარი არის, რომ ბავშვი აღიზარდოს პატრიოტად, მაღალი ზნეობით და გონიერებით.“

ყარამან ფაღავას თქმით, ჯანმრთელობა თვითრეალიზაციისთვის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა:

„ჯანმრთელობა თვითრეალიზაციის წინაპირობაა, მაგრამ ეს ცოტაა. ​რას არ ლაპარაკობენ, მაგრამ, სამწუხაროდ, ავიწყდებათ ზნეობრივი იდეალები. ზნეობრივი მაქსიმები რომ უნდა იყოს და ბავშვში ეს თავიდანვე უნდა ჩავნერგოთ, ამას ცოტათი ივიწყებენ. ირაკლი ფაღავა ამას ამბობდა.“

„ჩემი სუსტი ადგილი არის ჭკვიანი ბავშვები და ჭკვიანი სტუდენტები. ვერ წარმოიდგენთ, როგორ მიხარია. იცით, როგორი სიამოვნებაა ახალ ინფორმაციას რომ მისცემ, ჩააქსოვ ამას ქადაგების ელემენტებსაც,“ - აღნიშნულ საკითხზე ყარამან ფაღავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად