Baby Bag

„დედა თავისი შვილის მდგომარეობას დიდ მანძილზე გრძნობს, მას ძალიან ძლიერი კავშირი აქვს შვილთან,“- შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა დედასა და შვილს შორის არსებული განსაკუთრებული კავშირის შესახებ ისაუბრა:

„არის ერთი სამყარო, რასაც ვხედავთ და მეორე სამყარო შენშია. მარტო შენ ხარ შენი შინაგანი სამყაროს ბატონ-პატრონი. იქ უნდა იყოს წესრიგი. დედა თავისი შვილის მდგომარეობას დიდ მანძილზე გრძნობს. ბავშვი რომ სკოლაში მიდის, კარგმა დედამ, რადგანაც გრძნობს ბავშვის მოძრაობას, კარგი თვალი უნდა გააყოლოს. ბავშვი მშვიდად გადავიდა გზაზე, ახლა სკოლასთან მივიდა, აგერ შედის სკოლაში, არაფერი არ მოხდა. ამ თავისი აზრით დაიცვას დედამ ბავშვის გზა. თუ დედა დაიწყებს ფიქრს: „ვაიმე, იქნებ ფეხი წამოჰკრა... ვაიმე, იქნებ წითელზე გადავიდა... თუ „ვაი-ვაით“ გავაცილეთ, ეს „ვაი-ვაები“ შეიძლება მოხდეს ბავშვის თავს. აზრი მატერიალიზებული ხდება.

რაც მეტად ივარჯიშებს ამ საქმეში, მით უფრო მგრძნობიარე გახდება მისი გული. მას მართლა ეცოდინება ბავშვი სად და როგორ არის. დედებს აქვთ ეს, მამებს ეს არ აქვთ. ჭირვეული დედა, გაღიზიანებული დედა, მყვირალა დედა, ამ გრძნობებს ვერ განივითარებს. ამას სიმშვიდე უყვარს, სიყვარული უყვარს და მომავლის ნდობა. ეს არის გრძნობათმცოდნეობა. დედას ძალიან ძლიერი კავშირი აქვს შვილთან, ბიოლოგიური, სულიერი. ბავშვმა გაიარა მისი ყველაფერი. დედასა და შვილს შორის კავშირი იწყება მანამდე, ვიდრე ბავშვი ჩაისახება,“- მოცემულ საკითხზე შალვა ამონაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ჩვენში მთავარი ყოველთვის არის „მე", „ჩემი ინტერესები," მერე ძალიან უკვირთ, სამყარო რომ სამაგიეროს უხდით ხოლმე," - გია მურღულია

„ჩვენში მთავარი ყოველთვის არის „მე", „ჩემი ინტერესები," მერე ძალიან უკვირთ, სამყარო რომ სამაგიეროს უხდით ხოლმე," - გია მურღულია

​​ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც ქართველი ხალხის სახელმწიფოებრივი და საზოგადო საქმისადმი დამოკიდებულებას აკრიტიკებს. მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

ჩვენში, რატომღაც, ყველაფერი კერძო საპატიო მიზეზია, რომ საზოგადოებისა თუ სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი საქმე არ (ვერ) გააკეთონ.

„მე რომ ექსკურსიაზე მივდივარ?!"

„მე რომ გუშინ კბილი მტკიოდა?!"

„ხვალ რომ ჩემი დაბადების დღეა"?

„უგუნებოდ რომ ვარ?!"

„ბავშვი რომ მყავს დასატოვებელი?!"

„ძალიან რომ ცხელა?!"

„ძალიან რომ ცივა?!"

​„დრო რომ არ მაქვს?!"

„რომ დამავიწყდა?!"

„რა მოხდა - სულ მესამედ დამაგვიანდა!"

„მალე ცოლი რომ მომყავს?!" ("რომ ვთხოვდები?!")

„მე მეგონა, სხვანაირად იყო საჭირო..."

„კი მითხარით, მაგრამ ვიფიქრე, ასე არ უნდა გამეკეთებინა..."

„მე რომ განსაკუთრებული ვარ?!")

მთავარი ყოველთვის არის „მე", „ჩემი განწყობა", „ჩემი ინტერესები", „ჩემი უფლებები", „ჩემი ტანჯვა" და „ჩემი ბედნიერება"...

ჰოდა, მერე ძალიან უკვირთ, სამყარო რომ სამაგიეროს უხდით ხოლმე.

ეს ამბავი ასე მთავრდება:

​„ღმერთმა მიმატოვა", „ბედი არ მაქვს", „ყველა და ყველაფერი ჩემ წინააღმდეგაა..."

კლასიკური ისტორიული რეცეპტი ასეთია:

შეხედე შენ თავს სხვისი თვალებით, გონებით, გულით და დაინახავ, რომ სამყაროს ცენტრში მთლად მარტო შენ არ ხარ - სხვა ადამიანიც არის, საქართველოც, დედამიწაც, "ირმის ნახტომიც" და მთელი სამყაროც.

ხანდახან ცოდნას მნიშვნელობით გამოცდილება აღემატება.

ვიღაც ძალიან მაღლა მდგომმა მაგალითებით ლაპარაკი იცის.

და ამაზე დიდი სკოლა არ არსებობს.

წაიკითხეთ სრულად