Baby Bag

„დედა თავისი შვილის მდგომარეობას დიდ მანძილზე გრძნობს, მას ძალიან ძლიერი კავშირი აქვს შვილთან,“- შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა დედასა და შვილს შორის არსებული განსაკუთრებული კავშირის შესახებ ისაუბრა:

„არის ერთი სამყარო, რასაც ვხედავთ და მეორე სამყარო შენშია. მარტო შენ ხარ შენი შინაგანი სამყაროს ბატონ-პატრონი. იქ უნდა იყოს წესრიგი. დედა თავისი შვილის მდგომარეობას დიდ მანძილზე გრძნობს. ბავშვი რომ სკოლაში მიდის, კარგმა დედამ, რადგანაც გრძნობს ბავშვის მოძრაობას, კარგი თვალი უნდა გააყოლოს. ბავშვი მშვიდად გადავიდა გზაზე, ახლა სკოლასთან მივიდა, აგერ შედის სკოლაში, არაფერი არ მოხდა. ამ თავისი აზრით დაიცვას დედამ ბავშვის გზა. თუ დედა დაიწყებს ფიქრს: „ვაიმე, იქნებ ფეხი წამოჰკრა... ვაიმე, იქნებ წითელზე გადავიდა... თუ „ვაი-ვაით“ გავაცილეთ, ეს „ვაი-ვაები“ შეიძლება მოხდეს ბავშვის თავს. აზრი მატერიალიზებული ხდება.

რაც მეტად ივარჯიშებს ამ საქმეში, მით უფრო მგრძნობიარე გახდება მისი გული. მას მართლა ეცოდინება ბავშვი სად და როგორ არის. დედებს აქვთ ეს, მამებს ეს არ აქვთ. ჭირვეული დედა, გაღიზიანებული დედა, მყვირალა დედა, ამ გრძნობებს ვერ განივითარებს. ამას სიმშვიდე უყვარს, სიყვარული უყვარს და მომავლის ნდობა. ეს არის გრძნობათმცოდნეობა. დედას ძალიან ძლიერი კავშირი აქვს შვილთან, ბიოლოგიური, სულიერი. ბავშვმა გაიარა მისი ყველაფერი. დედასა და შვილს შორის კავშირი იწყება მანამდე, ვიდრე ბავშვი ჩაისახება,“- მოცემულ საკითხზე შალვა ამონაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

5 ფილმი, რომელიც გვიჩვენებს, რომ ოჯახი ყველაფერია

5 ფილმი, რომელიც გვიჩვენებს, რომ ოჯახი ყველაფერია

ოჯახის შესახებ გადაღებული შთამაგონებელი ფილმების ყურება ადამიანებს ხშირად არასწორი გადაწყვეტილებების მიღებისგან იცავს და მათთვის სტიმულის მიმცემია. ჩვენს სტატიაში 5 ფილმს გაგაცნობთ, რომელიც დაგარწმუნებთ, რომ ადამიანისთვის ოჯახი ყველაფერია:

1. „ღრუბლებში გასეირნება“

ამ ფილმის ნახვის შემდეგ დაიჯერებთ, რომ ისეთ უნივერსალურ ღირებულებებს, როგორებიცაა სილამაზე და სიყვარული, სამყაროს გადარჩენა ჯერ კიდევ შეუძლიათ. არაჩვეულებრივი მუსიკა, ნიჭიერი მსახიობები და დამაინტრიგებელი სიუჟეტი - ეს ის მიზეზებია, რომელთა გამოც ამ ფილმს აუცილებლად უნდა უყუროთ.

2.  „კრამერი კრამერის წინააღმდეგ“

„კრამერი კრამერის წინააღმდეგ“ ერთ-ერთი საუკეთესო ფილმია, რომელიც იდეალურ ოჯახზე მეოცნებე ახალგაზრდებმა აუცილებლად უნდა ნახონ. ყველა ოჯახს თავისი დრამა აქვს. ეს ყველას უნდა გვახსოვდეს. დასტინ ჰოფმანი და მერილ სტრიპი განქორწინების პირას მყოფ წყვილს თამაშობენ, რომლებიც მოთმინებას და სხვისი ინტერესების საკუთარ სურვილებზე წინ დაყენებას ნელ-ნელა სწავლობენ.

3. ისტორია ჩვენს შესახებ“

ძალიან სენტიმენტალური ისტორია, რომელიც გვასწავლის, რომ უმნიშვნელო დეტალებს ყველაფრის დანგრევა შეუძლიათ, რაც გვაქვს. მიშელ პფაიფერი და ბრიუს უილისი მძიმე ვითარებაში აღმოჩენილ წყვილს თამაშობენ.

4. „მოხატული პირბადე“

უილიამ სომერსეტ მოემის ნოველის მიხედვით გადაღებული ფილმი ქოლერის ეპიდემიის დროს დაბადებულ სიყვარულზე მოგვითხრობს. ფილმის გმირების სიყვარულის ისტორია საოცრად მომხიბვლელია. ფილმის მთავარი სათქმელი შემდეგია: ნამდვილი სიყვარული წამიერი ვნებებით არ იბადება, ის გაგებითა და მოთმინებით იზრდება და ყალიბდება.

5. „შენი, ჩემი და ჩვენი“

ეს დიდებული ფილმი მთელმა ოჯახმა ერთად უნდა ნახოს. არაჩვეულებრივი მსახიობები, ლამაზი მუსიკა და საოცარი იუმორი - სხვა რა უნდა ინატროთ, როდესაც კარგი კომედიური ჟანრის ფილმის ყურება გსურთ?!

წაიკითხეთ სრულად