Baby Bag

„დედა თავისი შვილის მდგომარეობას დიდ მანძილზე გრძნობს, მას ძალიან ძლიერი კავშირი აქვს შვილთან,“- შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა დედასა და შვილს შორის არსებული განსაკუთრებული კავშირის შესახებ ისაუბრა:

„არის ერთი სამყარო, რასაც ვხედავთ და მეორე სამყარო შენშია. მარტო შენ ხარ შენი შინაგანი სამყაროს ბატონ-პატრონი. იქ უნდა იყოს წესრიგი. დედა თავისი შვილის მდგომარეობას დიდ მანძილზე გრძნობს. ბავშვი რომ სკოლაში მიდის, კარგმა დედამ, რადგანაც გრძნობს ბავშვის მოძრაობას, კარგი თვალი უნდა გააყოლოს. ბავშვი მშვიდად გადავიდა გზაზე, ახლა სკოლასთან მივიდა, აგერ შედის სკოლაში, არაფერი არ მოხდა. ამ თავისი აზრით დაიცვას დედამ ბავშვის გზა. თუ დედა დაიწყებს ფიქრს: „ვაიმე, იქნებ ფეხი წამოჰკრა... ვაიმე, იქნებ წითელზე გადავიდა... თუ „ვაი-ვაით“ გავაცილეთ, ეს „ვაი-ვაები“ შეიძლება მოხდეს ბავშვის თავს. აზრი მატერიალიზებული ხდება.

რაც მეტად ივარჯიშებს ამ საქმეში, მით უფრო მგრძნობიარე გახდება მისი გული. მას მართლა ეცოდინება ბავშვი სად და როგორ არის. დედებს აქვთ ეს, მამებს ეს არ აქვთ. ჭირვეული დედა, გაღიზიანებული დედა, მყვირალა დედა, ამ გრძნობებს ვერ განივითარებს. ამას სიმშვიდე უყვარს, სიყვარული უყვარს და მომავლის ნდობა. ეს არის გრძნობათმცოდნეობა. დედას ძალიან ძლიერი კავშირი აქვს შვილთან, ბიოლოგიური, სულიერი. ბავშვმა გაიარა მისი ყველაფერი. დედასა და შვილს შორის კავშირი იწყება მანამდე, ვიდრე ბავშვი ჩაისახება,“- მოცემულ საკითხზე შალვა ამონაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„არავის არ უნდა მისცე იმის უფლება, რომ შენი შვილის ზნეობრივ და სულიერ აღზრდაში ჩაერიოს. აქ უნდა იყო შეუვალი,“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

„არავის არ უნდა მისცე იმის უფლება, რომ შენი შვილის ზნეობრივ და სულიერ აღზრდაში ჩაერიოს. აქ უნდა იყო შეუვალი,“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ სხვადასხვა თაობათა ერთ ოჯახში თანაცხოვრების შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ბავშვის ზნეობრივ და სულიერ აღზრდაში ჩარევის უფლება მშობლის გარდა არავის აქვს:

„არავის არ უნდა მისცე იმის უფლება, რომ შენი შვილის ზნეობრივ და სულიერ აღზრდაში ჩაერიოს. აქ უნდა იყო შეუვალი აბსოლუტურად. ცოლ-ქმარი და შვილები არის დამოუკიდებელი უჯრედი. სხვა თაობის წარმომადგენლები აღმზრდელობითად მაგალითის მიცემით უნდა ერეოდნენ, მაგრამ ​აქტიური ჩარევით რძალს ან სიძეს რომ უთხრან: „ასე ქენი, ისე ქენი,“ ამის უფლება არ აქვთ. პირადი მაგალითით, სიფაქიზით და სიყვარულით უნდა აძლევდნენ მაგალითს.“

დეკანოზის თქმით, ბავშვის თავისუფლება ჩვილობის ასაკშიც არ უნდა შეილახოს:

„შვილის თავისუფლება ჩვილობიდანაც არ შეიძლება შელახო. ​სწორი აღზრდის მეთოდები შვილს თავისუფლებას არ ართმევს. მშობელი უნდა იყოს ქრისტეს თანამუშაკი. ქრისტე ყველას გვზრდის, მაგრამ ჩვენს თავისუფლებას არ ზღუდავს. ადამიანი იტყვის, რომ ამას სიბრძნე სჭირდება. ადამიანს, რომელიც თავის ცხოვრების წესში უარს იტყვის გველისებრ სიბრძნეზე, ადამიანს, რომელიც იტყვის, რომ არა, მე ასეთი სიბრძნე სად შემიძლია, არ აქვს უფლება იყოს მშობელი, არ აქვს უფლება იყოს მასწავლებელი.“

„ძალადობა არაა საჭირო, მაგრამ აუცილებელია სწორი ორიენტირების მიცემა. ამას სჭირდება სიბრძნე. ეგოისტური აღზრდა კატასტროფაა, როდესაც ​შენ შენი შვილი გინდა იყოს ისეთი, როგორიც შენ გინდა, რომ იყოს. შვილიც ხომ მოყვასია. უფალი გვასწავლის, რომ მოყვასი საკუთარი თავივით უნდა გიყვარდეს. თუ საკუთარი თავი არ გიყვარს, როგორ შეიყვარებ შვილს?! საკუთარი თავი სწორად რომ გიყვარდეს, საკუთარი თავის იდენტიფიკაციას უნდა ახდენდე. თუ ადამიანს მოშივდა, ერთი თეფში საჭმელი აქვთ მას და მის შვილს. თუ ადამიანი საკუთარი თავის იდენტიფიკაციას ახდენს კუჭთან, რას იზამს? შეჭამს თვითონ. თუ შენ ხარ ღვთის ხატი, შესაბამისადაც გიყვარს საკუთარი თავი და შვილიც გიყვარს, როგორც საკუთარი თავი, ანუ ღვთის ხატი. ეგოისტურად შვილი ვეღარ გეყვარება, რადგან ღვთის ხატი და ეგოიზმი ერთად არის გამორიცხული,“ - აღნიშნა მამა თეოდორემ.

წყარო: ​„დეკანოზ თეოდორე გიგნაძის ქადაგებები“

წაიკითხეთ სრულად