Baby Bag

„დედა თავისი შვილის მდგომარეობას დიდ მანძილზე გრძნობს, მას ძალიან ძლიერი კავშირი აქვს შვილთან,“- შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა დედასა და შვილს შორის არსებული განსაკუთრებული კავშირის შესახებ ისაუბრა:

„არის ერთი სამყარო, რასაც ვხედავთ და მეორე სამყარო შენშია. მარტო შენ ხარ შენი შინაგანი სამყაროს ბატონ-პატრონი. იქ უნდა იყოს წესრიგი. დედა თავისი შვილის მდგომარეობას დიდ მანძილზე გრძნობს. ბავშვი რომ სკოლაში მიდის, კარგმა დედამ, რადგანაც გრძნობს ბავშვის მოძრაობას, კარგი თვალი უნდა გააყოლოს. ბავშვი მშვიდად გადავიდა გზაზე, ახლა სკოლასთან მივიდა, აგერ შედის სკოლაში, არაფერი არ მოხდა. ამ თავისი აზრით დაიცვას დედამ ბავშვის გზა. თუ დედა დაიწყებს ფიქრს: „ვაიმე, იქნებ ფეხი წამოჰკრა... ვაიმე, იქნებ წითელზე გადავიდა... თუ „ვაი-ვაით“ გავაცილეთ, ეს „ვაი-ვაები“ შეიძლება მოხდეს ბავშვის თავს. აზრი მატერიალიზებული ხდება.

რაც მეტად ივარჯიშებს ამ საქმეში, მით უფრო მგრძნობიარე გახდება მისი გული. მას მართლა ეცოდინება ბავშვი სად და როგორ არის. დედებს აქვთ ეს, მამებს ეს არ აქვთ. ჭირვეული დედა, გაღიზიანებული დედა, მყვირალა დედა, ამ გრძნობებს ვერ განივითარებს. ამას სიმშვიდე უყვარს, სიყვარული უყვარს და მომავლის ნდობა. ეს არის გრძნობათმცოდნეობა. დედას ძალიან ძლიერი კავშირი აქვს შვილთან, ბიოლოგიური, სულიერი. ბავშვმა გაიარა მისი ყველაფერი. დედასა და შვილს შორის კავშირი იწყება მანამდე, ვიდრე ბავშვი ჩაისახება,“- მოცემულ საკითხზე შალვა ამონაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„კოვიდს როდესაც მოვიხდით, ეს ნივთი აუცილებლად უნდა გადავაგდოთ,“ - ლევან რატიანი

„კოვიდს როდესაც მოვიხდით, ეს ნივთი აუცილებლად უნდა გადავაგდოთ,“ - ლევან რატიანი

​​პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „ექიმები“ ის ხუთი მოძველებული ნივთი გაგვაცნო, რომელიც სახლში არ უნდა შევინახოთ:

„არის ხუთი მოძველებული ნივთი, რომელიც ყველა ოჯახში დევს, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ამის მოსმენის შემდეგ ამ ნივთებს აუცილებლად გაიტანთ სახლიდან. პირველი ნივთი არის კბილის ჯაგრისი. როდესაც გავა სამი თვე ან გვაქვს რაიმე ინფექციური დაავადება გადატანილი, ჯაგრისზე, რომელსაც ვხმარობთ, აუცილებლად დაგროვდება ცუდი ბაქტერიები. ​ეს ცუდი ბაქტერიები თავისთავად იწვევენ მეორად ინფექციის განვითარებას არამხოლოდ პირის ღრუში, არამედ მთელს ორგანიზმში. კოვიდს როდესაც მოვიხდით, აუცილებლად უნდა გადავაგდოთ კბილის ჯაგრისი.“

ლევან რატიანის თქმით, ვადაგასული სანელებლები აუცილებლად უნდა გადავყაროთ:

„სახლში ყველას აქვს სანელებლები. ამ სანელებლებს თავისი ბიოლოგიური აქტიურობა გააჩნია გარკვეული პერიოდი, მაგრამ როგორც კი ვადა გასდის, ტოქსიურად მოქმედებენ ჩვენს ორგანიზმზე. თუ მშრალი სანელებლები გვიდევს ნესტიან ადგილზე, ის თავის ბიოლოგიურ თვისებას იცვლის და შეიძლება ჭიებისა და მატლების საბუდარიც კი გახდეს.“

ექიმებმა ასევე ისაუბრეს საოჯახო აფთიაქის დათვალიერების აუცილებლობაზე, რადგან ვადაგასული წამლის სახლში შენახვის საჭიროება არ არსებობს. ლევან რატიანის თქმით, სახლში ძველი აბაზანის ღრუბელიც არ უნდა გვქონდეს:

„თუ აბაზანის ღრუბელი ერთ თვეზე მეტი პერიოდი ვიხმარეთ, მას საფუძვლიანად ვერ გავრეცხავთ.​ მას ემატება ნესტი, ნესტში ხშირად მრავლდება სოკო და ბაქტერიები. შეიძლება ადამიანს შეეჭრას ინფექცია და გამოიწვიოს სხვადასხვა სახის გართულებები.“

„სახლში არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავტოვოთ გაბზარული ჭურჭელი. რეცხვის დროს ბზარის ადგილას აუცილებლად ჩაჯდება ბაქტერია,“ - აღნიშნა ლევან რატიანმა.

წყარო: ​„ექიმები“ 

წაიკითხეთ სრულად