Baby Bag

„ყველა გამოცდილმა დედამ იცის, რომ ახალშობილობის პერიოდშიც კი ძალიან ადვილია ბავშვის ჩახურება... შეიძლება რამდენიმე წუთში მოხდეს ეს,“ - ბაკურ კოტეტიშვილი

ბავშვთა ნევროლოგმა ბაკურ კოტეტიშვილმა ბავშვის გადახურების თავიდან არიდების მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„ნერვული სისტემის ძირითადი ფუნქცია არის გადარჩენის სწორი ორგანიზება, ანუ შეგუება და ა.შ. ჩვენ ვართ თბილსისხლიანი არსებები. ჩვენი ორგანიზმი მუდამ გამოიმუშავებს სითბოს. ამის კორექტორი, რა დროს გამოიმუშაოს ორგანიზმმა სითბო, როდის გაზარდოს და შეამციროს, არიც ჩვენი ნერვული სისტემა. ის იღებს უამრავ ინფორმაციას და შემდგომ ამას ამუშავებს. მაგალითად, დამცხა და პირველ რიგში, უნდა გაიხსნას საოფლე ჯირკვლები.

გამომდინარე იქიდან, რომ ბავშვის ტემპერატურა ყოველთვის მაღალია ზრდასრულის ტემპერატურაზე, გაცილებით იოლია მისი გადახურება, ვიდრე ჩვენი. მათი აქტივობა პრაქტიკულად შეუზღუდავია. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ასე არ იყოს და ბავშვებმა არ იმოძრაონ. აქედან გამომდინარე, როგორც კანის ზედაპირზე, ისე შინაგან ორგანოებში ნივთიერებათა ცვლა არის ძალიან მაღალი და ეს ნორმაა. ჩვენთან შედარებით, დაახლოებით 12-ჯერ მაღალია ბავშვის ნივთიერებათა ცვლა. ეს რას ნიშნავს, დაფიქრდით უბრალოდ. ისედაც ცხელა, გამომდინარე აქედან ძალიან მარტივად შეიძლება მათი გადახურება. ეს იმდენად დროზე არ არის დამოკიდებული, რამდენადაც ხარისხზე. შეიძლება მე ნახევარი საათი დამჭირდეს გადახურებისთვის და იმას 10 წუთი.

ყველა გამოცდილმა დედამ იცის, რომ ახალშობილობის პერიოდშიც კი ძალიან ადვილია ბავშვის ჩახურება. შეიძლება რამდენიმე წუთშიც კი მოხდეს ეს. ბავშვის შეფუთვა და იმის შიში, რომ არ შეცივდეს, ეს დაცვითი ინსტინქტია. დაცვის ერთ-ერთი ვარიანტია შვილის გადარჩენა გადაციებისგან. ამაში არაფერი არ არის სავალალო და ეს ყველაფერი სწორია, მაგრამ ძალიან იშვიათად თუ ვინმე ფიქრობს, რომ შვილი დავიცვათ გადახურებისგან. არავინ არ ამბობს: „არ გადახურდეს ბავშვი.“ ერთი არის გაციება, მეორე არის გადახურება. ორივეზე თანაბრად საზრუნავია. სამწუხაროდ, მარტო ცალი მხარე გვახსოვს, შესაბამისად ვცდილობთ, ბავშვს არ მოვაკლოთ შემოსვა,“- მოცემულ საკითხზე ბაკურ კოტეტიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ქმარი არის თავი ცოლისა“ ნიშნავს ქმრის თავგანწირვამდე მისულ ვალდებულებას, იყოს ერთგული ოჯახისა,“- დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ განმარტა რა იგულისხმება სიტყვებში: „ქმარი არის თავი ცოლისა“ და აღნიშნა, რომ ეს კაცის ქალზე ბატონობას არ გულისხმობს:

„ქალისა და კაცის ურთიერთობა... რას ასწავლის ეკლესია? ასეთი ხმა გავრცელდა, რომ ეკლესია ასწავლის, რომ კაცმა უნდა იბატონოს ცოლზე, რომ კაცი არის ქალის თავი და მას აქვს უფლება იბატონოს ცოლზე. ეს არის ნების მიცემა აგრესიაზე, რაც ხდება ოჯახში.

მე შემიძლია გითხრათ, რომ „კაცი არის თავი ცოლისა“ ნიშნავს პასუხისმგებლობას სიყვარულში. როგორც ქრისტე არის თავი ეკლესიისა, ეს რას ნიშნავს? ქრისტე კი არ ბატონობს ეკლესიაზე, არამედ ქრისტე მოკვდა ეკლესიისთვის, თავი გაწირა, სისხლი დაღვარა. „ქმარი არის თავი ცოლისა“ ნიშნავს ქმრის თავგანწირვამდე მისულ ვალდებულებას, იყოს ერთგული ოჯახისა,“ - აღნიშნა დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ.

​წყარო

წაიკითხეთ სრულად