Baby Bag

„გაჩერებულ მანქანაში არც ბავშვის, არც ხანდაზმულის დატოვება არ შეიძლება,“- პედიატრი რუსუდან ჯაში

პედიატრმა რუსუდან ჯაშმა მშობლებს მოუწოდა, არასდროს დატოვონ ბავშვები ან ხანდაზმულები გაჩერებულ მანქანაში:

„მინდა, გაითვალისწინოთ ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც ძალიან ხშირია. როდესაც მშობლებს მიჰყავთ ბავშვები და ერთად მიდიან მანქანით სადღაც, მაღაზიასთან ან სხვა დაწესებულებასთან გააჩერებენ და მანქანაში ტოვებენ ბავშვებს ან თუნდაც ხანდაზმულებს. ეს არის კატასტროფულად საშიში მდგომარეობა. გამორთულ, გაჩერებულ მანქანაში ტემპერატურა ორჯერ უფრო მატულობს და ხანდაზმულებისთვის სასიცოცხლოდ საშიშია მანქანაში დატოვება. სულ ერთია, ფანჯარა ღიაა თუ დახურული. ღია ფანჯარა უარესია კიდევ.

გაჩერებულ მანქანაში არც ბავშვის, არც ხანდაზმულის დატოვება არ შეიძლება, უმჯობესია გადაიყვანოთ. ჩვენთან უკვე ყველა მაღაზია კონდიცირებულია. იქ უფრო გაგრილდება ბავშვი და უფრო ნორმალურად იგრძნობს თავს, ვიდრე მანქანაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრი არ აქცევს ამას ყურადღებას და პირიქით, ჰგონია, რომ უკეთესია ეს მათთვის, ვინც დატოვა მანქანაში, არ შეაწუხა და არ გადაიყვანა. მანქანაში არ დატოვოთ არავინ. ძალიან საშიშია გაჩერებულ მანქანაში სიცხის დროს ყოფნა,“- მოცემულ საკითხზე რუსუდან ჯაშმა რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ რადიო „იმედი“

შეიძლება დაინტერესდეთ

,,რაც მეტია ხალი, მით მეტ კონტროლსა და ყურადღებას მოითხოვს" - დერმატოლოგი

,,რაც მეტია ხალი, მით მეტ კონტროლსა და ყურადღებას მოითხოვს" - დერმატოლოგი

რა უნდა ვიცოდეთ ხალის შესახებ და როგორ უნდა განვასხვავოთ, კეთილთვისებიანია თუ ავთისებიანია წარმონაქმნი - ამის შესახებ დერმატოლოგმა, ნინო ორახელაშვილმა გადაცემაში ,,შუადღე" ისაუბრა.​

,,წარმონაქმნი შეიძლება, იყოს კეთილთვისებიანი ბუნების ან - ავთვისებიანი. კეთილთვისებიანი წარმონაქმნები ძალიან სხვადასხვაგვარია და ისინი ერთმანეთისგან განსხვავდება ფერით, ზომით და ა.შ. ხალიც კეთილთვისებიანი წარმონაქმნია. ის შეიძლება, იყოს ღია ყავისფერიდან შავამდეც კი და მხოლოდ ფერით ვერ განვსაზღვრავთ, კეთილთვისებიანია ის თუ ავთვისებიანი. ფორმაც შეიძლება, მთელი ცხოვრების განმავლობაში იცვლებოდეს. გარდა ამისა, არსებობს თანდაყოლილი და შეძენილი ხალი. თანდაყოლილი პირველი ორი წლის განმავლობაში ვითარდება, შეძენილი კი შესაძლოა, 40 წლამდეც კი ვითარდებოდეს. 

რაც მეტია ხალი, მით მეტ კონტროლსა და ყურადღებას მოითხოვს. თუ ახალწარმონაქმნი ჩვენს სხეულზე დაწყლულებადია - მექანიკური გაღიზიანების გარეშე - ეს საყურადღებოა, ასევე, რომელიც არ ხორცდება გარკვეული პერიოდის განმავლობაში. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ზომაში ცვლილება - დიდი ზომის დიამეტრის ხალი უკვე საყურადღებოა. ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია სუბიექტური შეგრძნებების გათვალისწინება - ქავილი, წვის შეგძრძნება, ტკივილის შეგრძნება - ყველაფერი ეს გვიბიძგებს იმისკენ, რომ ექიმთან მივიდეთ.

შეძენილი ხალის შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია გენეტიკური ფაქტორები, ასევე, ინსოლაცია - ანუ, თუ მზესთან მჭიდრო კონტაქტია. პაციენტები ხშირად გამოყოფენ ხოლმე ამ მდგომარეობას, რომ იყვნენ მზეზე და სხეულზე მოემატათ ახალწარმონაქმნები. მინდა, ხაზი გავუსვა წითელ ხალებს - ეს ძალიან ხშირია, მაგრამ მსურს, დავამშვიდო საზოგადოება, რომ წითელი ხალები კეთილთვისებიანი, სისხლძარღვოვანი წარმონაქმნებია. უბრალოდ, ხანდახან ისინი იწვევს დისკომფორტის შეგრძნებას იმ თვალსაზრისით, რომ რადგან სისხლძარღვოვანი წარმონაქმნებია, შეიძლება, მექანიკური გაღიზიანებით, უბრალოდ, სისხლმდენი იყოს.

დამტკიცებულია, რომ კანის მექანიკური, ერთჯერადი გაღიზიანება ხალს არაფრად არ გარდაქმნის, თუ საქმე არ გვაქვს სისტემატურ გაღიზიანებასთან", - აღნიშნავს ნინო ორახელაშვილი.

წყარო: ​,,შუადღე"

წაიკითხეთ სრულად